logo_geo
როგორ ცდილობდა კრემლი საქართველოს რუსიფიკაციას - მარიკა ლორთქიფანიძე
- +

10 იანვარი. 2018. 12:36



1970-იანი წლების შუა ხანებია. საბჭოთა კავშირში, უმაღლესი განათლების ეროვნულ ენაზე მიღება მხოლოდ თბილისისა და ერევნის უნივერსიტეტებშია შესაძლებელი. ეროვნული ისტორიის კათედრებიც კი იშვიათობას წარმოადგენს. სხვადასხვა შეკრებისას, მაგალითად კიევის უნივერსიტეტის თანამშრომლები არ იჯერებენ, რომ ლექციები ქართულად იკითხება.

გაზაფხულის პირია და მომავალი წლის სალექციო კურსსა და გეგმებს ვადგენთ. უნივერსიტეტის რექტორი გახლავთ დავით ჩხიკვიშვილი. მოდის ჩემთან უნივერსიტეტის სასწავლო ნაწილის გამგე მარიკა პირველი და მეუბნება, რექტორმა შემოგითვალა გაითვალისწინო, რომ მომავალ წელს, ერთი-ორი საგანი რუსულად წაიკითხოო. უეცრად ვერ მივხვდი, რას გულისხმობდა და ვუპასუხე, რომ ჩვენ რუსულ ფილოლოგიურზე, ჟურნალისტიკის რუსულ განყოფილებაზე ისედაც რუსულად ვკითხულობდით საქართველოს ისტორიას. მან მიპასუხა, რომ ეს თხოვნა არა რუსულ, არამედ ქართულ ფაკულტეტებს შეეხებოდა.

მაშინვე მივხვდი, რაშიც იყო საქმე და ვუპასუხე, რომ თავად დაველაპარაკებოდი რექტორს. მარიკამ კი მითხრა, რექტორმა გამაფრთხილა, ჩემთან არავინ მოვიდესო.

მაინც ჩავედი დავით ჩხიკვიშვილთან. კარგი ურთიერთობა მქონდა მასთან, ერთი თაობისანი ვიყავით. ვეკითხები, - დათიკო, რა მოიგონე ეს-მეთქი. მიპასუხა, მე კი არ მოვიგონე, წერილობითი ბრძანება მივიღე და ეს უნდა გავაკეთოთო და ბრძანების ძებნა უჯრაში დაიწყო.

მეც შესანიშნავად ვიცი და მანაც, რომ ასეთ ბრძანებებს წერილობით მოსკოვი კი არა, ჩვენი ცენტრალური კომიტეტიც არ იძლევა. ვუთხარი, - ტყუილად ნუ ეძებ ბრძანებას, რაც გინდა ქენი, ის ბრძანება რომც არსებობდეს, ვიდრე მე კათედრის გამგე ვიქნები, ამას არ დავუშვებ-მეთქი.

დაიწყო ყვირილი და მაგიდაზე მუშტების ბრახუნი. გამიკვირდა, არ გვქონდა ასეთი ურთიერთობა. მეც ვეღარ შევიკავე თავი, ხმას ავუწიე და მეც დავაბრახუნე მუშტი მაგიდაზე. მისი კაბინეტიდან რომ გამოვდიოდი, მითხრა, - შენც გაგაგდებენ აქედან და მეცო.

როცა მისაღებში გამოვედი, მაშინ მივხვდი, რატომ აყვირდა. მისაღებში იჯდა კაცი, რომელსაც უნდა გაეგონა, რა ხდება და მიეტანა ამბავი იქ, სადაც ჯერ არს.

უნივერსიტეტი ფეხზე დადგა. ლექციების რუსულად წაკითხვაზე გივი ჟორდანიამ უარი განაცხადა. უარი განაცხადა ასევე ეკონომიკის ისტორიის კათედრის გამგე ვასილ ჩანტლაძემ, აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანმა გოგი ფუთურიძემ.

უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, პროფესორი მზია ლეკვეიშვილი მაშინ სულ ახალგაზრდა იყო. მეორე კორპუსის ფოიეში აქცია მოაწყო. ჩვენ ახლა აქცია არაფრად მიგვაჩნია, მაგრამ მაშინ სიტყვა აქციის თქმის კი არა, გაგონებისა გვეშინოდა.

ფეხზე დადგა სტუდენტობა. მოსინჯეს ნიადაგი ამ ცვლილებების გასატარებლად, მაგრამ ვეღარ გაატარეს. ნახეს, რომ ამ გზით არაფერი გამოვიდოდა.

მეორე ეტაპი იყო ამ ბრძოლისა, როდესაც ახალ კონსტიტუციაზე დაიწყო მუშაობა. ჩვენს კონსტიტუციაში მაშინ ეწერა, რომ ქართული ენა არის სახელმწიფო ენა. ერთ მშვენიერ დღეს, გამოდის ტელევიზიით ედუარდ შევარდნაძე და ამბობს, რომ უნდა ვიმუშაოთ კონსტიტუციის ახალ პროექტზე, ზოგიერთი რამ იცვლება და მათ შორის ეს მუხლი უნდა იყოს ამოღებულიო.

თქვენს მტერს, იმისთანა ამბავი ატყდა. მთელი უნივერსიტეტი ფეხზე დადგა და უნივერსიტეტიდან წავიდა იმპულსები საზოგადოებაში. რა მოხდა შემდეგ, ეს ყველას კარგად მოეხსენება.

ჩემი კაბინეტი დავით ჩხიკვიშვილის კაბინეტის თავზე იყო. 12 აპრილს მირეკავს და მის კაბინეტში ჩასვლას მთხოვს. არ მინდა ჩასვლა. თანაც უნივერსიტეტი სავსეა სტუდენტებით. მითხრა, მოინდომე ჩამოსვლა და გამოგატარებენო. ჩავედი და მეუბნება, მე და შენ უნდა გავიდეთ ბავშვებთან და დაველაპარაკოთო. ვკითხე, - რა ვუთხრათ-მეთქი. მიპასუხა, - მოვიფიქროთო.

გავედით. ხელები ჩავჭიდეთ ერთმანეთს და... ორივეს გვიკანკალებს ხელები. გვეშინია, ხალხო! ორივემ ვიცით, საქმე მარტივად არ არის.

- შვილებო! - მიმართა მან სტუდენტებს, - თქვენ არ იცით, ვისთან გაქვთ საქმე. მე და თქვენმა პროფესორმა, მარიამ ლორთქიფანიძემ კი ვიცით. დაფიქრდით და ფრთხილად მოიქეცით. მე მაქვს ინფორმაცია, რომ ყველა ქუჩაზე, რომელიც რუსთაველის პროსპექტზე ჩამოდის, სამხედრო ტექნიკა უკვე განალაგეს. ანუ ფუნქციონერი, უნივერსიტეტის რექტორი ეუბნება, რომ ფრთხილად მოიქცნენ. ჩვენ ხომ გვაქვს 1956 წლის გამოცდილება.


ჩემი ჯერია, სტუდენტებს რამე მეც უნდა ვუთხრა, მაგრამ რა. ვუთხრა წადით და რამე რომ მოხდეს, როგორ უნდა ვიცხოვრო მერე. იმას კი, რომ არ წავიდნენ, - ვერ ვეტყვი. ვიცი, რომ თითოეულს ჯიბეში უდევს პასპორტი ან სტუდენტის მოწმობა. ყველამ იცის, რაზე მიდის. ეს არ არის მათი სპონტანური გადაწყვეტილება, არამედ შეგნებული არჩევანი. იციან, რომ ეს ნაბიჯი შესაძლოა სიცოცხლის ფასად დაუჯდეთ.


ამას წინათ, ერთ რუსულ გადაცემაში მკითხეს, რატომ მოხდა, რომ 70-იან წლებში მხოლოდ საქართველომ აღიმაღლა ხმა ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის შესანარჩუნებლადო. მხოლოდ ამ კითხვის შემდეგ დავფიქრდი სერიოზულად ამ კითხვაზე და ალბათ იმიტომ, რომ ჩვენ გამუდმებით ვიბრძოდით საკუთარი მეობის დასაცავად და ქართულმა ენამ ამ ბრძოლაში განსაკუთრებული როლი შეასრულა.




წყარო: ისტორიანი






 

big_banner
არქივი