logo_geo
"მარაბდის ბრძოლაში აჩეხილი ხუთი ეპისკოპოსი და ჩვენ..."
- +

19 იანვარი. 2018. 10:50



(მერჩივნა არ გამჩენოდა ამის დაწერის სურვილი, მაგრამ სათქმელი უნდა ითქვას)


ამ აჭრელებულ საზოგადოებაში, აბა რაღა უნდა გაგიკვირდეს კაცს, მაგრამ ახლა, ამას ნამდვილად არ ველოდი... ერთი კეთილისმსურველი სასულიერო პირი, რომელიც, პირადში სადღესასწაულო მოლოცვას მიგზავნის ხოლმე, წუხელ ნათლისღებას მილოცავდა და დაახლოებით ასე მმოძღვრავდა, რომ თურმე, ამ ,,ბოლო ჟამს,, ჩემეული შიშველი სიმართლე უფლისთვის არმოსაწონია, რადგან ამით, ჩვენზე ღვთივ მოვლინებულ სასჯელს ვეწინააღმდეგები... და, რომ ეს განსაცდელი მშვიდად უნდა მივიღოთ და ლოცვაში გავძლიერდეთ ... ეს იყო და ეს, რაღა უნდა მეპასუხა? პასუხს ხომ ვრცელი დამოძღვრა მოყვებოდა, რომელიც ამ კოკისპირული ეროვნული ვაქჰანალიის, ჩემეულ ხედვას, მისეული ,,არგუმენტებით,, გააბათილებდა...


სულ იმას ვუწუნებ ჩემ ,,გამოუსწორებელ,, თავს, კახელივით პირდაპირი, რომ ვარ და მაინც ვერ მოვიშალე ეს ,,დამღუპველი,, და დღევანდელ პირმოთნეობაში, ცუდ ტონად მიღებული თვისება... ახლა ხომ ისეთი დრო გვიდგას ქართველებს, როცა ერთად ,,ვძოვთ,, ქვეყნის გამთახსირებელი იუდები და ,,გულდათუთქული პატრიოტები,,... ყოველ დღე ვესალმებით ერთმანეთს,ერთად ვქეიფობთ, კაი ბიჭობას ვუქებთ ერთმანეთს სადღეგრძელოებით, საღვთო დღესასწაულებზეც მხარდამხარ ვდგავართ ტაძრებში, ერთმანეთს შვილებს ვუნათლავთ და ვართ ასე ,,ბედნიერ,, და ,,კოჰაბიტაციურ,, მადლში... ველით ,,გაბრწყინებას,, და ყოველ დღე ვლოცულობთ იმისთვის, რათა ამ ,,კოჰაბიტაციის,, გამანადგურებელი შედეგებისგან დაგვიფაროს დამბადებელმა და ჩვენივე ნებით ასეთ ჭაობში ჩაძირულები, სამშვიდობოს გაგვიყვანოს... სახელმწიფო, რომ ასეთ ,,საღმრთო,, ლოგიკაზე გვაქვს აწყობილი, ამაზე აღარ გავაგრძელებ. ჩემ ,,გამოუსწორებელ,, პირდაპირობას, რადგან ვიცი, რომ ქართულ საზოგადოებაში სიმართლით მტერს უფრო გავიჩენ ვიდრე მსმენელს... მიუხედავად ამისა, არ შეიძლება პასუხი არ გავცე სასულიერო პირის ,,წუხანდელ,, დამოძღვრას----ჩვენო ძვირფასო და ჩვენთვის მლოცველო მოძღვრებო და განსაკუთრებით მხოლოდ ,,გულხელდაკრეფილი,, ლოცვა--მორჩილების მქადაგებელნო, გავკადნიერდები და ქრისტესმიერი სიმართლით შეგახსენებთ, რომ ჩემისთანებისთვის მაგალითს ის, მარაბდის ველზე, ბრძოლაში აჩეხილი ხუთი ეპისკოპოსი უფრო წარმოადგენს, რომლებიც ჯერ შაჰ აბასის კარს მომდგარ ურდოებთან ბრძოლისთვის რაზმავდნენ მრევლს, ხოლო შემდეგ აბჯარასხმულები და ხმალგაალმასებულები, პირადი მაგალითით ამხნევებდნენ მეომრებს უთანასწორო ბრძოლაში.... არადა წარმოვიდგინოთ მათ, რომ მხოლოდ ლოცვისკენ მოეწოდებინათ მრევლისთვის, რა მოხდებოდა... გვიფიქრია იმაზე, რამ ააღებინა მაშინ ხმალი იმ ხუთ ეპისკოპოსს? რა თქმა უნდა იშვიათად, რადგან ამ ,,კოჰაბიტაციურ,, საქართველოში მათი მაგალითი ვერაფერი ,,შვილია,,....

იმდენი შეგვაძლებინოს უფალმა, რომ სანამ იმ სულმნათებს წარვუდგებით, ჯერ სიცოცხლეში გავაცნობიეროთ, რატომ იხოცებოდნენ ჩვენი სასულიერო პირები ომებში. არადა, ეს ხომ, არც ისე რთულია...ჩვენგან განსხვავებით, მათ ზუსტად იცოდნენ, როდის იდგნენ ,,შაჰ აბასები,, საქართველოს პოლიტიკურ ჰორიზონტზე და როდის როგორ უნდა ემოქმედათ.... ლოცვაშიც ჩვენზე ძლიერები იყვნენ და სიკვდილსაც ღიმილით ეგებებოდნენ....და არამც და არამც, არ ლოცავდნენ ქვეყნის იუდებს, ამბიონებიდან.... (რაც უფრო გავაზიარებთ, მით უფრო მიწვდება ყურთა ,,ძლიერთა ამა ქვეყნისათა,, ---ხმა ,,მღაღადებელი,, სახელმწიფოებრივ ვაქჰანალიასა ,,შინა,,)


გურამ ქართველიშვილი


 

big_banner
არქივი