logo_geo
გიორგი სააკაძის შთამომავალი, რომელიც დიდი ფიზიოლოგი გახდა
- +

19 ივლისი. 2017. 23:24



„ჩვენ შევიტყვეთ, რომ ჩვენი ქართველი მსწავლული თარხნიშვილი პეტერბურგის საექიმო აკადემიაში ფიზიოლოგიის პროფესორად დაუნიშნავთ, სტუდენტებს აკადემიისას თურმე ძალიან უყვართ თარხნიშვილი და მისი დანიშვნა გახარებიათ. ამით ქართველთაგან ახლა სამი პროფესორია: ერთი ალექსანდრე ცაგარელი პეტრებურგის უნივერსიტეტში, მეორე უფალი პეტრიაშვილი ოდესის უნივერსიტეტში და მესამე თარხნიშვილი", - წერდა გაზეთი „ივერია" 1877 წლის ერთ-ერთ ნომერში.


ეს მესამე პროფესორი, რომელსაც 35 წლის ასაკში უკვე აკადემიკოსის წოდება ჰქონდა მინიჭებული, რადიობიოლოგიის ფუძემდებლად აღიარებული ივანე თარხნიშვილი იყო, რომელზეც ცნობილი რუსი ბიოქიმიკოსი და რადიობიოლოგი ალექსანდრე კუზინი წერდა: „მისი გამოკვლევები რადიაციის ბიოლოგიური მოქმედების შესწავლისადმი მიძღვნილი ნაშრომების საწყისია... შემდგომში ბევრი აღმოჩენა, სენსაცია, მარცხი იყო, მაგრამ ეს გახლდათ საწყისი რადიობიოლოგიის დაბადებისა."


მომავალმა მეცნიერმა ჯერ კიდევ ბავშვობიდან მიიპყრო ყურადღება თავისი ნიჭიერებით. 12 წლის იყო, თარჯიმნობა რომ გაუწია ცნობილ ფრანგ მწერალ ალექსანდრე დიუმას, რომელიც 1858-59 წლებში რუსეთის იმპერიაში მოგზაურობისას სტუმრად ყოფილა ქალაქ ნუხრას მხარის მმართველ თარხან-მოურავთან ოჯახში, პატარა ბიჭის ნიჭით გაოცებულმა კი თავის თხზულება „კავკასიაში" ეს ამბავი ასე აღწერა:


„ბიჭუნას ჰქონდა ზღაპრული იერსახე, რომელიც ჭეშმარიტ ქართველ ტიპს განასახიერებდა. ბიჭუნამ საოცრად იცის ფრანგული ენა... გამაკვირვა გალიციზმმა ამ ბავშვის მეტყველებაში... ეს სასწაული იყო და მე მისით მოხიბლული ვიყავი... ვერც კი ვბედავ, ბავშვი ვუწოდო..."


მართლაც ეს ბავშვი, რომელიც დაიბადა თბილისში, დიდი მოურავის, გიორგი სააკაძის შვილთაშვილის, გენერალ რამაზ თარხან-მოურავის ოჯახში, 10-12 წლის ასაკში უკვე სამ ეროპულ ენას ფლობდა. დაწყებითი განათლება მიიღო თბილისის გიმნაზიაში, შემდეგ კი სწავლა განაგრძო პეტერბურგში. მამის სურვილი, რომელიც მის სამხედრო კარიერაზე ოცნებობდა, არ ასრულდა. ივანე პეტერბურგის უნივერსიტეტში ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე ჩაირიცხა, თუმცა მალევე სწავლა განაგრძო საიმპერატორო სამედიცინო აკადემიაში, სადაც ფიზიოლოგიის კურსს სახელგანთქმული მეცნიერი ივანე სეჩენოვი უკითხავდა. სწორედ მისი ხელმძღვანელობით სტუდენტობის წლებშივე იწყებს ექსპერიმენტულ კვლევებს და სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნებას ფიზიოლოგიის დარგში.


1873 წლიდან სამეცნიერო კვლევებს ატარებს გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, ავსტრიისა და ევროპის სხვა წამყვანი ქვეყნების სამეცნიერო ლაბორატორიებში. ჰოლცისა და ბერნარის ფიზიოლოგიური ლაბორატორიების შემდეგ, იგი ნაყოფიერად მუშობს ჰოპე-ზაილერის ბიოქიმიურ ლაბორატორიასა და რენვიეს ციტომორფოლოგიურ ლაბორატორიაში.


1895 წლის დეკემბერში, როდესაც გერმანელმა მეცნიერმა ვილჰელმ კონრად რენტგენმა, რომელმაც ვიურცბურგის ფიზიკოსთა საზოგადოების საშობაო სხდომაზე თავისი აღმოჩენის (ყ სხივების) შესახებ ამცნო მსოფლიოს, ამ სენსაციური ამბიდან სულ მალე, რუსი ექიმების საზოგადოების ინიციატივით პეტერბურგის ბიოლოგიურ ლაბორატორიაში რენტგენის სხივების შესახებ ცდების ჩატარება დაიწყეს. მეცნიერმა ლესგაფტმა, რომელიც მაშინ პეტერბურგის ბიოლოგიურ ლაბორატორიას ხელმძღვანელობდა, ივანე თარხნიშვილს შესთავაზა, სასიცოცხლო პროცესებზე ყ სხივების შესაძლო გავლენისა და მათზე ბიოლოგიური ცდების ჩატარების შესახებ აზრი გამოეთქვა.


როგორც ქართველი მეცნიერი გაფრინდაშვილი თავის სტატიაში წერს, თარხნიშვილმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა, რომ უპირველესად აუცილებელი იყო, რომ განსაზღვრულიყო, ახდენდა თუ არა გავლენას ყ სხივები ნივთიერებათა ცვლაზე ცხოველური და მცენარეული ორგანზმების განვითარების მიმდინარეობაზე და ცოცხალი ორგანიზმებისა და ქსოვილების აღგზნებადობაზე. ეს პირველი ფართო რადიობიოლოგიური პროგრამა იყო, რომლის განხორციელებასაც ქართველი მეცნიერი დაუყოვნებლივ შეუდგა.

 

„რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ფიზიოლოგიურ ლაბორატორიაში ყ სხივების მისაღები დანადგარები არ იყო. მკვლევარმა ზაფხულის არდადეგები გამოიყენა, როცა ფიზიკის ლაბორატორიაში ეს დანადგარები თავისუფალი იყო. ზაფხულის დასვენებაზე უარი თქვა და 1896 წლის სექტემბერში გამოჩნდა საზაფხულო „რენტგენის ექსპედიციის" პირველი შედეგები; ასე უწოდეს სამეცნიერო წრეებში თარხნიშვილის ამ ცდას. პეტერბურგის ბიოლოგიური ლაბორატორიის „მაცნეში", შემდეგ უკვე ბოტკინის საავადმყოფოს გაზეთის ორ ნომერში დაიბეჭდა სამი სტატია, სადაც ეწერა: "ყ სხივებით შესაძლებელია არა მარტო ფოტოგრაფირება და დიაგნოსტირება, როგორც ეს აქამდე იყო ცნობილი, არამედ სასიცოცხლო პროცესებზე გავლენის მოხდენაც. არ გაგვიკვირდება, თუ ახლო მომავალში ამ სხივებს სამკურნალო მიზნით გამოიყენებენ", - წერს მეცნიერი და დასძენს, რომ თარხნიშვილმა, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა შეისწავლა ორგანიზმზე რენტგენის სიხივების მოქმედება, შესაძლებლად მიიჩნია მათი გამოყენება ავთვისებიანი სიმსივნის სამკურნალოდ.


გარდა ამ მიღწევისა, თარხნიშვილის სამეცნიერო აქტივში სხვა უამრვი აღმოჩენაა, კერძოდ, მის მიერ ადამიანის კანში ელექტრომამოძრავებელი ძალების აღმოჩენა, მსოფლიო სამედიცინო ლიტერატურაში „თარხანოვის ფენომენით" რომ არის შესული და რომელზეც დიდი ივანე ბერიტაშვილი მოგვიანებით იტყვის: „თარხანოვის ფენომენი სამუდამოდ დარჩება ფიზიოლოგიასა და მედიცინაში, როგორც უდიდესი თეორიული და პრაქტიკული მნიშვნელობის მქონე აღმოჩენა".


ქართველი მეცნიერის მიერ ასევე შესწავლილი იქნება ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციები, მათ შორის - ძილისა და ჰიპნოზის მოვლენები, ორგანიზმზე გარემოს ზემოქმედების გავლენა. პეტერბურგის სამხედრო-სამედიცინო აკადემიის ფიზიოლოგიის კათედრაზე მან ერთ-ერთმა პირველმა შეისწავლა ცნობილი გერმანელი მცენიერის, კლინიკური ბიოქიმიის ფუძემდებელ ფრიდრიხ თეოდორ ფრერიხის მეთოდით საჭმლის მომნელებელი და შეწოვის ფიზიოლოგიის საკითხები. როგორც ამბობენ, ამ თემაზე მუშაობდა ფრერიხის მოწაფე ბერნარდ ნაუნინიც. ორ მეცნიერს შორის გაიმართა მწვავე პოლემიკა, რომელიც ევროპის წამყვან სამეცნიერო ჟურნალებში მრავალი წლის განმავლობაში იმართებოდა. საბოლოოდ კი გაიმარჯვა თარხნიშვილის მოსაზრებამ, რაც დიდი სიამაყით აღნიშნა ჰოპე ზაიფერდმა 1876 წელს თავის მონოგრაფიაში.


გერმანიაში ყოფნის დროს ჰოპ-ზაიფერდის ფიზიოლოგიურ ლაბორატორიაში თარხნიშვილმა დაამუშავა ნაღვლის პიგმენტის წარმოშობის საკითხიც. 1900 წელს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე ივანე თარხნიშვილი „საპატიო ლეგიონის" ორდენით დააჯილდოვეს. 1901 წელს იგი მიიწივეს ბრიუსელში ფიზიოლოგიაში ლექციების წასაკითხად. 1904 წელს, პირველად რუსეთში, ცარსკოე სელოში თარხნიშვილის მიერ შესწავლილი იქნა ჰაერის რადიოაქტივობა.


ივანე თარხნიშვილი 62 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი დაკრძალულია პეტერბურგში, ტიხვინის სასაფლაოზე, ალექსანდრე ნეველის ლავრაში. მისი დაკრძალვის ცერემონიაზე სიტყვა წარმოთქვა ცნობილმა რუსმა ფიზიოლოგმა ივანე პავლოვმა, რომელიც 1909 წელს ასევე თავმჯდომარეობდა ივანე თარხნიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ საზეიმო საღამოს, პასტერის ინსტიტუტში კი ივანე თარხნიშვიის ბიუსტი დაიდგა.



 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი