logo_geo
ბექა სივსივაძე: 26 მაისის აქციაზე ტერიტორიას ვერ ვტოვებდით, რადგან ჩაკეტილები ვიყავით
- +

20 ნოემბერი. 2017. 21:22



26 მაისის საქმეზე ბრალდებული შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესზე ჩვენება დღეს გაზეთ „ასავალ-დასავალის" ყოფილმა ჟურნალისტმა მისცა. ბექა სივსივაძემ აქციის მონაწილეთა მიმართ სპეცრაზმელების სისასტიკეზე ილაპარაკა. მისი თქმით, სპეცრაზმელები მის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდნენ. მისივე მტკიცებით, დემონსტრანტებს ტერიტორიის დატოვების საშუალება არ ჰქონდათ, რადგან მიმდებარე ტერიტორია ჩაკეტილი იყო.


„26 მაისს სახალხო კრების მიერ ორგანიზებულ აქციაზე გახლდით, სადაც ჩემს ჟურნალისტურ საქმიანობას ვახორციელებდი. მას შემდეგ, რაც სააკაშვილის სპეცრაზმელებმა გადაკეტეს ყველა გასასვლელი, მე და ჩემი კოლეგა გიორგი მამაცაშვილი ვეცადეთ, რომ თავისუფლების მოედნის მიმართულებით გავსულიყავით. მათ არ მოგვცეს ჩვენი ჟურნალისტური საქმიანობის გახორციელების საშუალება. ტროტუარზე გავლის უფლებაც კი არ მოგვცეს. პირადად მე 39 რეზინის ტყვია მომხვდა, მივიღეთ მძიმე ტრავმები. ხელ-ფეხი შეგვიკრეს", - განაცხადა ბექა სივსივაძემ.


შს მინისტრის ყოფილ მოადგილეს გია ლორთქიფანიძეს, კუდის ყოფილ დირექტორს დათა ახალაიას, მის ყოფილ მოადგილეს ვაჟა ლელუაშვილს და კუდის ყოფილ თანამშრომლებს ლევან ქარავას და რევაზ შიუკაშვილს ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ედებათ. ბრალდების მტკიცებით, მათ 26 მაისს ორგანიზება გაუწიეს რუსთაველის გამზირის მიმდებარედ ქუჩების გადაკეტვას და აქციის მონაწილეები ალყაში მოაქციეს.


 

big_banner
არქივი