logo_geo
„ეს არ ნიშნავს, რომ ვინმეს აქვს უფლება, პოლიციელი დააჩოქოს, ყელზე ბაწარგამობმული ატაროს და პირში ძვალი ჩასჩაროს!“
- +

9 ივლისი. 2017. 21:52



სირცხვილია მსგავსი კლიპების გადაღება", - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა „იმედის კვირასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში „ბირჟა მაფიას" მიერ გადაღებულ კლიპზე საუბრისას განაცხადა.


როგორც გიორგი მღებრიშვილმა აღნიშნა, არავის აქვს უფლება „რომ პოლიციელი დააჩოქოს, ყელზე ბაწარგამობმული ატაროს და პირში ძვალი ჩასჩაროს!"


„გულწრფელად გეტყით, რომ ნამდვილად არ მქონდა ნანახი ეს კლიპი. მე მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით იმასაც, რომ არავითარ შემთხვევაში მათი დაკავება არ უკავშირდება მათ ნამუშევარს. არ შეიძლება, რომ შური იძიოს ვინმემ, მითუმეტეს ამ ფორმით და მითუმეტეს პოლიციელებმა. მე ეს კლიპი ვნახე მხოლოდ მათი დაკავების შემდეგ. მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე ამ კლიპმა. ეს არ არის კონკრეტული პოლიციელის გაშარჟება. ეს არის მთელი სისტემის დაკნინების მცდელობა. უბრალოდ სირცხვილია მსგავსი კლიპების გადაღება, მაშინ, როდესაც დღეს და ღამეს ასწორებენ პოლიციელები ჩვენი ოჯახების, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი შვილების უსაფრთხოებისთვის. მაშინ, როდესაც მათი ჯანმრთელობა და სიცოცხლე დევს სასწორზე. არაერთი შემთხვევა გვაქვს ნანახი, როდესაც ჩვენი პოლიციელები ემსხვერპლნენ ზუსტად ამ უსაფრთხოების შენარჩუნებას. ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ. 24 საათის განმავლობაში ვმუშაობთ და შესაბამისად, შეიძლება შეცდომებიც მოგვდის. მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ ვინმეს აქვს უფლება, რომ პოლიციელი დააჩოქოს, ყელზე ბაწარგამობმული ატაროს და პირში ძვალი ჩასჩაროს! ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს ეს კლიპი. იმ ქვეყანაში, სადაც პოლიციელს და ჯარისკაცს პატივს არ სცემენ, ასეთ ქვეყანას მომავალი არ აქვს", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

 

რაც შეეხებათ „ბირჟა მაფიას" საქმეში მონაწილე პოლიციელებს, შს მინისტრის განცხადებით, აღნიშნული პოლიციელები დღემდე მუშაობენ უწყებაში.


შს მინისტრი აცხადებს, რომ დაელოდება გამოძიების შედეგებს და შესაბამის გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებს.


„ეს პოლიციელები მუშაობენ შსს-ში. როგორ ფიქრობთ, უდანაშაულობის პრეზუმფცია მხოლოდ კრიმინალებს ეხებათ და პოლიციელებს არა? მე დაველოდები გამოძიების შედეგებს. დაველოდები გამოიკვეთება თუ არა ამ თანამშრომლების ბრალეულობა და შემდეგ უკვე კანონის შესაბამისად, სრული დაცვით ვიმოქმედებთ", - აღნიშნა შს მინისტრმა.




 

big_banner
არქივი