logo_geo
გიორგი მღებრიშვილი: თავს არაფერს ვარიდებ, არასდროს პასუხისმგებლობას არ გავქცევივარ!
- +

9 ივლისი. 2017. 21:24



საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზე „იმედის კვირისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.


როგორც შს მინისტრმა განაცხადა, საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება და ვინაიდან საქმე ეხება საკმაოდ სენსიტიურ საკითხს, საზოგადოებას წინასწარი შეფასებებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა. 


„ამ ფაქტთან დაკავშირებით სხვადასხვა ვერსიები გავრცელდა. აფსურდული და დაუჯერებელი ვერსიებიც კი მოვისმინეთ. ამ ვერსიების გაცვლა-გამოცვლაში, შემიძლია გითხრათ, რომ საზოგადოებას დაავიწყდა ის, რომ ეს არის საკმაოდ სენსიტიური, საკმაოდ მნიშვნელოვანი საქმე და საჭიროებს სახელმწიფოებრივ მიდგომას.

 

ჩატარდა ასობით საგამოძიებო მოქმედება. ამოღებულია ვიდეოჩანაწერები, ვიდეომეთვალყურეობის კამერებიდან ცანაწერები. გამოძიება ერთ ადგილზე არ დგას, გამოძიება მიმდინარეობს.

 

ჩვენ მოსამართლის განჩინების საფუძველზე ამოვიღეთ ყველა ვიდეოჩანაწერი, რომელზეც მიგვითითა მუხთარლის ადვოკატმა. ყველა იმ ლოკაციიდან იქნა ამოღებული ეს ჩანაწერები. ხდება ანალიტიკური დამუშავება ჩანაწერების. სხვათაშორის, ეს ჩანაწერები გადაეცა მუხთარლის ადვოკატსაც, მაგრამ მას არ მოეწონა, იმდენად რამდენადაც იქ არ ჩანს გატაცების მომენტი. ჩვენ, სიმართლე გითხრათ, ხელოვნურად ვერ დავდგავთ გატაცების სცენებს. ვერ დავდგავთ მისთვის სასურველ სცენას. ობიექტურად რა მოცემულობაც გვაქვს, მივყვებით მას და როგორც გითხარით, გამოძიება მიმდინარეობს.

 

მინდა ყველას მოვუწოდო, რომ უნდათ თუ არ უნდათ, გამოძიებოს შედეგებს ჩვენ უნდა დაველოდოთ. ვითომ გულშემატკივრებს, ვითომ აღშფოთებულებს მე მინდა ვუთხრა, რომ გამოძიება აუცილებლად დასრულდება და დაიდება კონკრეტული დასკვნა", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.


გიორგი მღებრიშვილი აფგან მუხთარლის საქმეში ქართველი სპეცსამსახურების მონაწილეობას კატეგორიულად გამორიცხავს.


„მე კატეგორიულად გამოვრიცხავ საქართველოს შსს-ს თანამშრომლების მონაწილეობას მასში. უფრო მეტიც, მე კატეგორიულად გამოვრიცხავ ყველა ძალოვანი უწყების ჩართულობას ამ მოცემულობაში, რასაც გვტავაზობს მუხთარლი და მისი ადვოკატი.

 

არ მჯრეა, რომ ვინმეს სჯერა იმის, რომ შუადღეს, თბილისის ცენტრში, ფორმაში გამოწყობილი თანამშრომლები იტაცებენ ჯანღონით სავსე ადამიანს და ამის დამნახავი არავინ არაა, არ არსებობს არცერთი მოწმე, არ არსებობს ვიდეოჩანაწერი, სადაც შეიძლება რომ ჩანდეს ფორმაში გამოწყობილი ადამიანების გადაადგილებაც კი. მათ რატომღაც ასეთი მოცემულობა შემოგვთავაზეს, რომ კრიმინალური პოლიციის ფორმებში გამოწყობილმა ადამიანებმა გაიტაცეს აფგან მუხთარლი. ეს ცოდა ღიმილისმომგვრელია და ეს აშკარად დაუჯერებელია. არ მჯერა, რომ არსებობს ადამიანი, რომელიც ამ ვერსიას მიემხრობა", - განაცხადა შს მინისტრმა.


დააზარალებს თუ არა ქვეყნის იმიჯს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმე, შს მინისტრმა შემდეგნაირად უპასუხა:


„შსს-ს წარმომადგენლები, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები შეხვდნენ აკრედიტებული დიპკორპუსის წარმომადგენლებს საქართველოში, საერთაშორისო ორგანიზაციებს და მათ მიაწოდეს გარკვეული ინფორმაცია. მინდა გითხრათ, რომ საქართველო ითვლება უსაფრთხო ქვეყნად. საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა დასავლური ღირებულებებით და ამას ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც ადასტურებენ.

 

ქვეყნის შიგნით არსებობენ ძალები, რომლებიც პირდაპირ ეწევიან ჩვენი ქვეყნის დისკრედიტაციას! ხდება პირდაპირი დისკრედიტაცია ჩვენი სამართალდამცავი უწყებების და პირდაპირ გეტყვით, მთელი ჩვენი ქვეყნის.

 

შესაძლებელია კითხვები გაჩნდეს, მაგრამ ყველა კითხვაზე არსებობს პასუხი და ამ პასუხებს აუცილებლად გასცემს გამოძიება", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.


აქვე გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა, რომ მზად არის საქმესთან დაკავშირებით ყველა კითხვას გასცეს პასუხი. თუმცა, აქვე დასძინა, რომ აფგან მუხთარლის საქმეზე გაესაუბრება მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც მზად არიან კონკრეტული მტკიცებულებები და არგუმენტები მოისმინონ.


„მე თავს არაფერს ვარიდებ, როგორი მწვავე კითხვებიც არ უნდა იყოს ჩემი მისართით დასმული, მე ამ კითხვებს არ გავურბივარ. არასდროს პასუხისმგებლობას არ გავქცევივარ.  მე მქონდა შეხვედრა უმრავლესობასთან. რა თქმა უნდა, იქ კონსტრუქციული საუბარი გაიმართა. მე ვესაუბრები იმ ადამიანებს, ვისაც ესმით არგუმენტები და ვინც ითვალისწინებენ ფაქტებს. ადამიანები, რომლებიც თავის პოზიციაზე რჩებიან და არ უნდათ გაიგონ მტკიცებულებებით გამყარებული ფაქტები და არ უნდათ მოისმინონ არგუმენტები, მე ამ ადამიანებთან შეხვედრაზე დროს ნამდვილად არ დავკარგავ. ასე რომ, მე პრობლემა არ მაქვს. მე ყვალანაირ მწვავე კითხვას გავცემ პასუხს. მაგრამ, პასუხს გავცემ იმ ადამიანებს, ვინც ამას გაიგებს და არა მათ, ვინც თავის პოზიციებზე რჩება, ამ შემთხვევაში მე მხედველობაში მყავს ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.




 

big_banner
არქივი