logo_geo
სტალინის ცოლის თვითმკვლელობის საიდუმლოებები
- +

27 სექტემბერი. 2017. 00:05


დიდი დიქტატორი - იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილი, რომელსაც მთელი მსოფლიო სტალინად იცნობს, ორჯერ იყო დაქორწინებული: მისი პირველი მეუღლე ეკატერინე (ეკა) სვანიძე იყო, მეორე - ნადეჟდა ალილუევა. როგორც თანამედროვენი გადმოგვცემენ, იოსებ სტალინს მეორე ცოლი უფრო უყვარდა და მისი სიკვდილი (1932 წელს ნადეჟდა ალილუევამ თავი მოიკლა) ძლიერ განიცადა. კრემლში გავრცელდა ხმები, თითქოს ნადეჟდა ალილუევა აიძულეს, თავი მოეკლა. სხვათა შორის, ეს ვერსია საკმაოდ სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა - ნადეჟდა ალილუევას სიკვდილის საიდუმლოების ამოხსნას ისტორიკოსები ამჟამადაც ცდილობენ.


იოსებ ჯუღაშვილი და ნადეჟდა ალილუევა 1918 წელს შეუღლდნენ. მანამდე კი ისინი წელიწადზე მეტხანს იყვნენ შეყვარებულები. საბჭოთა კავშირის დანგრევისა და კრემლის საიდუმლო არქივების გახსნის შემდეგ გამოირკვა, რომ თავის დროზე სერგეი ალილუევი - ცნობილი რევოლუციონერი, ნადეჟდას მამა - წინააღმდეგი იყო თავისი ქალიშვილის ჯუღაშვილზე დაქორწინებისა. ამის მიზეზი ძალზე ბანალური გახლდათ - სტალინი ქვრივი იყო და პირველი მეუღლისგან ვაჟიშვილი ჰყავდა. ამას ახალგაზრდებისათვის ხელი არ შეუშლია, მაგრამ ნადეჟდას მამა მტკიცედ იდგა თავისაზე, სანამ იოსებ ჯუღაშვილმა, როგორც იტყვიან, ფაქტის წინაშე არ დააყენა - მან ნადეჟდა უბრალოდ მოიტაცა და სასიმამრო იძულებული გახადა, მომხდარს შერიგებოდა.


იოსებ ჯუღაშვილი რომ გაიცნო, ნადეჟდა ალილუევა 17 წლის იყო. იმხანად იოსები ახალი დაბრუნებული იყო გადასახლებიდან და მთელი თავისი არსებით რევოლუციას ემსახურებოდა. წითლები პეტროგრადში იყვნენ გამაგრებულნი, ხოლო სხვა ქალაქებში ხელისუფლება ყოველდღე თუ არა, ყოველკვირა მაინც იცვლებოდა - ის ხან წითლების ხელთ იყო, ხან კი - თეთრების. იოსებ ჯუღაშვილი მაშინ უკვე ცნობილი იყო, როგორც "სტალინი" და შორეული ტურუხანსკიდან დაბრუნებული, სერგეი ალილუევთან ცხოვრობდა.

რევოლუციონერი სერგეი ალილუევი ვორონეჟელი რუსი იყო, მაგრამ დიდხანს უცხოვრია თბილისში; ცოლადაც თბილისელი რუსი ქალი ჰყავდა და მისი ორივე შვილიც აქ იყო დაბადებული. შესაბამისად, ქართული ყველამ იცოდა და სტალინიც ალბათ ამიტომ დაუახლოვდა მათ ყველაზე მეტად. გარდა ამისა, ალილუევი ლენინის ახლო მეგობარი იყო და ღვაწლმოსილ რევოლუციონერადაც მიიჩნეოდა. იოსები იმხანად პატარა აღარ იყო - 40 წლის ხდებოდა და სერგეი ალილუევი ვერც წარმოიდგენდა, თუ მის 17 წლის ქალიშვილთან სერიოზულ ურთიერთობას გააბამდა. მით უმეტეს, სტალინი სანიმუშო რევოლუციონერი იყო და პირველი მეუღლის სიკვდილის შემდეგ ქალი საერთოდ არ ჰყოლია.


როგორც ჩანს, სწორედ სტალინის სანიმუშო რევოლუციონერობამ მოხიბლა ახალგაზრდა ნადეჟდა, რომელიც წითლებს თვითონაც თანაუგრძნობდა და მამასთან ერთად რევოლუციურ საქმეებში აქტიურად იყო ჩაბმული. ის იყო გამხდარი, შავგვრემანი გოგონა, ნაკლებად ფოტოგენური სახით, თუმცა უდავოდ ეშხიანი და რაც ყველაზე მთავარია - ჭკვიანი. იოსებ სტალინს დანახვისთანავე ძალიან მოეწონა ნადეჟდა და პირველივე ჯერზე, როდესაც ალილუევებთან სტუმრად მივიდა (ჯერ არ ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ მათთან იცხოვრებდა), ბლომად დალია ღვინო, რომ მასპინძელს აღარსად გაეშვა და ღამე მათთან გაეთენებინა. თანამედროვეთა გადმოცემით, იმ საღამოს იოსები ნადეჟდას თვალს არ აშორებდა და ჭიქას ჭიქაზე ცლიდა. სტალინისა და ნადეჟდას ქალიშვილი, სვეტლანა ალილუევა მემუარებში წერდა: "მამა ღვინოს ყოველთვის ზომიერად სვამდა და არასოდეს თვრებოდა; მაშინ მან ზომაზე მეტი დალია და

ბაბუას თავი ისე მოაჩვენა, თითქოს ძალიან


მთვრალი იყო, თუმცა არ დამთვრალა... ამ შემთხვევას დედა ყოველთვის ღიმილით იხსენებდა". ერთი სიტყვით, სტალინმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ალილუევების ოჯახში დარჩენილიყო.


სხვათა შორის, დღესდღეობით ბევრი რუსი ისტორიკოსი ამტკიცებს, რომ იოსებ სტალინს თავიდან სულაც არ სურდა ნადეჟდა ალილუევაზე დაქორწინება, რადგან სერიოზული გრძნობები არ ჰქონდა. ეს თვალსაზრისი სწორი არ არის - იოსები თავიდანვე იმდენად მოიხიბლა ნადეჟდათი, რომ თითქმის მაშინვე სთხოვა ცოლობა; ამას ადასტურებს ერთ-ერთი ლატვიელი მსროლელის, სერგეი ალილუევის ახლო მეგობრის - იუოზას კალნინშის მოგონება; კალნინში იმ დღეს იმავე სუფრის წევრი იყო: "სუფრაზე სტალინმა მოილხინა და ბევრი დალია. მერე სტუმრები აივანზე გამოვედით და მანაც სწორედ ამ დროს დაიმარტოხელა ნადეჟდა. მე ოთახიდან ყველაზე ბოლოს გამოვედი და გავიგონე, თუ როგორ ეუბნებოდა სტალინი მას - თქვენ აუცილებლად ჩემი ცოლი გახდებითო". იუოზას კალნინშმა ღრმა სიბერემდე იცოცხლა და 1988 წელს, 100 წლის ასაკში, ქ. რიგაში გარდაიცვალა. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, ლატვიელმა ჟურნალისტებმა მის შესახებ ფილმი გადაიღეს და ხსენებული მოგონებაც იმ ფილმში ჩართეს.

ერთი სიტყვით, მეორე ცოლი სტალინს ყველაზე მეტად უყვარდა და ეს მისმა მტრებმაც იცოდნენ. უპირველეს ყოვლისა, ეს იცოდა ტროცკიმ და ცდილობდა, სტალინისთვის სწორედ ამ მხრიდან მიეყენებინა დარტყმა: ბევრჯერ შეეცადა, ნადეჟდა ალილუევა გადაებირებინა ან მასზე ბინძური ჭორები მაინც აეგორებინა, მაგრამ ამაოდ: ნადეჟდას გულწრფელად უყვარდა სტალინი და არც ჭორების აგორების საფუძველს იძლეოდა.


თანამედროვეთა გადმოცემით, ლევ ტროცკი ნადეჟდა ალილუევას ჯერ კიდევ მანამდე იცნობდა, ვიდრე გოგონა სტალინს შეხვდებოდა. სავარაუდოა ისიც, რომ ნადეჟდა მასაც მოსწონდა, თუმცა თანაგრძნობა რომ ვერ მოიპოვა, დაიბოღმა. შემდეგ ისიც დაემატა, რომ ნადეჟდამ სტალინი გაიცნო და შეუყვარდა: "საერთოდ, მე ვცდილობ, წონასწორობა არ დავკარგო და მგონი, ვახერხებ ამას... მაგრამ თუ შენ მაგ ებრაელს გაჰყვები, გეფიცები, ქორწილშივე დაქვრივდები!" - უთქვამს სტალინს ალილუევასთვის და გოგონასაც აღუთქვამს, რომ მის გარდა ცოლად არავის გაჰყვებოდა. ეს ყველაფერი ტროცკიმ, როგორც იტყვიან, ძაღლის ნაკბენივით დაიმახსოვრა და სამაგიეროს გადასახდელად ხელსაყრელ დროს დაუწყო ლოდინი.


აღსანიშნავია ისიც, რომ სტალინის მეორე ცოლს ერთი საგულისხმო თვისება ჰქონდა, რომელიც დიდ დიქტატორს ცოტა არ იყოს, აღიზიანებდა კიდეც: კერძოდ, ის ძალზე კომუნიკაბელური იყო და ადვილად უახლოვდებოდა ადამიანებს. ამასთანავე, ვერ წყვეტდა ურთიერთობას ძველ ნაცნობებთან, რომლებიც საბჭოთა კავშირში მიღებულ იდეოლოგიას აღარ იზიარებდნენ. მაგალითად, ნადეჟდას ისევ კარგი ურთიერთობა ჰქონდა ტროცკის დასთან - მაშასთან, რომელიც სტალინის გაცნობამდე მისი ახლო მეგობარი იყო. სტალინი ამის გამო გულისწყრომას ვერ მალავდა და როდესაც 1929 წელს ტროცკი საბჭოთა კავშირიდან გააძევა, მისი და ციმბირში გადაასახლა "მიმოწერის უფლების გარეშე".

მიუხედავად ამისა, ტროცკი საზღვარგარეთიდან მაინც ხლართავდა ინტრიგებს და ნადეჟდა ალილუევას წინააღმდეგ ძირგამომთხრელ ქმედებებს არ ეშვებოდა - ის საბჭოთა კავშირში დარჩენილ მომხრეთა მეშვეობით ცდილობდა, როგორმე თავისი გაეტანა და ნადეჟდა ალილუევასა და სტალინს შორის განხეთქილება ჩამოეგდო. აქ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ტროცკი ასე მხოლოდ იმიტომ კი არ ცდილობდა, რომ ნადეჟდა ოდესღაც უყვარდა, არამედ იმიტომაც, რომ უპირველეს ყოვლისა, სტალინის დასუსტება სურდა - მოუწესრიგებელი პირადი ცხოვრება არათუ პოლიტიკოსს, არამედ ნებისმიერ ადამიანს აფერხებს. აქედან გამომდინარე, ლევ ტროცკი ბევრს აკეთებდა იმისთვის, რომ სტალინის ოჯახში თავისი აგენტურა ჩაენერგა.


გასული საუკუნის 30-იანი წლების დასაწყისში, დიდი დიქტატორის ოჯახი კრემლში ძალიან მოკრძალებულად ცხოვრობდა - თანამედროვეთა გადმოცემით, სტალინს, ნადეჟდას, მათ ორ შვილსა და სტალინის უფროს შვილს - იაკობს ეკავათ სულ ორი ოთახი - მისაღები და საძინებელი. ამასთან, იაკობის კუთხე უბრალო ზეწრით იყო გამოყოფილი სხვათაგან; მის იქით ერთი უბრალო გასაშლელი ტახტი იდგა, რომელზეც იაშას (ასე ეძახდნენ მოფერებით სტალინის უფროს ვაჟს) ეძინა ხოლმე. სტალინის ოჯახმა 1931 წელს აიყვანა მნე ქალიც - ტამბოველი ეველინა პარფიონოვა, რომელიც მანამდე ერთ-ერთ ფაბრიკაში მუშად მუშაობდა და პირადად სტალინის სურვილით გამოიძახეს კრემლში.

ეველინა პარფიონოვას პიროვნება ერთი შეხედვით, ეჭვს არ იწვევდა, მაგრამ სტალინის უფროსი ვაჟი - იაკობი მაინც ეჭვის თვალით უცქერდა მას და ნაკლებად ენდობოდა. იმხანად საბჭოთა კავშირში მორწმუნეებს ძლიერ დევნიდნენ და ავიწროებდნენ, ამიტომაც იაკობის შემხედვარე, ყველა მიიჩნევდა, რომ სტალინის ვაჟი მნე ქალს სწორედ ამ მიზეზის გამო უყურებდა უნდობლად - პარფიონოვა სტაროვერი იყო და ამას არც მალავდა.

სინამდვილეში ეველინა პარფიონოვას ნამდვილი გვარი და სახელი იყო ირენა გრუნტმანი. წარმოშობით ის ვოლგისპირელი გერმანელი იყო და საბჭოთა კავშირში დარჩენილ ტროცკისტთა შორის, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფიგურას წარმოადგენდა. ტროცკიმ, რომელიც იმხანად თურქეთში იმყოფებოდა, ირენა გრუნტმანს შეუთვალა, რომ დაუყოვნებლივ შეეღწია სტალინის ოჯახში და ჯერ იქაური ვითარება შეესწავლა სათანადოდ, მერე კი ნადეჟდა ალილუევას დისკრედიტირება მოეხდინა: "სალამი და კარგად ყოფნა ამ წერილის წამკითხველს! გულითადად მოგიკითხავთ და გთხოვთ, ყურად იღოთ ერთი ჩვენი საერთო ნაცნობის თხოვნა, რომლის ასრულებაც მეტისმეტად მნიშვნელოვანია", - ასე ჟღერდა დაშიფრული წერილი, რომელიც ირენა გრუნტმანს 1930 წლის დასაწყისში უცნობმა მამაკაცმა გადასცა. ტროცკის გეგმა ასეთი იყო: ირენას უნდა შეეღწია კრემლში, სტალინის ოჯახში; მოეპოვებინა ოჯახის წევრების ნდობა და როგორმე უთანხმოება ჩამოეგდო სტალინსა და ნადეჟდას შორის. თანაც, მათი ურთიერთობების დეტალები საზღვარგარეთ ტროცკისთვის უნდა ეცნობებინა; ის კი, თავის მხრივ, მიღებულ ინფორმაციას ყვითელ პრესას მიჰყიდდა.


საინტერესოა, რომ ირენა გრუნტმანმა სტალინის ოჯახში ნადეჟდას ძმის - პავლეს მეშვეობით შეაღწია: ისინი ერთმანეთს საერთო ნაცნობებმა გააცნეს. პავლე ალილუევი გამოუსწორებელი მექალთანე იყო და ლამაზი, ცისფერთვალება ქალი გულში ჩაუვარდა. ირენა-ეველინა ერთხანს არც კი ელაპარაკებოდა მას, მერე კი იმ პირობით დათანხმდა, თუ პავლე რაიმე სტაბილურ სამსახურს უშოვიდა "სადმე კარგ ადგილას". პავლე ალილუევს არაფერი უეჭვია, ისე გაუწია რეკომენდაცია ეველინა პარფიონოვას სიძესთან. "ტამბოველი ქალი" სტალინს ძალიან მოეწონა და მაშინვე აიყვანა მნედ.


ეველინა პარფიონოვამ ტროცკის დავალების ზედმიწევნით შესრულება ვერ მოახერხა, რადგანაც ნადეჟდას სტალინი ძალიან უყვარდა და ფაქტობრივად, საკუთარი თავისთვის ვერც კი იცლიდა; ვერც სტალინთან დაახლოება შეძლო, რადგან დიდი დიქტატორი ოჯახში თითქმის არ იყო ხოლმე. ამიტომ, ბოლოს გადაწყვიტა, რომ ნადეჟდა ალილუევა იმ დროისათვის "სასწაულმოქმედად" მიჩნეული დარიშხანით მოეწამლა ისე, რომ მოსალოდნელი ლეტალური შედეგი უბედურ შემთხვევას დამსგავსებოდა. 1931 წლის სექტემბრიდან, მნე ქალმა ნადეჟდა ალილუევას ნელ-ნელა დაუწყო დარიშხანის მცირე დოზებით მიცემა. ცნობილია, რომ დარიშხანს მომწამვლელი ეფექტი აქვს მხოლოდ მაშინ, როცა ორგანიზმში მისი დოზა დასაშვებ მაჩვენებელს გადაამეტებს. ამ დროს მოწამვლის ძირითადი ნიშნებია - წყურვილი, მწვავე შაკიკი და ისტერიკული შეტევები გონების სრულ დაბინდვამდე. ეველინა პარფიონოვამ ეს ყველაფერი კარგად იცოდა და არც გასჭირვებია დასახული მიზნის მიღწევა.

მართლაც, 1932 წლის დასაწყისიდან, ნადეჟდა ალილუევას ძლიერი თავის ტკივილები დაეწყო და წყურვილიც ტანჯავდა. ისეთ დღეში ვარდებოდა ხოლმე, რომ დამამშვიდებლის გარეშე ვერ აწყნარებდნენ. ამასთან, ანალიზები მოწამვლის კვალს, როგორც წესი, არ აჩვენებდა და ყველა საგონებელში იყო ჩავარდნილი. სხვათა შორის, მნე ქალმა რამდენჯერმე შეძლო ნადეჟდა ალილუევას დაწყნარება დამამშვიდებლის გარეშე - სტალინის მეუღლეს ფორთოხლის წვენისა და ნუშის ყვავილების ნახარშის ნაზავი დაალევინა, რაც წყურვილს კლავს და ტკივილს აყუჩებს, მაგრამ დარიშხანთან რეაქციაში შედის და სხეულში შენელებული მოქმედების ნაღმივითაა. ამ დროს საკმარისია, დარიშხანის დოზა ოდნავ გაიზარდოს და ყველაფერი ლეტალური შედეგით მთავრდება.


პარფიონოვა ძალზე გამოზომილად მოქმედებდა და ნადეჟდა ალილუევასთვის დარიშხანის დოზა მანამ არ გაუზრდია, სანამ ხელსაყრელი დრო არ დადგა - როცა კრემლში ხმა გავრცელდა, რომ სტალინის მეუღლე ავად იყო და დროდადრო ისტერიკული შეტევებით იტანჯებოდა, მნე ქალმა გადამწყვეტი ნაბიჯიც სწორედ მაშინ გადადგა: მან დარიშხანი ვაშლის ღვეზელში შეურია და მოვლენათა განვითარებას დაელოდა.


ნადეჟდა ალილუევამ ვაშლის ღვეზელი 1932 წლის 8 ნოემბერს, საღამოს 19:00 საათზე მიირთვა და პარფიონოვას გაკეთებული სასმელიც ბლომად დააყოლა. სულ რაღაც ერთ საათში მას ისეთი შეტევა დაეწყო, რომ დამამშვიდებლებმაც კი ვერაფერი უშველა. ნადეჟდას გონება ისე დაებინდა, რომ სივრცესა და დროში ორიენტაცია დაკარგა და მთელი ხმით დაიწყო ყვირილი, - სახლში წამიყვანეთო. მერე თითქოს ოდნავ დაწყნარდა და ეველინამ თავის საწოლ ოთახში შეიყვანა. სწორედ იმ დროს, როცა მნე ქალი ოთახიდან გამოდიოდა, მოულოდნელად გასროლის ხმა გაისმა. ყველანი ნადეჟდასთან შეცვივდნენ, მაგრამ უკვე გვიანი იყო - სტალინის მეუღლეს სიცოცხლის ნიშანწყალიც აღარ ეტყობოდა: მას მცირე ზომის "ვალტერით" (რომელსაც სულ თან ატარებდა) თავი მოეკლა - ტყვია შიგ გულში იყო გავლილი.


აღსანიშნავია, რომ ალილუევას სიკვდილის შემდეგ კრემლში გავრცელდა ჭორები, თითქოს ნადეჟდა თავად სტალინმა, ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა, რადგან ამბავი მიუტანეს, რომ ცოლი მას ბუდიონთან, ბუხარინთან და სხვებთან ღალატობდა. ეს ვერსია ერთ-ერთ საზღვარგარეთულ გაზეთშიც გამოქვეყნდა და სტალინი მიხვდა, ვისი ხელი ერია ამ ყველაფერში - 1932 წელს ლევ ტროცკის მან საბჭოთა მოქალაქეობა ოფიციალურად ჩამოართვა და "ხალხის მტრად" შერაცხა, ხოლო ამის შემდეგ ეველინა პარფიონოვას - იმავე ირენა გრუნტმანის ძებნას შეუდგა, თუმცა ყოფილი მნე ქალი უკვე გაუჩინარებული იყო. მის ნაცვლად სტალინმა ცოლისძმა - პავლე დაიჭირა და გადაასახლა; მერე კი ტროცკის მოსაკლავად გეგმის დაწყობას შეუდგა...


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი