logo_geo
ლევან თაქთაქიშვილი: რუსებმა მოკლეს ის ქართველი, რომელიც იმპერატორის ერთგული იყო
- +

15 თებერვალი. 2020. 02:07

 

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი ლევან თაქთაქიშვილი სოციალურ ქსელში წერს:  

 

  „როცა ბანკში მისულ ილია ჭავჭავაძეს დიმიტრი ყიფიანის გარდაცვალების ამბავი შეატყობინეს, შეძრწუნებულ პირმოკუმულ და წარბშეკრულს ჯერ ქვედა ტუჩი აუთრთოლდა, "შემდეგ ორი მსხვილი ცრემლი გადმოეწურა და ლამაზ ულვაშზე დაეთხია. მე არასდროს არ მენახა ასეთი ჩუმი, მუნჯი და ამავე დროს, მეტყველი მწუხარება", - იხსენებს ქართული თეატრალური კულტურის დიდი მოამაგე ვალერიან გუნია.

დიმიტრი ყიფიანი უპირველესი ქართველი მონარქისტი იყო. ვერ ათქმევინებდი რუსეთის იმპერატორზე ცუდს. ამიტომ მას მიამიტად თვლიდნენ. სინამდვილეში ეს მისი შედეგობრივი ორიენტაცია იყო. ის არ ენდობოდა რუსულ ადმინისტრაციას. საქართველოს საჭირ-ბოროტო საკითხების გადასაჭრელად ყოფილ მეფის ნაცვალ რომანოვთან, მეფის ახლო ნათესავთან მეგობრობას იყენებდა. მისი ასეთი მიდგომა შედეგიანი იყო, მისი ეშინოდათ გაქსუებულ რუს მოხელეებს და ეს გახდა მისი მოკვლის მიზეზიც. ის საქართველოს ინტერესების დაცვას შეეწირა.. ჯერ გადაასახლეს და შემდეგ მოკლეს მაშინდელი მთავარმართებლის დონდუკოვ-კორსაკოვის მითითებით.

რა კურიოზულია, რომ რუსებმა მოკლეს ის ქართველი, რომელიც იმპერატორის ერთგული იყო, მოკლეს სწორედ იმიტომ, რომ მათი გახრწნილი მოღვაწეობა იმპერატორისათვის არ გამხდარიყო ცნობილი. ასევე კურიოზული იყო ის, რომ მონარქიის დამცველი ქართველის დაკრძალვა გახდა საქართველოში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის დასაწყისი ისევე, როგორც 1956 წელს სტალინის სახელის დაცვის მიზნით ჩატარებული გამოსვლების დარბევა. ასევე იყო ახალი განმათავისუფლებელი მოძრაობის დასაწყისი. ასეთი აფექტი აქვს ქართველ ერს. დიმიტრი ყიფიანზე მეტს არაფერს ვიტყვი. მისმა სიკვდილმა დააობლა ილია, აკაკი, მთელი საქართველო. აქედან დაიწყო ილიას მეფობის ხანა. მან ღირსეულად ჩაიბარა საქართველოს უგვირგვინო მეფობა, სანამ გულგაგმირული არ დაეცა წიწამურზე.

big_banner
არქივი