logo_geo
„გამიშვით წინ! მე ვაჩვენებ მაგალითს ქართველობას!“
- +

28 დეკემბერი. 2017. 10:57


 

ჩვენ ანტიკური ერი ვართ, ძველი ცივილიზაციისა, როგორ შეგვიძლიან მივიღოთ უცხოელთა უღელი, რომლებიც გაცილებით ჩვენზე დაბლა დგანან და გვიპყრობენ მხოლოდ თავის ტლანქი და პრიმიტიული სიმრავლით ?!


27 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია "ყოველთა ახალმოწამეთა, ტოტალიტარული რეჟიმის დროს ურწმუნოთაგან წამებულთა" ხსენების დღეს აღნიშნავს. 1923 წლის 20 მაისს ბოლშევიკების მიერ დახვრეტილ ქართველებზე მასალებს ვეძებდით და ემიგრანტულ პრესაში ისეთ მარგალიტებს გადავაწყდით, რომ სიამოვნებით გვსურს თქვენც შემოგთავაზოთ. 1924 წლის აჯანყებაში მრავალი ვაჟკაცი მონაწილეობდა, მათ შორის თურმე ქართველი ქალებიც იყვნენ. პარიზში გამომავალ გაზეთ "დამოუკიდებელი საქართველოს" 1926 წლის #12-ში დაიბეჭდა შალვა ამირეჯიბის სტატია "მზექალა". ამ ხევსური ქალის ამბავს რედაქცია 1932 წლის #79-შიც იხსენებს და თავის ფურცლებზე ბეჭდავს ფრანგულ გაზეთ "მატენში" იმავე წლის ივლისში გამოქვეყნებულ ლუის ფორესტის სტატიას. გთავაზობთ ორივე წერილს:

მზექალა

აი, რა მიამბო ქაქუცა ჩოლოყაშვილმა, ქართველი შეფიცულების ბელადმა:


- ეს იყო ხევსურეთის აჯანყების დროს, 1922 წლის სექტემბერში. ქალაქ დუშეთთან შეტაკების შემდეგ ხევსურეთში გადავედი. ხევსურებმა სიხარულით მიმიღეს. უნდა იცნობდეთ მთის ამ ქართველებს, გამოცდილებს ომში და მოსიყვარულეთ თავის ქვეყნისა, რომ გაიგოთ, რა უცბად აღმითქვეს დახმარება. ჩემი სახელი გაგონილი ჰქონდათ. ამას გარდა, ჩვენს გვარს მუდამ ჰქონდა პატივი ამ ხალხში, რადგან ისტორიულად ჩოლოყაშვილები ამ კუთხის მოურავები იყვნენ. ამ ქვეყანაში ყველაფერი ძველის წესებით იმართება და ხალხის უფროს პირებად ითვლებიან არა მთავრობის მოხელენი, მით უმეტეს რუსები, არამედ დეკანოზები და გვარის უხუცესნი. ისინი მოვიდნენ და მითხრეს, მზად ვართ რუსებისთვის წინააღმდეგობის გასაწევადო.


ვის უნახავს ეს ქვეყანა? ვის უნახავს მისი მთები, შეფენილი მწვანით, ზედ ასულის ბილიკებით და იქიდგან დაქანებული ნაკადულებით!.. ხალხი დღესაც რკინის პერანგს და ჩაფხუტს ატარებს, იცის ფარიკაობა და გულზე ჯვარი აქვს ამოკერილი, ნიშანი, რომ მათი მამა-პაპანი ჯვაროსანთა ომებში ყოფილან.


საღამო ხანს ჩემს თვალებს საუცხოო სურათი გადაეშალა. სოფლის ერთი კოშკიდან ძახილი გაისმა. ეს იყო განგაში, ეს ხმა ატყობინებდა დანარჩენ სოფლებს, რომ ხევსურეთი ომს იწყებდა. დაინთო კოცონები და მახლობელმა სოფლებმა განგაშითვე უპასუხეს. ერთ ღამეში ყოველმა ხევსურმა იცოდა, რომ დილას იარაღით უნდა გამოსულიყო.


ამაზედ მეტი არც დრო გვქონდა. რუსის ჯარები, რიცხვით ექვსი ათასი, ფეხდაფეხ მომდევდნენ და ჩემი კაცებისგან წუთიდან წუთზე ველოდი მათი ხევსურეთში შემოსვლის ამბავს. გუდამაყრის მხრიდან თოფი გავარდა. ეს მტრის მოახლოების ნიშანი იყო. მე ცხენი მოვითხოვე და მახლობელ მწვერვალზე დავბანაკდი. ოცი კაცი მაშინვე ორ წყალზედ გავგზავნე. ეს ის ადგილი იყო, საიდანაც რუსები უნდა შემოსულიყვნენ. იქ ჩასულ ჩემ კაცებს სამასი შეიარაღებული ხევსური დახვდა. ამ ადგილის მნიშვნელობა ხევსურებმა კარგად იცოდნენ და თავისით მოსულიყვნენ. მალე ხევსურებმა სხვა შემოსავალი ადგილებიც ასე გაამაგრეს და ჩემის მხრივ საერთო ხელმძღვანელობა იყო საჭირო.


გაიარა ღამემაც და დილაზედ რუსებმა შემოტევა დაიწყეს. ტყვია ზუზუნებდა და ზარბაზანი გრიალებდა. ჩემთან მხოლოდ სამი კაცი იყო. ეს იყო მთელი ჩემი შტაბი, მაგრამ ეს სიმცირე არ იყო ჩემი გასაჭირი. ნაბადში გახვეული მიწაზედ ვეგდე და ციება, ასე ხშირი ჩვენს პარტიზანულ ყოფაში, შედეგი ჩვენი გამუდმებული მიწაზედ წოლისა, სულსა მღაფავდა. დამეწყო ღამით და დილაზედ სიცხე მომცა. მოდიოდნენ კაცები, მოჰქონდათ ამბები და მიჰქონდათ ბრძანება, მაგრამ, დამიჯერებთ, დღესაც არ ვიცი, რა ბრძანებანი იყვნენ ისინი.


უცბად ერთმა ხევსურმა ცხენი ზედ ნაბადზე მომაგდო.


- რომელია ჩოლოყაშვილი? - დაიძახა მან.


კაცებმა ჩემზე მიუთითეს. მან დამხედა და წამოიძახა:


- რა დროს წოლაა, ვაჟაუ, არ გაგიგია, ხევსურეთს მტერი მოადგა?!


მე შევხედე. ჩემს წინ სულ ახალგაზრდა, უწვერულვაშო ხევსური იდგა. მხარზედ პატრონტაში ჰქონდა გადაგდებული, ხელში თოფი ეჭირა და უბელო ცხენზე იჯდა. მე ისევ თვალის დახუჭვა მინდოდა იმ იმედით, რომ პასუხს ჩემები გასცემდნენ, რომ მოსულს პატრონტაშის ქვეშ ქალის ღია მკერდი დავუნახე.


ასეთი უჩვეულო გარეგნობის სტუმრის მოსვლამ გამომარკვია და წამოვიწიე. ვიდრე მისი უცნაურად მოსვლის მიზეზს ვიკითხავდი, მინდოდა ამეხსნა მიზეზი ჩემი წოლისა, რადგანაც მოსული ქალი იყო და, მის სიტყვებზედ ცოტა არ იყოს, თავი უხერხულად ვიგრძენი.


- ავად ვარ, - წავილაპარაკე.


- განა სიკვდილი ავადმყოფს არ შეუძლიან? ორ წყალში ომია! - მიპასუხა მან.


- ვინა ხარ, დისავ? - ვკითხე, როცა დავატყვე, რომ ჩემი სტუმარი ჩვეულებრივ ქალს არ ჰგავდა.


- მზექალას მეძახიან, არაბულის ქალი ვარ! ნეტაი, თუ შენც ჩოლოყაშვილი ხარ?


- გახლავარ. რას მიბრძანებ?


- ბრძანება შენი იყოს, მე ორ წყალზე მინდა მიგაცილო, ხევსურნი გელოდებიან, ომია, - სთქვა და თვალებში ჩამაშტერდა.


მე აღარაფერი გამომიკითხავს, მხოლოდ მივხვდი, რომ ჩემი წაუსვლელობა არ იქნებოდა. ასე ფიქრობდნენ ალბათ ჩემი ამხანაგებიც, რადგანაც ჩემს ხსენებაზედ ცხენი მოეყვანათ.


შევსხედით და წავედით. წინ მზექალა მიგვიძღოდა. მე თავბრუ მესხმოდა და უნაგირზე ძლივს ვიჯექი, მით უფრო, რომ მზექალას უბილიკო დაღმართებით მივყავდი ძირს. ტყვია ზუზუნებდა, მაგრამ მას ყურადღებას არ აქცევდა. უთუოდ იკითხავთ, ვინ გამოგზავნა? არავინ! როგორ მომაგნო, არც ის ვიცი! ვიცი მხოლოდ, რომ ჩემი კაცებისგან არ იყო გამოგზავნილი. ერთ სოფელს რომ გავუსწორდით, ცხენი შემოატრიალა და სოფელს ერთი მაგრა დასჭყივლა - შინ დარჩენილებს უძახოდა. სოფლიდან მხოლოდ ძაღლმა გაგვცა ხმა.


- ბეჩაუ, უკაცოდ ძაღლიც ცოდოა მარტო. სჩანს, ყველანი წასულან, - ჩაილაპარაკა მან.


მხოლოდ აქ გავარჩიე კარგად მისი სახე. იქნებოდა 18 წლისა. სახე ჰქონდა კუშტი და ეშხიანი, ისეთი, როგორსაც გვიხატავენ ყაზბეგი და ვაჟა-ფშაველა თავის მთიულურ მოთხრობებში. მკერდი ჩამოღეღილი ჰქონდა, როგორც ვთქვი, და მხრებზე შავი თმა ეყარა. ტუჩები იმ გარეგანი სილამაზით ჰქონდა აწყობილი, რომ მთელ მის არსებას მშველს ამსგავსებდა.


ისევ გზას გავუდექით. მზექალა ისევ წინ მიგვიძღოდა, მაგრამ ხმა არ ამოუღია. გარეგნობა მთლად ვერ შესცვლიდა და ალბათ წმინდა ქალური მოკრძალებით იყო მოცული, რადგანაც, რაც არ უნდა იყოს, უკან მხოლოდ მამაკაცები მივსდევდით. ჩვენების საფრებს რომ მივუახლოვდით, მზექალა უცებ დაგვცილდა, დაიძახა ჩემი სახელი მთელი ხეობის გასაგონად და მტრისკენ თოფი დასცალა.


ბრძოლამ რამდენსამე დღეს გასტანა. რუსები გვიტევდნენ, ხევსურები უკან ერეკებოდნენ და თითქოს სჯობდნენ კიდეც, მაგრამ მათი არტილერია ჩვენ სოფლებს ზურგზე ბოლს ადენდა. ამ ხნის განმავლობაში მზექალამ რამდენჯერმე ჩამიქროლა წინ. ისევ ის ღია მკერდი, ისევ ის უბელო ცხენი, ის პატრონტაში მხარზე და თოფი ხელში! მაგრამ, არ ვიცი რატომ, ჩემთან ერთხელაც არ შეჩერებულა, თითქოს მისთვის აღარ ვარსებობდი, მაგრამ უსაქმოდ ერთხელაც არ ყოფილა. ხან ჩვენი სანგრების წინა რიგში იჯდა და მამაკაცებთან ერთად ისროდა, ხან კარგა ხნით სადღაც გაქრებოდა და მოჰყავდა ახალი ხალხი, ვინც რაიმე მიზეზით აქამდის ჩვენთან ვერ მოსულიყო. ამ ხნის განმავლობაში ის იყო სროლაშიც და შემოირბინა თითქმის მთელი ხევსურეთი.


რუსებს უნდოდათ ჩვენი ხევსურეთში შერეკვა, იქ ჩაკეტვა და ტყვედ წაყვანა. გეგმა სწორი იყო, რადგანაც თუ ხევსურეთში მოგვამწყვდევდნენ, გამოსვლა ძნელი იქნებოდა. ისინი ერთხელ კიდევ გადმოვიდნენ იერიშზედ და ხევსურებს უკან დაახევინეს. ამავე დროს, პატარა რაზმით მე თითონ შემოვუარე მათ, რუსები ჩემსა და ხევსურებს შორის მოექცნენ და ამრიგად თითონ რუსები მიშლიდნენ ხელს - დახეულ ხევსურებს მეც თან გავყოლოდი.


ამ დღიდგან აღარც მზექალა მინახავს. გაიარა ხანმა, მე ბევრი ადგილი გამოვიცვალე. ბოლოს იძულებული შევიქენი, დროებით საქართველო დამეტოვებინა. ჩეჩნეთში მიმავალს გზა ისევ ხევსურეთზედ მედო. რუსები წასულიყვნენ. დაეწვათ სოფლები და დაეხვრიტათ ხალხი, დახვრეტილთა შორის ხუთი ქალი ერია. უნდა გვეფიქრა, რომ ამ ხუთში მზექალაც იქნებოდა. მაგრამ მზექალას ამბავი სულ სხვანაირად მიამბეს: დახევის დროს ხევსურები მთებში წავიდნენ და პირველი სოფელი, რომელშიაც გამარჯვებული რუსები შევიდნენ, მზექალასი იყო. ქალები, ბავშვები და მოხუცებულნი აჯანყებულთ გაჰყვნენ. ცარიელ სოფელს რუსებმა ზარბაზანი დაუშინეს. სროლა რომ შეწყდა, სოფელს რუსის სალდათები მოედვნენ და დაიწყეს ჩვეულებრივი ძარცვა. ჯარისკაცთა ერთი ჯგუფი მზექალას სახლისკენ გაემართა. სახლიდგან ორი ტყვია გამოვარდა და ორი ჯარისკაცი მოჰკლა. რუსებმა სროლითვე უპასუხეს. ბოლი რომ განიბნა და რუსები სახლში შევიდნენ, მიწაზედ ახალგაზრდა ქალის უსულო გვამი ნახეს. მოკლული მზექალა იყო! როცა სოფელი ხალხისგან დაიცალა, ის მაინც თავის სახლში დარჩენილიყო და ფიცი დაედვა, თავის კერაზედ რუსი არ გაეტარებინა. მზექალამ სიტყვა შეასრულა და რუსები მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ შევიდნენ მის სახლში. რუსის ტყვია სწორედ იმ ადგილას მოხვედროდა, რომელიც ისეთის უმანკო მოურიდებლობით დაჰქონდა - ღია მკერდში, მაგრამ პატრონტაში ისევ მხარზედ ჰქონდა და თოფიც ხელში ჩარჩენოდა, თავზედ უბელო ცხენი ედგა.

შალვა ამირეჯიბი


***

არსებობს დედამიწაზე ერთი ქალი, რომელსაც უწოდებენ მზექალას. მთელს ხალხს იზიდავს იგი თავის სიბრწყინვალით.


ბედნიერი შემთხვევა მქონდა, მოწამე ვყოფილიყავი შემდეგი საუბრისა:


- მზექალას ახალი ამბები მივიღეთ. ყველაზე მეტ სითამამეს იჩენს მუდამ. მისი მოქმედება ფართოვდება. ის ხდება თანდათან ჩვენი ნუგეში, ჩვენი იმედი.


ვინც ამას ლაპარაკობდა, ქართველი იყო - ჩაკვირვებული, დაფიქრებული. მე მას განმარტება ვთხოვე.


- თქვენ იცით, - მიპასუხა, - რომ ბოლშევიკებმა გასრისეს ჩვენი ქვეყანა. მაგრამ ჩვენ ორი მილიონი ერი ვართ და მეთორმეტე წელიწადია ვებრძვით უღელს, რომელმაც საშინელება მოგვივლინა. ჩვენი სატახტო ქალაქი, ტფილისი გარეგნულად დაწყნარებულია. უცხოელი რომ გაივლის, რუსის მმართველობა ისე იქცევა, როგორც ყველგან: იქ წაიყვანენ უცხოელს, სადაც სურთ და შეუბრალებელი პოლიციის დაშინებულნი ჩვენი მოქალაქენი კი სდუმან, ხოლო ვისაც ნამდვილი მდგომარეობის გაგება უნდა, მზექალა უნდა ნახოს.


- მზექალა?


- ის ერთი ახალგაზრდა ქალია, უბრალო გლეხის შვილი. ათ თვეზე მეტია იბრძვის დამოუკიდებლობისათვის. მზექალამ გაწმინდა ბოლშევიკებისგან ბევრი ჩვენი მთა-ადგილი. ქართველმა გლეხებმა გაიგეს კომუნიზმის გემო და მეტი აღარ უნდათ. მოსკოვს დაემორჩილონ? სიკვდილს ამჯობინებენ უმალ! რუსებმა თავის ჩვეულებრივ სიმხეცეს მიმართეს. 1924 წელს სამი დღის განმავლობაში რვა ათასი ადამიანი დახვრიტეს! მაგრამ მზექალა თავს ინახავს მაღალ მთებში. ჩვენი ძველი ქვეყანა მთლიანად გაწყდება და ბოლშევიზმს არასოდეს დაემორჩილება. ჩვენ ანტიკური ერი ვართ, ძველი ცივილიზაციისა, როგორ შეგვიძლიან მივიღოთ უცხოელთა უღელი, რომლებიც გაცილებით ჩვენზე დაბლა დგანან და გვიპყრობენ მხოლოდ თავის ტლანქი და პრიმიტიული სიმრავლით?


ასევე შევიტყვეთ, რომ კავკასიაში აღსდგა ჟანა დ"არკი, თვით ხალხის შუაგულიდან წარმოშობილი, რომელიც შეფარებულია მთებში და რომელსაც, ძველი ჩვეულების თანახმად, მეტსახელად უწოდებენ მზექალას.

ლუის ფორესტი


გაზეთი "მამულიშვილი", რომლის პირველი რედაქტორი გახლავთ სპირიდონ კედია, 1927 წლის ივნისში (#3) სათაურით, "ქართველთა ზიზღი", აქვეყნებს ორ ისტორიულ ფაქტს, რომელშიც მოთხრობილია ქართველი პატრიოტების ბრძოლა სპარსელებისა და რუსი ბოლშევიკების წინააღმდეგ. ამ მშვენიერ მარგალიტსაც თქვენ მოგიძღვნით, ჩვენო ძვირფასო მკითხველო, ვისაც ჯერ კიდევ გიყვართ სამშობლო ამ აპოკალიფსურ წუთისოფელში.


1795 წელი. ავლაბრის ხიდზე სპარსელებმა დაასვენეს ანჩისხატის ღვთისმშობლის ხატი.


"მორეკეთ ქართველები, დააყენეთ ხატის წინაშე და აფურთხებინეთ ღვთისმშობლის სახეში. ურჩებს თავები დააყრევინეთ და გვამები მტკვარში ისროლეთ", - უბრძანა თავის ჯალათებს ქართველების სისხლის მსმელმა აღა-მაჰმად-ხანმა.


რიჟრაჟზე ავლაბრის ხიდის არემარე გაიტენა ათასობით მორეკილი ქართველებით, გარეშემორტყმული შეიარაღებული სპარსელებით.


"ვინც მიაფურთხებს ხატს, სიცოცხლეს ვჩუქნით!" - შესძახეს ქართველებს სპარსელმა ჯალათებმა.


ხალხი შეიძრა, შეწუხდა, აღელდა.


"გამიშვით წინ! მე ვაჩვენებ მაგალითს ქართველობას!" - გაისმა მაღალი ხმა ხალხის შუაგულიდან. წრე გაიპო და წინ გამოვიდა გლეხი კაკაბაძე. მას გვერდით მისდევდა მისი ერთადერთი ვაჟი.


სპარსელებმა მიუშვეს ხატთან მამა-შვილი.


კაკაბაძემ და მისმა ვაჟმა გადაიწერეს პირჯვარი, დაიჩოქეს, ემთხვივნენ ხატს და უეცრად ფეხზე წამოვარდნილნი, მიუბრუნდნენ ჯალათებს, ორივემ შეაფურთხა პირში სპარსელებს.


გაბრაზებული მტერი ეცა გმირებს, აკუწეს ხმლებით და გადაყარეს მათი ნაშთი მტკვარში.


ლეგენდა მოგვითხრობს, რომ კაკაბაძეების მაგალითმა გაჭრა. ქართველები ზედიზედ იხოცებოდნენ თავისი მშობლიური წმინდანის წინაშე. ავლაბრის მტკვრის ვიწრო კალაპოტი გაიტენა ათასობით თავმოჭრილ ქართველთა გვამებით.


აღა-მაჰმად-ხანის მზაკვრულმა განზრახვამ ვერ მიაღწია მიზანს...


ქართველთა რწმენა და სული ვერ დაიმორჩილა... ქართველები ვერ დააშინა.


იგი მალე გაეთრია თავისი ბრბოებით წამებულ საქართველოდან...


მაგრამ ძვირად დაუჯდა სპარსეთის შაჰს ეს უკანასკნელი ავაზაკური თავდასხმა საქართველოზე. ამის შემდეგ დიდი სპარსეთიც დაინგრა და გადაიქცა უბრალო ლუკმად ჩრდილოეთიდან მოწოლილ ხახადაღებულ მრავალმილიონიან რუსობისა...


1922 წელი. ქ. სიღნაღის ჩეკაში შემოიყვანეს ფეხში დაჭრილი ქართველი რაზმელი ჯამასპიშვილი. მას გარს ერტყნენ რუსი ჯალათები მონგოლური ქუდებით.


- სკამი! - მკვეთრი ხმით მიაძახა ჩეკელებს დაჭრილმა ჯამასპიშვილმა.


მოუტანეს სკამი, დასვეს.


- რა გნებავთ ჩემგან? - შეეკითხა ქართველი ტყვე ჩეკის მსახურებს.


- გვითხარი, ვინ არიან ქაქუცას რაზმში, რამდენი და ვინ ჰყვანან თანამოაზრენი?


- წყალი! - მოკლედ მოუჭრა შემკითხველებს ჯამასპიშვილმა. დალია, გადახედ-გადმოხედა მტრებს, უცებ წამოიჭრა ფეხზე და უთხრა:


- ქართველი ხალხის ჯალათნო, როგორ გაკადნიერდით და საქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლს უნამუსოდ სთხოვთ სამშობლოს ღალატს... ფუი თქვენს სიმყრალეს! ესაა ჩემი უკანასკნელი სიტყვა... სხვა აღარაფრით გაგახარებთ, - თქვა და ჭრილობისგან სისხლდაცლილი, გულშეწუხებული პირქვე დაეცა.


ჯალათები მისცვივდნენ. ცემა-ტყეპით და წამებით კვლავ მოაბრუნეს.


- გვითხარი ყველაფერი, თორემ დაგხვრეტთ!


სიჩუმე...


ასე მრავალი დღე აწვალეს ქართველი მამულიშვილი, მაგრამ კრინტი ვერ დააძვრევინეს. ბოლოს ბრაზმორეულმა მტრებმა გაიყვანეს ჯამასპიშვილი დასახვრეტად.


- უკანასკნელად გითვლით, თქვი ყველაფერი და თავისუფალი იქნები, - მიმართეს ძალღონეგამოლეულ ჯამასპიშვილს მკვლელებმა სამარის წინ. ჯამასპიშვილმა თავი დაუქნია. ჯალათები მიუახლოვდნენ...


ქართველმა მამულიშვილმა უკანასკნელი ღონე მოიკრიბა და პირში მიაფურთხა საქართველოს მტრებს...


ნაგანის ტყვიით განგმირული ქართველი გმირი უსულოდ დაეცა თავის საყვარელ მშობლიურ მიწაზე.


ჯამასპიშვილის მაგალითმა გაჭრა. იმ დღიდან ათასობით ქართველი შეეწირა და ეწირება თავისუფლების დიად საქმეს.

გ. შარაძის წიგნის "ქართული ემიგრანტული

ჟურნალისტიკის ისტორიის" II ტომის მიხედვით

 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი