logo_geo
„მოვუწოდებთ მოსახლეობას...“ - სუს-ი განცხადებას ავრცელებს
- +

22 ნოემბერი. 2017. 12:53



„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტის მიერ, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია ერთი პირი, ხოლო დანარჩენი პირების დასაკავებლად მიმდინარეობს სპეციალური ოპერაცია", - ამის შესახებ ინფორმაციას სუს-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი ავრცელებს. მისივე თქმით, ამ დროისთვის აღნიშნული პირების ვინაობის დადგენა მიმდინარეობს.

 

„წინასწარი ინფორმაციით, აღნიშნული პირები არ არიან საქართველოს მოქალაქეები და არიან ტერორისტული ორგანიზაციის წევრები. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტი ოპერაციის საწყის ეტაპზე აწარმოებდა მოლაპარაკებებს მათთან სამართალდამცველებისთვის ჩაბარების თაობაზე, რაზეც მათ უარი განაცხადეს. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა გახსნეს ცეცხლი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან და ხელყუმბარები ისროლეს. სროლის შედეგად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ერთი თანამშრომელი დაიჭრა.

 

ამ დროისთვის, მიმდინარეობს აღნიშნული პირების ვინაობის სრული იდენტიფიკაცია. მათი სავარაუდო დანაშაულებრივი კავშირების დადგენის მიზნით, საგამოძიებო მოქმედებები ხორციელდება როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით განხორციელდა ადგილობრივი მცხოვრებლების ევაკუაცია იმ კორპუსის სადარბაზოდან, რომელშიც უშუალოდ მიმდინარეობდა სპეცოპერაცია და ასევე, მიმდებარე ტერიტორიიდან.

 

სპეცოპერაციის დროს ადგილობრივი მოსახლეობისადმი მიყენებული ზარალი მათ სრულად აუნაზღაურდებათ.

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საზოგადოებას მიმდინარე სპეცოპერაციის შესახებ განახლებულ ინფორმაციას მოვლენათა განვითარების შესაბამისად მიაწვდის.

 

მოსახლეობას მოვუწოდებთ, მაქსიმალურად შეიკავონ თავი აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილებისაგან და დაემორჩილონ სამართალდამცველთა მითითებებს", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.


 

big_banner
არქივი