logo_geo
13 - შავი რიცხვი „თეთრი გენერლისთვის“
- +

12 თებერვალი. 2020. 01:28

 

 

1919 წლის 13 სექტემბერს, შაბათს, დღის 12 საათზე საქართველოს სამხედრო საბჭოს წევრი, გენერალ-ლეიტენანტი ილია ოდიშელიძე სოლოლაკში რტიშევისა და ბებუთოვის (დღევანდელი ასათიანის და იაშვილის) ქუჩების კუთხეში, სადაც მოხალისეთა არმიის წარმომადგენლობის შტაბი იყო განთავსებული, მოსალაპარაკებლად ეწვია რუსეთის მოხალისეთა არმიის წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში - კავალერიის გენერალ ნიკოლოზ ბარათოვს. შეხვედრის დამთავრების შემდეგ, ბარათოვმა კიროჩნი (დღევანდელი მარჯანიშვილის) ქუჩაზე გადაწყვიტა წასვლა, სადაც ის დროებით ცხოვრობდა, მაგრამ გენერლისთვის გამოყოფილი სამთავრობო მანქანა იგვიანებდა.

 

ბარათოვი ფრთხილობდა, რადგან ცოტა ხნის წინ, როდესაც ის აზერბაიჯანის მთავრობასთან მოსალაპარაკებლად იმყოფებოდა, ბაქოში მის საცხოვრებელ სახლთან, სადარბაზოში საათის მექანიზმიანი ბომბი ე.წ „ჯოჯოხეთის მანქანა“ (адская машина) აღმოაჩინეს. მძღოლის დაუდევრობით განაწყენებულმა გენერალმა, სახლამდე მიყვანა ოდიშელიძეს სთხოვა, რაზეც თანხმობა მიიღო და გენერლები ქუჩაში მდგომ სამხედრო სამინისტროს კუთვნილ N 20 ავტომობილის უკანა სავარძელში ჩასხდნენ, რომელიც ილია ოდიშელიძეს ემსახურებოდა. მათთან ერთად იმყოფებოდა - ბარათოვის ადიუტანტი პოლკოვნიკი სელიმ ალხავი, რომელიც წინ მძღოლის და მის თანაშემწის გვერდით დაჯდა. ავტომობილი ბარათოვის სახლისკენ ყოველდღიურად განსაზღვრული მარშრუტით წავიდა, გაიარა რუსთაველის პროსპექტი და ვერის დაღმართისკენ დაეშვა.

 

12 საათსა და 55 წუთზე „ზემელის“ მიდამოები აფეთქებების ხმამ შეძრა. მეორე უბნის კომისარმა ახვლედიანმა თავისი მილიციონერებით სასწრაფოდ ალყა შემოარტყა ვერის დაღმართს, სადაც აფეთქებები მოხდა. გაირკვა, რომ ვერის დაღმართის ჩასასვლელში - „ბირჟის მოედანთან“ უცნობმა თავდამსხმელებმა ზედიზედ ორი ყუმბარა ესროლეს სწორედ იმ ავტომობილს, რომელშიც ბარათოვი და ოდიშელიძე ისხდნენ. შემთხვევის ადგილი საზარლად გამოიყურებოდა: როგორც ჩანდა ორივე ყუმბარა მანქანის ქვეშ, წინა ნაწილისკენ გასკდა, რის გამოც ავტომობილის წინა ნაწილი მთლიანად დამსხვრეული იყო. აფეთქებები იმდენად ძლიერი იყო რომ, ყუმბარების დაცემის ადგილზე ქვაფენილი ამოგლეჯილი და ახლომახლო შენობების შუშები მთლიანად ჩალეწილი იყო. უგონოდ მყოფები მძღოლი ვასილ ჟუჟიაშვილი, მისი თანაშემწე შალვა სამათაძე და ბარათოვის ადიუტანტი პოლკოვნიკი სელიმ ალხავი გამვლელებმა სასწრაფოდ გადაიყვანეს იქვე მდებარე იტალიურ ამბულატორიაში, მაგრამ რამდენიმე წუთში ექიმმა კუბმა მათი გარდაცვალება დაადასტურა. ასევე სასიკვდილოდ დაიჭრა შემთხვევით გამვლელი მტვირთავი. დაიჭრნენ გენერლები - ბარათოვი და ოდიშელიძე. ბარათოვი უფრო მძიმედ - მას ყუმბარის ნამსხვრევები ფეხში და თავში ჰქონდა მოხვედრილი, ხოლო ოდიშელიძე შედარებით იოლად გადარჩა - მას ყუმბარის ნამსხვრევი სახის არეში, ნიკაპთან მოხვდა. მძიმედ დაჭრილი ბარათოვი და დაღუპულები შემთხვევით გამვლელი ინგლისელების სატვირთო ავტომობილით სასწრაფოდ გადაიყვანეს მიხეილის საავადმყოფოში, ხოლო ოდიშელიძემ თავისი ფეხით შეძლო იქვე ზემელის აფთიაქში შესვლა მსუბუქი ჭრილობების გადასახვევად. ნახევარ საათში შემთხვევის ადგილის დასათვალიერებლად მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია, შინაგან საქმეთა მინისტრი ნოე რამიშვილი, სახალხო გვარდიის მეთაური ვალიკო ჯუღელი, თბილისის მილიციის უფროსი ვალოდია სულაქველიძე და თბილისის ქალაქის თავი ბენია ჩხიკვიშვილი მივიდნენ.

 

 

 

 

წყარო: archive,ge

 

 

 

big_banner
არქივი