logo_geo
ოთარ აბესაძეს დღეს, სავარაუდოდ, ჰოსპიტალში გადაიყვანენ
- +

23 ოქტომბერი. 2017. 10:53

 


ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულ მერიის ყოფილ თანამშრომელს ოთარ აბესაძეს დღეს, სავარაუდოდ, ჰოსპიტალში გადაიყვანენ. როგორც „ინტერპრესნიუსს" აბესაძის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ განუცხადა, საავადმყოფოში აბესაძეს საფუძვლიანი გამოკვლევები ჩაუტარდება. ადვოკატის თქმით, ბრალდებულისთვის საფუძვლიანი გამოკვლევების ჩატარების მიზნით მისი ჰოსპიტალში მოთავსება სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტის მოთხოვნით მოხდება.


როგორც ადვოკატმა აღნიშნა, აბესაძეს არამხოლოდ ფსიქოლოგიურ მდგომარეობას შეუმოწმებენ, არამედ ჩაუტარდება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა სახის კვლევები, რის შემდეგაც საბოლოო დასკვნა დაიდება.


ბრალდებულთან ამ დრომდე ციხის ფსიქოლოგები მუშაობენ.


მერიის ყოფილი თანამშრომელი ოთარ აბესაძე ქრთამის აღების ბრალდებით სუს-მა დააკავა. გამოძიების თანახმად, აბესაძემ მდინარე მტკვარზე, გარკვეული კონსტრუქციის აშენებისთვის საჭირო ნებართვის მისაღებად და ნებართვის მიღებამდე მშენებლობის წარმოების მფარველობის სანაცვლოდ მოქალაქეს 3 ათასი დოლარი ქრთამის სახით გამოართვა.


ამჟამად სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს. არაერთი შუამდგომლობის მიუხედავად, ოთარ აბესაძეს შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა არ შეცვლია და ის დღემდე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში რჩება.








 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი