logo_geo
საინტერესო ფაქტები ბოდბის მონასტერზე: რატომ არ ახლეს ხელი მონღოლებმა წმინდა ნინოს საფლავს?
- +

11 ნოემბერი. 2019. 20:22

 

ბოდბის მონასტერი, რომელსაც გამორჩეული ადგილი უკავია საქართველოს სულიერ ცხოვრებაში, მეოთხე საუკუნეში, პირველმა ქრისტიანმა მეფემ მირიანმა ააგო. გადმოცემის თანახმად, როდესაც წმინდა ნინო გარდაიცვალა, მეფე მირიანს სვეტიცხოველში, მაცხოვრის კვართთან ახლოს სურდა მისი გადასვენება, მაგრამ ორასმა კაცმა ძვრაც ვერ უყო წმინდანის სარეცელს და იქვე ბოდბეში დაკრძალეს. ეკლესია წმინდა ნინოს საფლავზე ააგეს, რომელის მშენებლობაშიც მონაწილეობა ბაქარ მირიანის ძესაც მიუღია.

 

ამ დროიდან მოყოლებული ბოდბის მონასტერი ქართველ მეფეთა და დიდებულთა საზრუნავი იყო. მეხუთე საუკუნეში ვახტანგ გორგასალმა გააფართოვა ტაძარი. სამნავიანის ბაზილიკის სახე კი ტაძარმა მერვე-მეცხრე საუკუნეში მიიღო. მე-12 საუკუნეში დავით აღმაშენებლის ძის დემეტრე პირველის მეფობის დროს, კიდევ ერთხელ შეიმკო წმინდა ნინოს საფლავი. ამბობენ, მონღოლებმა, რომლებმაც მიწასთან გაასწორეს მთელი ქვეყანა, მხოლოდ ბოდბის ტაძარი და წმინდა ნინოს საფლავი არ აუოხრებით.

 

მე-13 საუკუნის ერთ-ერთ დოკუმენტში, ბოდბის ეპისკოპოსი ქისიყელი, იგივე ბოდბელი, 35 ეპისკოპოსთა შორის მეშვიდე ადგილზე იყო, ალავერდელისა და კუმორდოს ეპისკოპოსებს შორის, რაც დიდ პატივს ნიშნავდა. მე-15 საუკუნიდან კი კახეთის მეფეთა კურთხევა ბოდბის ტაძარში იმართებოდა. 1492 წელს აქ ეკურთხა მეფედ ალექსანდრე პირველი, 1605 წელს - თეიმურაზ პირველი. ამბობენ, მის კურთხევას ბოდბის მონასტერში შაჰ-აბასი ესწრებოდაო, მაგრამ ამას მისთვის ხელი არ შეუშლია, რამდენიმე წლის შემდეგ მონასტერი აეოხრებინა, რომელიც ისევე თეიმურაზ პირველმა აღადგინა.

 

ბოდბის მონასტერი იყო კულტურულ საგანმანათლებლო კერაც. აქვე იყო საქართველოში ერთ-ერთი უმდიდრესი წიგნთსაცავი. მე-18 საუკუნეში დაარსდა მამათა მონასტერი, 1889 წელს კი დედათა მონასტერი.

 

1902-1906 წლებში მონასტრის წინამძღვარი იყო იუველანია მეორე, ერობაში თამარ მარჯანიშვილი, ცნობილი ქართველი რეჟისორის, ქართული თეატრის დამფუძნებლის, კოტე მარჯანიშვილის და.

24 წელს კომუნისტებმა მონასტერი დახურეს. ბოდბის უკანასკნელი იღემენია თავადის ქალი ნინო ვჩნაძე, მიუხედავად მრავლგზის მუქარისა, მონასტერს არ ტოვებდა, მაგრამ საბოლოოდ ბოლშევიკებმა აიძულეს ბოდბის მონასტერი დაეტოვებინა.

 

მონასტრის სიწმინდეებს შორის გამორიჩეულია ივერიის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი.

 

მონასტერთან მოედინება ორი წყარო, ერთ-ერთ მათგანს წმინდა ნინოს წყაროს უწოდებენ. გადმოცემის თანახმად, ის წმინდა ნინოს ლოცვით აღმოცენებულა და ნაკურთხი წყლის ძალა აქვს. ამ წყაროში განბანვის შემდეგ მძიმე სნეულებით დაავადებული ადამიანები იკურნებოდნენ.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი