logo_geo
როგორ აღნიშნავდნენ თბილისში პირველ მაისს - უცნობი ისტორია
- +

2 მაისი. 2017. 03:21



ორ საუკუნეზე მეტია, რაც მსოფლიო მშრომელთა სოლიდარობის დღეს აღნიშნავს, რომელიც 1886 წელს ამერიკელი მუშების გაფიცვას უკავშირდება. 1889 წელს, მეორე ინტერნაციონალის პარიზის კონფერენციაზე პირველი მაისი მშრომელთა დაცვის დღედ გამოცხადდა, წითელი დროშა კი ამ დღის სიმბოლოდ იქცა.


მსოფლიო პროლეტარიატის განვლილ გზაზე და იმაზე, თუ როგორ დაიწყო ეს მოძრაობა, ბევრი დაწერილა. ამიტომ მკითხველს თავს აღარ შევაწყენთ და მხოლოდ რამდენიმე ნაკლებად ცნობილ ამბავს გავიხსენებთ საქართველოში პირველი მაისის აღნიშვნის ისტორიიდან.


საქართველოში მშრომელთა დაცვის დღე პირველად 1898 წელს აღინიშნა. აქციის ორგანიზატორები იყვნენ სოციალ-დემოკრატები. შეკრება თბილისთან, ქალაქგარეთ გაიმართა და მას სულ 75 კაცი ესწრებოდა.


1899 წლის პირველი მაისი უფრო ორგანიზებულად ჩატარდა. პირველად გამოჩნდა პროკლამაციები, სადაც ასახული იყო საპირველმაისო ზეიმის ისტორია, მნიშვნელობა და პროლეტარიატის მიზანი, თუმცა არც ეს აქცია იყო მასშტაბური.


1900 წელს იყო მცდელობა პირველი მაისის ღონისძიების ჩატარების ისევ სოციალ-დემოკრატების დახმარებით. მუშებმა პირველად წამოაყენეს მოთხოვნები: 8-საათიანი სამუშაო დღე; ჯამაგირის მომატება; იძულებით ზედმეტი სამუშაო საათების გაუქმება; უკეთესი სანიტარიული პირობები და მუშებისადმი მეტი პატივისცემით მოპყრობა.


გაფიცვა ორი კვირა გაგრძელდა და დამთავრდა იმით, რომ ოხრანკამ 150 მუშა დააპატიმრა, ნაწილი კი სახლებში გაუშვა, რადგან ციხეში ადგილი აღარ იყო.


თბილისში ამ დღეს მუშათა დემონსტრაცია ვერ გაიმართა, თუმცა საპირველმაისო გამოსვლა ქალაქგარეთ მაინც მოხერხდა, რომელსაც 500-მდე კაცი ესწრებოდა. პროკლამაციები დაიბეჭდა ქართულ და რუსულ ენებზე - „გაუმარჯოს რვასაათიან სამუშაო დღეს"; „ძირს ტირანია". ხალხი „მარსელიოზას" მღეროდა.


1901 წლის საპირველმაისო გამოსვლებისთვის კი მუშებმა სოციალ-დემოკრატებთან ერთად მზადება ჯერ კიდევ აპრილში დაიწყეს. ეს იყო პირველი მასშტაბური გამოსვლა იარლოვის მანქანათმშენებელი ქარხნის მუშების მოთხოვნით, სადაც იგივე ლოზუნგები იყო, რაც წინა წლებში: სამუშაო დღის შემცირება, ჯამაგირის მომატება, უსაფრთხოების დაცვა სამუშაო ადგილებზე.


22 აპრილს ქალაქის ცენტრში - სალდათის ბაზრის ტერიტორიაზე (დღევანდელი კოლმეურნეობის მოედანი) ჩატარადა დემონსტრაცია. აქციის მონაწილეებს ალექსანდროვის ბაღთან კაზაკთა რაზმი დახვდა და სასტიკად გაუსწორდა. რამდენიმე მუშა დაიღუპა, უმეტესობა დააპატიმრეს.


ეს ამბავი კი ასე ყოფილა. 1901 წლის 18 აპრილს, დილით, ტფილისის ფაბრიკების ჭიშკრებზე და მთავარი ქუჩების ლამპიონებზე გამოჩნდა პროკლამაციები. მანამდე მუშათა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მშრომელთა სოლიდარობის დღეს ტფილისის დემონსტრაცია უფრო ადრე გამართულიყო. პარტიულ ორგანიზაციებს დემონსტრაციაში მონაწილეობის მიღება ეკრძალებოდათ, მხოლოდ მუშები მონაწილეობდნენ. მუშათა ლიდერებს თავად უნდა გადაეწყვიტათ, ვინ აღმართავდა დროშას.


მიხეილის პროსპექტზე მდებარე ძმები ჩოდრიშვილების სახელოსნოში გაიმართა კენჭისყრა. დროშის აღმართვა დაევალათ მუშათა კომიტეტის წევრებს - ზაქარია ჩოდრიშვილს და არაქელა ოქუაშვილს. მათვე ითავეს 18 აპრილს, დილით ადრე, ნოე ჟორდანიას დაწერილი და ვლასა მგელაძის არალეგალურად ნაბეჭდი პროკლამაციების გავრცელება და დემონსტრაციის ადგილის შერჩევა.


გადაწყდა, დემონსტრაცია კვირას, 22 აპრილს, სალდათის ბაზარ „იარმუკაში" გაემართათ. 22 აპრილს ალექსანდრეს ბაღის განაპირას, სალდათის ბაზარში გამოჩნდნენ მუშები. არაქელა ოქუაშვილმა ერთ-ერთ მუშას პალტოს შიგნიდან ტანზე დახვეული კოლა მაჭარაძის მიერ მოხატული წითელი ბაირაღი შემოაცალა და გაბო ოქოევის მაღაზიიდან გამოტანილი „ჩოთქის" ხის ტარზე შემოახვია. ამასობაში ერთ-ერთმა მუშამ გასაყიდად გამოტანილი „ტაბურეტკა" ხელთ იგდო, ზედ ახტა და დაიძახა „ვაშა", სწორედ ამ დროს ააფრიალა არაქელა ოქუაშვილმა წითელი დროშა.


ეს ამბავი იმდენად მოულოდნელი იყო, რომ იქვე მდგარი გოროდავოი დაიბნა; წითელ დროშაზე გამოხატული მარქსის და ენგელსის პორტრეტები რომ დაინახა, ქუდი მოიხადა და პირჯვარი გადაიწერა.


„8-საათიანი სამუშაო დღე! ძმობა, ერთობა, თავისუფლება!" - ამ შეძახილებით მიიწევდნენ მუშები წინ.


დაბნეული პოლიციის რაზმი გონს მოეგო და დემონსტრანტებს წინ გადაუდგა. გაჩაღდა ხელჩართული ბრძროლა. პოლიცმეისტერი გოლოვანოვი დროშას მისწვდა, მაგრამ გააფთრებულ მუშას ხელიდან ვერ წაართვა.


აქციის მონაწილეებს ახალა უკვე კაზაკთა ცხენოსანმა რაზმმა შეუტია. მუშების უმრავლესობას, რომლებიც ძირს ეყარნენ, კაზაკები ხელებს უკრავდნენ და რიგში აყენებდნენ. სწორედ ამ დროს გამოჩნდნენ პეტერბურგიდან რევოლუციონერობისთვის გამოსახლებული სტუდენტი გოგონები ნინა ნოსარი, სარა ფილკელშტეინი, ალექსანდრა შაკოლი და სახე დაკაწრეს და ულვაშები დააგლიჯეს გოროდავოის.


თბილისური პირველმაისობის ამბავი ევროპამ რუსულენოვანი "ისკრის" ფურცლებიდან გაიგო, რის შემდეგაც საერთაშორისო სოციალისტური მოძრაობის რუკაზე საპატიო ადგილი თბილისის წითელმა დროშამაც დაიკავა.


ამ დღის შემდეგ მუშათა მოძრაობა შესუსტდა. ოხარნკის მიერ იდევნებოდნენ როგორც აქციის მონაწილეები, ისე მისი ორგანიზატორები. გრძელდებოდა აქტივისტების დაპატიმრება. ამბობენ, რომ იმ პერიოდში საქართველოში 200-ზე მეტი პოლიტპატიმარი იყო, ამიტომ 1901-დან 1904 წლამდე პირველმაისობა აღარ ჩატარებულა.


1905 წელს რუსეთში თებერვლის რევოლუციამ ბიძგი მისცა საქართველოში მუშათა მოძრაობის გააქტიურებას. თბილისში მუშათა გაფიცვები და დემონსტრაციები უფრო ინტენსიური გახდა. 1906 წლის მარტ-აპრილში უკვე დაიწყო მზადება საპირველმაისო გამოსვლისთვის.


პირველ მაისს მოეწყო დემონსტრაცია, რომელიც მუშებისთვის ასევე ტრაგიკულად დასრულდა. კაზაკთა რაზმთან შეტაკებაში დაიღუპა 50 მუშა. აქციის მონაწილეთა ნაწილმა თავი ვაჟთა გიმნაზიის შენობას (დღევანელი პირველი სკოლა) შეაფარა, მაგრამ კაზაკთა რაზმი ფეხდაფეხ მიჰყვა და გიმნაზიის შენობაში შეიჭრა.


სასტიკად გაუსწორდნენ აქციის მონაწილეებს, დახოცეს გიმნაზისტები და მასწავლებლები, მათ შორის იყვნენ ცნობილი საზოგადო მოღვაწე ზაქარია ჭიჭინაძე და შიო ჩიტაძე.


1906-დან 1917 წლამდე 1 მაისს დიდი გამოსვლები აღარ ყოფილა. 1917-21 წლებში რამდენიმე მშვიდობიანი გამოსვლა მოეწყო. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ კი 70 წლის მანძილზე საქართველოში საპირველმაისო დემონსტრაციები ყოველ წელს იმართებოდა.

 

 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი