logo_geo
„ეს ყველანაირ სამართლებრივ ნორმას სცილდება“ - შალვა ხაჭაპურიძე პროფკავშირებში არსებულ სამართალდარღვევებზე საუბრობს
- +

6 სექტემბერი. 2017. 19:52



ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე გაერთიანებულ პროფკავშირებში არსებულ სამართლებრივ დარღვევებთან დაკავშირებით ისაუბრა. ხაჭაპურიძის თქმით, კანდიდატებს არ ეძლევათ შესაბამისი დოკუმენტაცია, დელეგატთა სია და ასევე აღნიშნა, რომ სამანდატო კომისია წინასწარ არის არჩეული, რაც ძალიან მნიშვნელოვანი სამართალდარღვევაა.


„მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში დღის წესრიგში დადგა საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირის ხელმძღვანელობის არჩევა. ერთ-ერთ კანდიდატად ჩაერთო ჩვენი მეგობარი, ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი დავით ოქიტაშვილი, რომელიც წლების განმავლობაში ჩვენთან ერთად იდგა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ის მუხლჩაუხრელად იბრძოდა, არ დაუტოვებია ადამიანის უფლების დარღვევის არცერთი ფაქტი მაშინ, როდესაც წლების განმავლობაში სამწუხაროდ, ვხედავდით სიტუაციას, როდესაც ირღვეოდა მშრომელთა უფლებები, ადამიანის უფლებები და პროფკავშირების მხრიდან რატომღაც ვერ ვხედავდით ვერც ერთ განცხადებას.

 

ადამიანები სწორედ იმიტომ გაერთიანდნენ პროფკავშირში, რომ მოხდეს მათი უფლებების დაცვა. საჭიროდ ჩავთვალე, ჩავრთულიყავი ამ საქმეში, რათა საზოგადოებისთვის უფრო ნათლად დამენახვებინა ის პრობლემები, რაც პროფკავშირებში არსებობს.

 

ყველას აქვს გათვითცნობიერებული, რომ საქართველოს პროფკავშირებში დადგა ცვლილებების განხორციელების დრო. ამ ცვლილებებისთვის საჭირო არის, რომ არსებობდეს საკანონმდებლო ბაზა, მივიდნენ ადამიანები, რომლებსაც სხვა ხედვები აქვთ და მიზანი არის ის, რომ ადამიანების უფლებების დაცვა მოხდეს უკეთ, მიუხედავად იმისა, არიან ისინი გაწევრიანებული პროფკავშირებში თუ არა. ცვლილებების განხორციელებისთვის არჩევნებში მონაწილე კანდიდატს საკანონმდებლო ბაზიდან უნდა ჰქონდეს გარანტიები, რომ თავისუფლად, ხელის შეშლის გარეშე მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში.

 

რკინიგზასთან განვითარებული მოვლენების შემდეგ პროფკავშირების დღევანდელმა თავმჯდომარემ გააკეთა განცხადება, რომ იგი დატოვებს სოლიდარული პარტნიორობის ცალმხრივ კომისიას, რაც  მისი მხრიდან ერთგვარი პროვოკაცია იყო. ის თამაშგარე მდგომარეობაში აყენებდა პროფკავშირებს და იკარგებოდა საუკეთესო ტრიბუნა, საიდანაც პროფკავშირების თავმჯდომარეს მეტი ბერკეტებით შეეძლო მთავრობასთან მიეტანა მშრომელთა უფლებები და ამ ადამიანების უფლებები უკეთ ყოფილიყო დაცული. გაჩნდა ეჭვი იმის შესახებ, რომ პეტრიაშვილმა ეს ნაბიჯები გადადგა იმისთვის, რომ დაეწყო ვაჭრობა ხელისუფლებასთან მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით.

 

შექმნილ ვითარებაში აუცილებელი გახდა, თავი წარმოეჩინათ დამოუკიდებელ კანდიდატებს. გამოჩნდა დავით ოქიტაშვილი, დამოუკიდებელი კანდიდატი, რომელმაც გადაწყვიტა, მიეღო მონაწილეობა, რადგან იგი წლების განმავლობაში ადამიანის უფლებათა დამცველად გვევლინებოდა საქართველოში.

 

იმისათვის, რომ კანდიდატმა არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, მას აუცილებლად ესაჭიროება ის დოკუმენტაცია, რომელიც მისცემს მას საშუალებას, უკეთესად წარმოადგინოს საკუთარი პროგრამა და არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიულად, თუმცა, წავაწყდით შემდეგ პრობლემებს. პირველი არის ის, რომ კანდიდატს არ ეძლევა შესაბამისი დოკუმენტაცია.  მეორე - თავმჯდომარე არჩეულ უნდა იქნას დელეგატების მიერ. ამისთვის აუცილებელია, იცოდე დელეგატთა ვინაობა. დღემდე კანდიდატს არ ეძლევა დელეგატთა სია.

 

ასევე, გვაქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ სანამ ოქიტაშვილის კანდიდატურა გამოჩნდებოდა, შერჩეული იყვნენ სხვა დელეგატები და ამ ადამიანის გამოჩენის შემდეგ ეს კანდიდატები პეტრიაშვილის მიერ ერთპიროვნულად იქნენ ჩანაცვლებულები.

 

დარღვეულია ასევე წესდების მე-12 მუხლის მე-8 ქვეპუნქტი იმის შესახებ, რომ ყრილობამდე ორი კვირით ადრე კანდიდატებს უნდა მიწოდებოდათ ყრილობის დღის წესრიგი. ოქიტაშვილს ყრილობის დღის წესრიგი გადაეცა გუშინ, მოგეხსენებათ, ყრილობა არის 15 სექტემბერს, გამომდინარე აქედან, ეს პუნქტი უკვე დარღვეულია. შესაბამისად, ჩნდება კითხვა, თუ არჩევნები გამჭვირვალედ უნდა ჩატარდეს, კანდიდატებს დღის წესრიგს რატომ არ აძლევენ?

 

ასევე, მოგეხსენებათ, რომ არჩევნების დღეს ირჩევენ სამანდატო კომისიას, რომლის წევრები ითვლიან ხმებს და ა.შ. ირკვევა, რომ ყრილობის გამართვამდე სამანდატო კომისია უკვე არჩეულია. მინდა გითხრათ, რომ აღნიშნული დარღვევა ყველანაირ სამართლებრივ ნორმას სცილდება, წარმოუდგენელია, ყრილობამდე ირჩევდე სამანდატო კომისიას.

 

ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ პროფკავშირების სათავეში მოკალათებულია პიროვნება, რომელიც ერთპიროვნულად, ავტოკრატიულად მართავს პროფკავშირებს და პროფკავშირების ქონებას.

 

ფაქტია, პეტრიაშვილი 15 სექტემბერს არ აპირებს არანაირი არჩევნების ჩატარებას, ეს არის ილუზია... პეტრიაშვილი აპირებს, თავის „საძმოსთან" ერთად მოგვიწყოს ახალი გადატრიალება და მახსენდება ბრეჟნევის ეპოქა, როდესაც ადამიანს ირჩევდნენ და სიკვდილამდე ვერ გაიტანდნენ კაბინეტიდან.

 

სწორედ ამიტომ, ჩვენ, ადვოკატთა საკმაოდ ძლიერი ჯგუფი, ჩავერთვებით საქმეში და ვაჩვენებთ 21-ე საუკუნის „პატარა ცახესს", როგორ უნდა გადატრიალების მოწყობა დღევანდელ საქართველოში", - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.


ხაჭაპურიძის თქმით, ოქიტაშვილის მოთხოვნაზე, გადაეცათ მისთვის დელეგატთა სია, პასუხად მოვიდა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ დელეგატთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მიზანშეწონილად არ თვლიან, აღნიშნული სია კანდიდატებს გადასცენ.


ხაჭაპურიძის განცხადებით, წლების განმავლობაში პროფკავშირებში მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით მოკლე პერიოდში მიმართავენ პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით.


„უახლოეს დღეებში მივმართავთ პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება და შეისწავლოს, რა მოვლენებთან გვქონდა საქმე. მეორე, რასაც ვაპირებთ, არის, რომ სარჩელით მივმართოთ სასამართლოს წესდებებთან და დოკუმენტაციასთან დაკავშირებით და მესამე - ვამზადებთ სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში, რამდენად კონსტიტუციურია ის ყრილობა, რომლის ჩატარებასაც პეტრიაშვილი აპირებს. მივმართავთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, უფლებადამცველ ორგანიზაციებს და ასევე იუსტიციის სამინისტროს, რადგან მას აუცილებლად უნდა შეემჩნია დოკუმენტაციაში არსებული დარღვევები", - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.  









 


 

big_banner
არქივი