logo_geo
222 დღე აწამეს, სიკდილის წინ რუსთაველის თეატრთან ჩაატარეს - სანდრო ახმეტელი
- +

9 თებერვალი. 2020. 00:16

 

 

 

თბილისის რუსთაველის გამზირზე კომუნისტები მორიგ აღლუმს მართავენ. მთელი ქუჩა მორთულია სტალინის, ლენინის, მარქსის და ენგელსის ფოტოებით. რამდენიმე ფოტოთი რუსთაველის თეატრის შესასვლელიც დაამშვენეს.

 

ემზადება წითელი ინტელიგენცია, დიდი და პატარაა გარეთ გამოსული. ამ დროს, რუსთაველის თეატრში სულ სხვა სპექტაკლია დაგეგმილი, ყველამ იცის. რეჟისორმა სანდრო ახმეტელმა ფანჯრიდან უყურა ქუჩაში მიმდინარე მარაზმს და უეცრად, თავში რაღაცამ გაუელვა. სასწრაფოდ მოაძებნინა მის მიერ დადგმული შილერის "ყაჩაღების" უზარმაზარი აფიშა, ქვესათაურად შერჩეული სახელით: "ტირანების წინააღმდეგ" და აივანზე, ბელადების ფოტოების თავზე გაშალა.

 

ხალხი შოკში ჩავარდა, აღლუმზე მისულ პარტიულ ელიტას, გაგიჟებას არაფერი აკლდა. ესეც მიზეზი იყო, მეტი რა უნდოდათ? ბოლო წვეთებს, ერთიც დაემატა და დაიჭირეს.

 

222 დღე აწამებდნენ. 230 დღე გაატარა შინსახკომის დილეგში ფიზიკური, ფსიქოლოგიური და მორალური წნეხის ქვეშ. ბოლოს, ტკივილისგან დაოსებულმა, სიკვდილი ითხოვა.

საფასური, მრავალტომიან აბსურდულ ბრალდებებზე ხელის მოწერა გახდა. მოაწერა.

 

სულ ბოლოს, წამებისგან ღონემიხდილი და სიკვდილს დანატრული, თეატრთან, ღია მანქანით ჩაატარეს ბერიას ბრძანებით, მსახიობებს კი ამ საშინელი სანახაობის ყურება აიძულეს. ყველას უნდა სცოდნოდა, რა ბედი ელოდა ურჩ "ხალხის მტერს".

1937 წლის 29 ივნისს დახვრიტეს.

 

 

წყარო: ფეისბუქგვერდი „ისტორია ფერებით“

 

 

big_banner
არქივი