logo_geo
დამწვარი გვამების პარტია
- +

26 თებერვალი. 2018. 12:17



"...ომი გათავდა, უნდა მოისპოს მისი შედეგებიც: ქართველი მეომრები უნდა დაუბრუნდნენ თავის სამშობლოს, რომელსაც ისინი სისხლით იცავდნენ. სტეფანე კი შეიქმნა მსხვერპლი. - ორი თვეა ჩვენ ვხედავთ რუსთაველის პროსპექტზე გამოკიდებულ ორ ბოლშევიკის გვამის სურათს ცეცხლისგან დამახინჯებულს. ყოველ იქ გავლის დროს ჩვენ კრულვას ვუგზავნით მას, ვინც ეს ბარბაროსობა მოიმოქმედა, მაგრამ რა არის სტეფანეს შორს, უცხოეთში, საშინელ პირობებში სიცოცხლის მოწყვეტა! განა საშინელება არ არის ქართველი მხედრობის და პოლიტიკური მოღვაწეების გათავებულ ომის შემდეგ რიაზანში შიმშილობა, დამცირება და ამგვარად ნელ-ნელი სიკვდილი! ჩვენ არ გამოვაფენთ მათ სურათებს რუსთაველის პროსპექტზე, მაგრამ სურათებს სამშობლოს და მშრომელი ხალხისთვის თავდადებულებისას ჩვენ ვატარებთ გულში და ჩვენს მეხსიერებაში და გადავცემთ შთამომავლობას მათ ვინაობას და ანდერძს: მშრომელი ხალხისა და სამშობლოს პირნათლად სამსახურს".


ფოტო: შსს აკადემიის არქივი, მე-2 განყოფილება (ყოფილი „იმელის" არქივი)


ეს ნეკროლოგი 1921 წლის ზაფხულში დაიბეჭდა დამოუკიდებელი სოციალ-დემოკრატების გაზეთ „ახალ სხივში" რომელიც უკვე მაშინ რამდენიმე სხვა გამოცემასთან ერთად, საოკუპაციო რეჟიმის გამკაცრების გამო არსებობის უკანასკნელ დღეებს ითვლიდა. ნეკროლოგი, ქალაქ რიაზანში ცნობილი ქართველი გენერლის სტეფანე ახმეტელაშვილის ტრაგიკულ გარდაცვალებას ეძღვნებოდა, რომელიც 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაატყვევეს დუშეთში და სხვა ოფიცრებთან ერთად ეტაპით გააგზავნეს საბჭოთა რუსეთში.

ტექსტში პუბლიცისტური ოსტატობით გაკენწლილი - „ორი ბოლშევიკის გვამის სურათს" მიღმა მოქცეული ისტორია კი მრავალი წლის მანძილზე რჩებოდა საბჭოთა პროპაგანდის საყვარელ თემად, თუმცა, მისი რეალური ვერსია, დღეს ერთი საინტერესო ფურცელია საბჭოთა რუსეთის დაზვერვის და დამოუკიდებელი საქართველოს სპეცსამსახურების დაპირისპირების მივიწყებული ისტორიების ციკლში.

1921 წლის 2 თებერვალს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო სამინისტროს გენერალური შტაბის ოფიცერი პოლკოვნიკი ნიკოლოზ ივანოვი შინ შსს-ს განსაკუთრებული რაზმის (საქართველოს რესპუბლიკის უშიშროების სამსახური) თანამშრომლების თანხლებით მივიდა და განცვიფრებულ მეუღლეს და ოჯახის წევრებს უთხრა, რომ იგი დაპატიმრებულია და რაზმის თანამშრომლები მათი სახლის გასაჩხრეკად იყვნენ მოსული. ჩხრეკის, განსაკუთრებული რაზმის შტაბ-ბინაში (დღევანდელი ინგოროყვას ქუჩა N 1) დაკითხვების და ძიების დამთავრების შემდეგ იგი მეტეხის საპატიმროში გადაიყვანეს. ივანოვს და მასთან ერთად დაპატიმრებულ პოდპოლკოვნიკ გოხს (სახელი უცნობია) ბრალად უმძიმესი დანაშაული, სახელმწიფოს ღალატი და საბჭოთა რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობა ედებოდათ.

 

 

საქართველოს რესპუბლიკის განსაკუთრებული რაზმის სახლი, ინგოროყვას ქუჩა #1

ნიკოლოზ ვასილის ძე ივანოვი 1884 წელს დაიბადა თბილისში სახალხო მასწავლებლის ოჯახში, თბილისის მეორე გიმნაზიის დამთავრების შემდეგ სწავლობდა მოსკოვში ალექსეევის სამხედრო სასწავლებელში, რომლის დამთავრების შემდეგაც 1906-16 წლებში მსახურობდა ქალაქ ალექსანდროპოლში (დღევანდელი გიუმრი) 153-ე პოლკში, 1917 წელს იგი სასწავლებლად გაგზავნეს პეტროგრადის ნიკოლაევის სამხედრო აკადემიაში მოკლევადიან კურსებზე, რომლის დასრულების შემდეგაც მსახურობდა ჯერ კავკასიის მთავარ შტაბში და შემდეგ დამოუკიდებელი საქართველოს სამხედრო სამინისტროს გენერალურ შტაბში, ასევე ცენტრალურ სტატისტიკურ სამმართველოში.

 

 

ფოტო: ნ. ივანოვი. ეროვნული ბიბლიოთეკა, ციფრული ფოტომატიანე

 

 

ფოტო: პოლკოვნიკი ივანოვი. შსს აკადემიის არქივი, მე-2 განყოფილება (ყოფილი „იმელის" არქივი)

რუსული სპეცსამსახურების არქივები მკვლევრებისათვის დღემდე მიუწვდომელია და ამიტომ ძნელი სათქმელია, როდიდან ჩადგა პოლკოვნიკი ივანოვი საბჭოთა რუსეთის დაზვერვის სამსახურში. მისი დაპატიმრების შესახებ საინტერესო ცნობას გვაწვდის ქართველი ემიგრანტი, სამხედრო სამინისტროს გენერალური შტაბის კონტრდაზვერვის ოფიცერი, კაპიტანი რომან მკურნალი. გერმანიაში 1934 წელს გაზეთ „კლდეში" დაბეჭდილ მოგონებებში - „მიზეზნი ჩვენი დამარცხებისა", სადაც ერთ-ერთ ქვეთავში „საბჭოთა ჯაშუშობა საქართველოში" იგი ასე იხსენებს აღნიშნულ ეპიზოდს:

 

 

მარცხნივ: რომან მკურნალი. ეროვნული ბიბლიოთეკა, ციფრული ფოტომატიანე; ეთერ საღირაშვილი-დელონეს კოლექცია.

„პოლკოვნიკი ივანოვი იყო ჩვენს სახელმწიფო სამსახურში სტატისტიკურ განყოფილებაში, პოდპოლკოვნკ გოხს სამსახური არ ჰქონდა და ცხოვრობდა ტფილისის სადგურის ახლოს რკინიგზის რაიონში სახელმწიფო შენობაში, მისი მამა მსახურობდა რკინიგზის მთავარ სახელოსნოში. ივანოვი და გოხი ორივენი მუშაობდნენ საბჭოთა მისიის სამხედრო ატტაშე ღენერალ სიტინისათვის, რომელსაც აწვდიდნენ ცნობებს ჩვენი შეიარაღებული ძალების, მარაგისა და სამხედრო საწყობების, ჯარების დისლოკაციის, ჯარების უფროსების შესახებ და სხვა. პოდპოლკოვნიკი გოხი ხშირად დადიოდა ტფილისის სადგურზედ, თვალყურს ადევნებდა ჩვენი ეშელონების მოძრაობას, ჰგზავნიდა ერთგულ ხალხს ბორჩალოს მაზრაში, რათა გამოერკვია ჩვენი სამხედრო ძალები და მათ მიერ დაჭერილი პოზიციები, ასევე იღებდა მონაწილეობას ასი ერთგული კაცის მოკრებაში, რომელთაც საქართველოსთან ომის დროს უნდა აეფეთქებინათ სამხედრო საწყობები, რკინიგზის ხიდები, ტრანსპორტი და სხვა. დიდი ხნის დაზვერვის შემდეგ ორივენი დატუსაღებული იქნენ. პოლკოვნიკი ივანოვი მისი დატუსაღების დროს სტატისტიკურ განყოფილებაში ადგენდა ქართული ჯარის უფროსების დახასიათებებს და დაეხასიათებინა რა ღენ. ოდიშელიძე და გედევანიშვილი, ამთავრებდა ღენ. კვინიტაძის დახასიათებას. საგანგებო სამხედრო სასამართლოს წინაშე ორივენი გამოტყდნენ ჯაშუშობაში".

 

 

პავლე სიტინი. რსფსრ-ს სამხედო ატაშე საქართველოში 1920-1921 წლებში

რომან მკურნალის მოგონებები საფუძველს გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ ივანოვისა და გოხის გამოვლენაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ერთმა ფაქტმა, რომელიც 1920 წლის ნოემბერში მოხდა.

1920 წლის 6 ნოემბერს სადგურ სალოღლში, საბაჟოზე განსაკუთრებული რაზმის თანამშრომლებმა ჩხრეკისას იპოვნეს ორძირიანი ჩემოდანი, რომლის გახსნის შედეგადაც ცარიელ სივრცეში აღმოაჩინეს ქართულ გაზეთები, ბაქოელი კომუნისტებისადმი მიწერილი წერილები და სამხედრო სამინისტროს გამოცემული საიდუმლო ბრძანებები. რაზმმა დააპატიმრა ჩემოდნის პატრონი მგზავრი ქალი, ქუთაისის გუბერნიის სოფელ ჭრებალოს მცხოვრები, 26 წლის, უქმარშვილო, წერა-კითხვის უცოდინარი - ლიზა ივანეს ასული არჩვაძე, რომელმაც დაკითხვის დროს განაცხადა, რომ ქუთაისიდან მიდიოდა ბაქოში მის საყვარელ სიმონ მაჩაბელთან, რომელიც იქ სტამბაში მსახურობდა, ხოლო როდესაც წასასვლელად ემზადებოდა, მასთან მივიდა ერთი უცნობი კაცი, გადასცა ეს ჩემოდანი და სთხოვა, გადაეცა მაჩაბლისთვის. არჩვაძე ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ არ იცოდა, რა იყო ჩემოდანში.

დეკემბერში შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს დეპეშათა სააგენტოს გაზეთებში გამოსაქვეყნებლად გადასცა მასალების ნაწილი, რომელიც არჩვაძის დაპატიმრებისას ამოიღეს. ჩემოდანში აღმოჩენილი რუსულ ენაზე ნაწერი სამი წერილიდან, პირველი მიმართული იყო „ამხანაგი პუნკუსადმი":

„ჩემი მუშაობა გაჩაღებულია ყოველმხრივ: სიღნაღში, ლაგოდეხში, დედოფლისწყაროში, ბორჩალოში, ბათომში, არტაანში, ახალციხეში, ქუთაისში, აჭარაში, ზაქათალაში, ყველგან გაგზავნილია სერიოზული პირები, მე უკვე გაცნობე, რომ ცხენოსანი დივიზიონის ნაწილი უკვე გააგზავნეს (1000 კაცი) სანაინის მიმართულებით, ქვეითთა დივიზიონის შტაბში სამი სხდომა იყო: გამოაცხადეს, რომ ყოველწუთას მზად იყვნენ სანაინის, სალოღლის ან არტაანისკენ წასასვლელად, გვარდიელებს გამოუცხადეს, რომ 5-ისთვის მზად იყვნენ, პატარა ჯგუფებს აგზავნიან ადერბაიჯანის საზღვრებისკენ, მზად არის 1ტანკი ასევე არტაანში გასამგზავრებლად „პროტოსი" ავტომობილი-რადიო (კომანდის შემადგენლობა ჯერ არ ვიცით) ნავთი ცოტა აქვთ მომარაგებული არის: ხაშურში, სადგურ აგტაგლიაში და როგორც ამბობენ სანაინში, „პაგონები" მე გამოვგზავნე აფიცრების და სხვა ქვეითი ჯარის 1-დან 12 ბათალიონამდე ან საღებავებით ხატავენ ციფრებს ან ლითონისას აკეთებენ. სადარაჯო ბათალიონის პაგონზე კი აღნიშნულია ასო „დ" საჭირო ვინტოვკა როგორც მე-12-ე ბათალიონისთვის, 12 - 15 კიდევ გამოვგზავნი დაწვრილებით... საიდუმლო იაშიკი დაიტოვეთ მანდ, როცა ამხანაგი მოვა ფულისთვის პაროლი იქნება „ბაკაკი ცხალში კიკინებს" და ისარგებლებს ხსენებული იაშიკით , რომელიც ჩაიტევს საკმაო თანხას. ჩემი მუშაობა ღრმავდება ყოველი მხრით.

დავშთები კომუნისტური სალმით X.

თბილისი".

მეორე წერილში დაწვრილებით იყო აღწერილი ქართული ჯარისა და გვარდიის რიცხვი, მათი შემადგენლობა, ჩამოთვლილი იყო უფროსები, აღნუსხული - ქვემეხები, თოფები, ტყვიამფრქვევები. ამ მხრივ განსაკუთრებული ყურადღება ჰქონდა მიქცეული ახალციხეს, ბათუმს, ქობულეთს, ფოთს, სოხუმს, გაგრას, თბილისს. აღწერილი იყო ამ ადგილების ადმინისტრაციაც, ჩამოთვლილი კომისრების, მილიციონერების გვარები და სხვა.

მესამე წერილი შეიცავდა თბილისში არსებულ ქალაქის სასურსათო, მომარაგების სამინისტროს და კოოპერატივთა კავშირის მაღაზიების აღწერას. თითოეული მაღაზიის საქონლის, ცალ-ცალკე დაწვრილებით.

როგორც შემდგომ ძიებამ გამოარკვია, ლიზა არჩვაძე სინამდვილეში მთაწმინდელი ბოლშევიკის - ვანო ბერბერაშვილის ცოლი იყო, წერილი მისი დაწერილი იყო, ხოლო დანარჩენი ინფორმაციები მიიღო გენერალური შტაბის კანცელარიის მოხელე ივანე ბეჟანოვის ხელით და შემდეგ აგზავნიდა ბაქოში ცნობილი ბოლშევიკი მიხა ჩოდრიშვილის გაკეთებული საიდუმლო ჩემოდნით, რაშიც მისივე ცოლი ჩართო. ლიზა არჩვაძე გაასამართლეს და სამშობლოს ღალატისათვის დახვრეტა მიუსაჯეს, მაგრამ რადგან მან გამოძიებასთან ითანამშრომლა, სასჯელი 25-წლიანი კატორღით შეუცვალეს.


იმ დოკუმენტების შინაარსი, რომელთაც ბერბერაშვილი ბაქოში აგზავნიდა, აშკარად ემთხვევა ივანოვის და გოხის, მზვერავ-ანალიტიკოსების საქმიანობის პროფილს, ამიტომ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ბეჟანოვი პოლკოვნიკ ივანოვის დავალებით მოქმედებდა და ლიზა არჩვაძის დაპატიმრების შემდეგ დაიწყო მათთვის ე.წ. „ნერვების ომი", რადგან ძნელი წარმოსადგენია, ივანოვს პრესაში გაშვებული ეს ინფორმაცია არ ენახა, ან არ გაეგო მის შესახებ, შესაბამისი რეაქციების და განსაკუთრებული რაზმის მიერ გატარებული აქტიური ღონისძიებების შედეგად სავარაუდოდ გაიშიფრა კიდევაც, რასაც 1921 წლის 2 თებერვალს მისი დაპატიმრება მოჰყვა.

1921 წლის 11 თებერვალს საბჭოთა რუსეთის თავდასხმა დაიწყო. 1921 წლის 19 თებერვალს დილის 10 საათზე, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სასამართლოს შტაბში შედგა სამხედრო საგანგებო სასამართლოს სხდომა, რომელმაც გაასამართლა ივანოვი და გოხი. მათ დაუმტკიცდათ ბრალდებები და თავადაც აღიარეს დანაშაულის შესახებ. მიუხედავად საომარი მდგომარეობისა, რაც განსასჯელებს აუცილებლად სიკვდილით დასჯას უქადდა სასამართლომ მათ წინადადება მისცა ეთხოვათ პატიება. პოლკოვნიკმა ივანოვმა ითხოვა პატიება და მას მიესაჯა 8 წლით კატორღა, ხოლო პოდპოლკოვნიკმა გოხმა ამაყად უარყო პატიების თხოვნა, რის გამოც სასჯელი ძალაში დარჩა და იგი თბილისშივე დახვრიტეს.

1921 წლის 25 თებერვალს, საქართველოს მთავრობის და ჯარის უკანდახევის და მე-11 არმიის მიერ თბილისის დაკავების შემდგომ დღეებში, საქართველოს წითელი ჯვრის და მოქალაქეების აქტიურობის შედეგად ფრონტებზე დაღუპულ ჯარისკაცების, გვარდიელების და იუნკრების დასაფლავება გაიმართა, რისთვისაც ახლად დამყარებულ საოკუპაციო ხელისუფლებას ხელი არ შეუშლია, რათა ჯერ კიდევ ომის მდგომარეობაში მყოფს ხალხის უკმაყოფილება არ გამოეწვია, მაგრამ ამავდროულად არც საოკუპაციო ხელისუფლება იყო გულხელდაკრეფილი: 1921 წლის 4 მარტს მათ მოაწყვეს პროპაგანდისტული აქცია და ალექსანდრეს ბაღში ერთად დაკრძალეს ბრძოლაში დაღუპული წითელარმიელები და ქართველი ჯარისკაცების ნაწილი, ნიშნად „შერიგებისა" და ახალი ცხოვრების დაწყებისა. საძმო საფლავში დაკრძალულთა შორის იყო დახვრეტილი პოდპოლკოვნიკი გოხის კუბოც. დემონსტრაციაზე სიტყვით გამოვიდნენ მე-11 არმიის ხელმძღვანელები და ქართველი კომუნისტები, რომელთაც ომის გაჩაღებაში და უაზრო მსხვერპლთშეწირვაში „ხალხის მოღალატე ქართველი მენშევიკები" დაადანაშაულეს. პოლკოვნიკი ივანოვი კი ამ დროს უკვე ქუთაისის საგუბერნიო ციხეში იჯდა, სადაც სხვა პატიმრებთან ერთად მთავრობის და ჯარის მიერ თბილისის დატოვებამდე იყო გადაგზავნილი.

1921 წლის 9 მარტს, როდესაც საქართველოს მთავრობამ და ჯარმა ქუთაისიდან ბათუმისკენ დაიხია, მანამდე მათ ბათუმის ციხეში გადაგზავნეს 900-ზე მეტი ბოლშევიკი პატიმარი რომლებიც ქუთაისის ციხეში იხდიდნენ სასჯელს ან თბილისიდან უკან დახევის შემდეგ იქნენ გადმოყვანილი. 8 მარტს, ღამით, ქუთაისის საპყრობილეში მივიდნენ თბილისის მილიციის უფროსი ვლადიმერ სულაქველიძე, ქუთაისის მილიციის უფროსი სილიბისტრო მაღნარაძე, ამბერკი ადეიშვილი და ასევე რამდენიმე შეიარაღებული მილიციონერი - გოგი თოფურიძე, ვალიკო ფიჩხაია, ესტატე ფიჩხაია, ბონდო გაბელაია, გოგორიშვილი, ნიჟარაძე და სხვები. ქუთაისის მილიციის უფროსმა მაღნარაძემ ციხის უფროსს დემურიას გადასცა ბრძანება, სადაც ეწერა:


„თანახმად შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებისა, ქუთაისის ციხის უფროსს ვთხოვთ გადმოაგზავნოს ციხის საავადმყოფოში დასაკითხად პავლე მარდალეიშვილი, ნიკოლოზ ივანოვი, დავით უკლება და კარპეზ ბარბაქაძე.

ქუთაისის მილიციის უფროსი მაღნარაძე

08.03.1921"

დაახლოებით საღამოს 9 საათზე ციხის უფროსმა კანცელარიაში მიიყვანა ბორკილდადებული ივანოვი და მარდალეიშვილი, მაგრამ უკლება (რომელიც სისხლის სამართლის დამნაშავედაა მოხსენიებული საქმეში და სავარაუდოდ ბოლშევიკი არ იყო) ამ არეულობაში ვერ მოძებნეს, ამის გამო მაღნარაძე კიდევ კარგა ხანს დარჩა ციხის შენობაში. ბოლოს, ციხის ზედამხედველმა კუდინოვმა მაინც იპოვა დავით უკლება და მაღნარაძემ ისინი მილიციის შენობაში გადაიყვანა, ხოლო კარპეზ ბარბაქაძე მძიმე ავადმყოფობის გამო ციხის საავადმყოფოში იწვა და ამიტომაც დატოვეს. დაახლოებით ღამის 12 საათზე მოყვანილი ფაეტონით ისინი საღორიის ტყისკენ წაიყვანეს. გაბელაიამ თან დიზელის საწვავით („სალიარკით") სავსე ჭურჭელიც წაიღო. ტყეში, პატიმრები სულაქველიძის ბრძანებით დახვრიტეს, საწვავი გადაასხეს და გვამები ცეცხლს მისცეს...

იმ პირობებში, როცა საქართველოს მთავრობას დაპატიმრებული ჰყავდა ბევრი ბოლშევიკი ლიდერი, მათ შორის თბილისიდან ბათუმამდე ატარეს ისეთი ცნობილი ბოლშევიკები, როგორებიც იყვნენ - სერგო ქავთარაძე, მალაქია ტოროშელიძე, თვით რუსეთის ელჩი აარონ შეინმანი, სამხედრო ატაშე პავლე სიტინი, რომელიც ხელმძღვანელობდა ამ სადაზვერვო ოპერაციებს კავკასიაში და მათთვის ანგარიშის გასწორება არ უცდიათ (თუმცა სერგო ქავთარაძე თავის მოგონებებში წერს: ბათუმის ციხეში ხშირად ვრცელდებოდა ხმები, ხვალ გაგიყვანენ გემით ზღვაში მეთაურებს და ყველას დაგხვრეტენ, რის გამოც პატიმრებს შორის მუდმივი პანიკა იყო), ჩნდება კითხვა - რატომ იძიეს ივანოვზე და მარდალეიშვილზე ასე სასტიკად შური ქართველმა მილიციონერებმა? შეიძლება ვიფიქროთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმის კურსში არ იყო და ქვედა რგოლის ჩინოსნებმა თვითნებურად გადაწყვიტეს, რომ პირები, რომლებმაც უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანეს საქართველოს ოკუპაციაში, სათანადოდ უნდა დასჯილიყვნენ და სიცოცხლით ეგოთ პასუხი?

ამ ვერსიის განსახილველად,საჭიროა გავარკვიოთ, ვინ იყო მეორე დახვრეტილი პატიმარი - პავლე მარდალეიშვილი.

 

 

პავლე მარდალეიშვილი. ფოტო: შსს აკადემიის არქივი, მე-2 განყოფილება (ყოფილი „იმელის" არქივი).

პავლე იოსების ძე მარდალეიშვილი დაიბადა 1884 წელს ქუთაისის გუბერნიის სოფელ მაღლაკში 1905 წლიდან მუშაობდა ჭიათურაში სადაც ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში, წარმატებით ასრულებდა პარტიის დავალებებს და ერთ-ერთ მრისხანე ტერორისტად ითვლებოდა, ასევე ავრცელებდა არალეგალურ ლიტერატურას. 1906 წელს იგი ჟანდარმერიამ დააპატიმრა და 1907 წელს ვიატკის გუბერნიაში გადაასახლეს, საიდანაც იგი მალევე გამოიქცა და არალეგალურად ცხოვრობდა ფოთში, 1909 წელს ისევ დააკავეს მკვლელობის ბრალდებით, მაგრამ ისევ გაიქცა, მესამედ დააპატიმრეს 1914 წელს, იმავე წლის 24 ნოემბერს კავკასიის სამხედრო საოლქო სასამართლომ უვადო კატორღა მიუსაჯა და შლისელბურგის საკატორღო ციხეში გადააგზავნა.

 

 

ფოტო: სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრთა ჯგუფი ჭიათურაში, 1900-იანი წლები. ცენტრში ზის - ნოე ხომერიკი, მისგან მარცხნივ - ზაქარია გურული. პირველ რიგში, მარჯვნივ წევს - პავლე მარდალეიშვილი. ეროვნული არქივი.

1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ გაათავისუფლეს, რის შემდეგაც ბოლშევიკ თევდორე შავიშვილთან და სერგო ქავთარაძესთან ერთად ფინეთში ახორციელებდა წითელ ტერორს. 1917 წლის გაზაფხულიდან უკვე თბილისში ბრუნდება და მჭიდრო კავშირი აქვს კამოსთან, ელბაქიძესთან და სხვებთან. ამ პერიოდში იგი იყო ბოლშევიკების თბილისის კომიტეტის სამხედრო ინსტრუქტორი, წვრთნიდა ბოლშევიკურ მებრძოლ რაზმებს და ამარაგებდა მათ იარაღით, რომელიც ირანიდან შემოჰქონდა. 1918 წლის გაზაფხულზე ლეჩხუმის ბოლშევიკური აჯანყებისას ქუთაისის ბოლშევიკურმა კომიტეტმა იგი აჯანყების ერთ-ერთ მეთაურად დანიშნა და ლეჩხუმში მიავლინა, თუმცა სამთავრობო ძალების მიერ აჯანყების ჩახშობის შემდეგ მოახერხა თბილისში არალეგალურად დაბრუნება. მისი ერთ-ერთი ყველაზე საყურადღებო და თითქმის უცნობი აქცია უკავშირდება 1919 წლის სექტემბერში, არკადი ელბაქიძესთან ერთად თავდასხმას თბილისში ვიზიტად მყოფ მოხალისეთა არმიის გენერალ ბარათოვზე. თავდასხმა პავლეს დაგეგმილი იყო და ელბაქიძემ კი შეასრულა; ბარათოვი მძიმედ დაიჭრა, მასთან ავტომობილში მჯდომი ქართველი გენერალი ილია ოდიშელიძე მსუბუქი ჭრილობებით გადარჩა, ხოლო ბარათოვის ადიუტანტი პოლკოვნიკი სელიმ ალხავი და ორივე მძღოლი - ვასილ ჟუჟიაშვილი და შალვა სამაკაძე დაიღუპნენ. ელბაქიძე დევნის ოპერაციისას მოკლა სისხლის სამართლის სამძებროს თანამშრომელმა გელოვანმა, ხოლო მარდალეიშვილმა მიმალვა მოახერხა. მისი დაპატიმრება განსაკუთრებულმა რაზმმა მხოლოდ 1920 წლის 1 მარტს მოახერხა. მას ბრალად ედებოდა როგორც ლეჩხუმის, დუშეთის, ცხინვალის აჯანყებების იარაღით მომარაგება, ასევე ქართულ არმიაში ბოლშევიკური აგიტაცია და მობილიზაციისათვის ხელის შეშლა, მაგრამ მთავარი ბრალდება - სადგურ რიონის სარკინიგზო ხიდის აფეთქების დაგეგმვა და სამზადისი იყო, რაც დროში ემთხვეოდა 1920 წლის მაისის დასაწყისში საბჭოთა რუსული არმიის შემოჭრას საქართველოში აზერბაიჯანის მხრიდან და მთავარი სარკინიგზო ხაზის მწყობრიდან გამოყვანით მიზნად ისახავდა ქართული ჯარისა და გვარდიის ზურგის მომარაგების და გადაადგილების შეფერხებას, რაც საბჭოთა რუსულ არმიას თბილისზე შეტევას გაუადვილებდა. სწორედ მაღლაკელი ტერორისტებისთვის ასაფეთქებელი მასალის გადაცემის მომენტში დააკავეს იგი განსაკუთრებული რაზმის თანამშრომლებმა, ტერორისტებში ჩანერგილი ნიჟარაძის საშუალებით, რომელიც ასევე სოფელ მაღლაკიდან იყო და როგორც ჩანს, იოლად მოიპოვა ტერორისტების ნდობა.

1920 წლის რუსეთ-საქართველოს 7 მაისის ხელშეკრულების საფუძველზე, მას შემდეგ რაც ქართულმა არმიამ და სახალხო გვარდიამ შეაჩერა რუსული სამხედრო აგრესია, ხოლო საბჭოთა რუსეთმა აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა, სანაცვლოდ კი დაპატიმრებული ბოლშევიკების გათავისუფლება და პარტიის ლეგალიზაცია მოითხოვა, პავლე მარდალეიშვილი სხვა ბოლშევიკებთან ერთად 14 მაისს გაათავისუფლეს. მარდალეიშვილმა მუშაობა ახლადგახსნილ გაზეთ „კომუნისტში" დაიწყო, მაგრამ 13 ივნისს მთავრობამ გაზეთი დახურა, იმავე თვეში, როდესაც ბოლშევიკების დაპატიმრებების ახალი ტალღა დაიწყო, საქართველოს რესპუბლიკის შსს-მ 20 ივნისს გაავრცელა განცხადება, რომ პირები, რომლებიც არ წყვეტდნენ საქართველოს წინააღმდეგ ძირგამომთხრელ საქმიანობას თუ სამი დღის განმავლობაში არ დატოვებენ საქართველოს საზღვრებს, დაპატიმრებული იქნებოდნენ. 23 ივნისს მარდალეიშვილი, რომელმაც ეს მოთხოვნა არ შეასრულა, ისევ დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს. ციხეში პატიმარმა ბოლშევიკებმა იგი ე.წ. „პოლიტიკურ კომისრად" აირჩიეს. 1921 წლის იანვრიდან მარდალეიშვილი სხვებთან ერთად უკვე ქუთაისის ციხეში გადაიყვანეს, სადაც რამდენიმე თვეში მისი ბედი ისევ გადაიკვეთა ძველ „ნაცნობ" - ვლადიმერ სულაქველიძესთან და პოლკოვნიკ ივანოვთან, რომელსაც დიდი ალბათობით პირველად მაშინ შეხვდა, მიუხედავად საბჭოთა პროპაგანდის დანერგილი მითებისა, რომ ისინი 1917 წლიდან მეგობრობდნენ.

 

 

მარდალეიშვილის და ივანოვის დახვრეტის საგამოძიებო საქმის ფრაგმენტი. საქართველოს ეროვნული არქივი.

1921 წლის 10 მარტს ქუთაისში წითელი არმიის შესვლის და 17 მარტის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ, 23 მარტს ნიკოლოზ ივანოვის, პავლე მარდალეიშვილის და დაღუპული წითელარმიელების ცხედრები ქუთაისის საგუბერნიო რევკომმა ღულაძის მინდორზე (დღევანდელი ნინოშვილის ბაღი) სამხედრო პატივით დაკრძალა და მას „ძმათა სასაფლაო" უწოდა (დროთა განმავლობაში იქ სხვა დაღუპული ბოლშევიკებიც დაასაფლავეს). აპრილში ქუთაისში საქართველოს რევკომის თავჯდომარე ფილიპე მახარაძე ჩავიდა, რომელიც ახლად გასაბჭოებულ ქვეყანაში მოგზაურობდა და ადგილობრივმა ბოლშევიკებმა მას „მენშევიკების ჩადენილი დანაშაულების ამსახველი ფოტომასალა" უჩვენეს, ქართული არმიის მიერ უკანდახევისას აფეთქებული ხიდების და რკინიგზის სურათებს შორის მახარაძემ ყურადღება მიაქცია ივანოვის და მარდალეიშვილის დამწვარი გვამებისთვის გადაღებულ ფოტოებს და მაშინვე განკარგულება გასცა, გაედიდებინათ ფოტოები და ყველა ქალაქში გამოეფინათ „მენშევიკი ჯალათების ჩადენილი სიმხეცის" გამოსააშკარავებლად. ამ წუთის შემდეგ, „ივანოვის და მარდალეიშვილის საქმე" იქცა საბჭოთა პროპაგანდის საყვარელ თემად; ათწლეულების შემდეგაც კი მას იყენებდნენ პოლიტიკური ოპონენტების წინაამდეგ, როდესაც თავად უკვე მილიონობით ადამიანის განადგურება მოესწროთ.

 

 

ყოფილი „ძმათა სასაფლაო" ქუთაისში. ამჟამინდელი ნინოშვილის ბაღი

1924 წლის თებერვალში, საქართველოს ოკუპაციის და გასაბჭოების დღეებში კომუნისტებმა კვლავ გაიხსენეს რევოლუციის და საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვებისთვის დაღუპული ამხანაგები და სიკვდილის შემდეგ ისინი უმაღლესი ჯილდო წითელი დროშის ორდენებით დააჯილდოვეს მათი სია ასე გამოიყურებოდა: კამო (სიმონ ტერ-პეტროსიანი), არკადი ელბაქიძე, სანდრო მახარაძე, თომა ჩუბინიძე, მიშა გეგეჭკორი, შალვა ასკურავა, აკაკი ოჩიგავა, თედორე შოშიაშვილი, მინა ვარუაშვილი, პავლე მარდალეიშვილი და ნიკოლოზ ივანოვი. კომუნისტებს დროთა განმავლობაში არც მათი ოჯახის წევრები დავიწყებიათ: ნიკოლოზ ივანოვის შვილები ვალენტინა, ვერა და მარია ივანოვები საქართველოს სსრ დამსახურებული ინჟინრები გახდნენ, პავლე მარდალეიშვილის ცოლი ნინო მარდალეიშვილი საქართველოს კომპარტიის ცეკას ინსტრუქტორი იყო, მათი შვილი - ლუბა მარდალეიშვილი კი სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის არქივის თანამშრომელი, თუმცა საბჭოთა პრესაში დაღუპული ბოლშევიკებისადმი მიძღვნილ მოსაგონარ სტატიებში მას ყოველთვის „დიასახლისად" მოიხსენიებდნენ.

დაივიწყეს მხოლოდ პოდპოლკოვნიკი გოხი, რომელმაც 1921 წლის თებერვლის დღეებში ამაყად უარყო სასამართლოს მიერ შეთავაზებული პატიების შანსი. როგორც ჩანს, „რუსი და ქართველი ბოლშევიკების ძმობის და მეგობრობის" ლეგენდაში თბილისელი გერმანელი გოხის პერსონა ზედმეტი აღმოჩნდა.



/დავით ხვადაგიანი/

ჟურნალში - „ისტორიანი", #12(84), 2017 წ.


 

 

 

 

 

big_banner
არქივი