logo_geo
დიდუბის ავტოსადგურში ქალის სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე 2 პირი დააკავეს
- +

20 ნოემბერი. 2017. 15:33



თბილისში, დიდუბის ავტოსადგურში ქალის სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე 2 ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს. პოლიციამ მათ მიმართ ოქმი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით შეადგინა, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.


დაკავებულები 24 საათის განმავლობაში იზოლატორში იყვნენ მოთავსებულები, რის შემდეგაც სასამართლოში გადაიყვანეს.


თბილისის საქალაქო სასამართლომ ისინი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად სცნო და 100-100 ლარით დააჯარიმა.


საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლი, რაც გულისხმობს წვრილმან ხულიგნობას, ანუ საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინებას, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელ გადაკიდებას და სხვა ამგვარ მოქმედებას, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს, - გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით ან, თუ საქმის გარემოებებისა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, - ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.


შეგახსენებთ, ორი დღის წინ სოციალურ ქსელში ვიდეომასალა გავრცელდა, საიდანაც ჩანს, დიდუბის ავტოსადგურში ორი ახალგაზრდა მამაკაცი როგორ აყენებს გამვლელ ქალს სიტყვიერ შეურაცხყოფას უცენზურო სიტყვების გამოყენებით და მოწოდების მიუხედავად, რომ შეეწყვიტათ შეურაცხყოფა, როგორ აგრძელებენ ხულიგნობას. ინციდენტის ადგილზე პოლიცია დაზარალებულმა გამოიძახა.




 

წყარო: reginfo.ge

 

 

 


 

big_banner
არქივი