logo_geo
არსებული ინფორმაციით, კაცი, რომლის დახმარებითაც ტერორისტებმა ბინა იქირავეს, დაკავებულია
- +

22 ნოემბერი. 2017. 19:32

 


როგორც ირკვევა, სუს-ის მიერ დაკავებული ადამიანი ასლან ჯაბრაილოვის ცოლისძმა რიზვან გორნაკაშვილია. ეს ინფორმაცია imedinews-ს პანკისის მცხოვრებლებმა მიაწოდეს. მათი თქმით, რიზვან გორნაკაშვილი „მოდულის" შენობაში იმყოფება.


რიზვან გორნაკაშვილის დაკავებას პანკისის უხუცესთა კავშირის თავმჯდომარე გამოეხმაურა. ზელიმხან წუწაშვილი, რომელიც ასევე სოფელ ომალოში გორნაკაშვილის მეზობელიცაა, გორნაკაშვილის ტერორიზმთან კავშირს კატეგორიულად გამორიცხავს.

 

„არის დადებითი პიროვნება. ადამიანი, რომელიც ყველას ეხმარება, თუ რამე უჭირს. ის თბილისიდან სოფელ ომალოში, ოჯახში, პერიოდულად ჩამოდის. ერთი კვირაა გორნაკაშვილი ხეობაში არ ყოფილა. ჩვენთვის წარმოუდგენელია მისი ტერორიზმთან რაიმე კავშირი", - განუცხადა imedinews-ს უხუცესთა კავშირის თავმჯდომარემ ზელიმხან წუწაშვილმა.


არსებული ინფორმაციით, ასლან ჯაბრაილოვის ბინა, მისი ცოლისძმის რიზვან გორნაკაშვილის შუამდგომლობით გაქირავდა. ჯაბრაილოვი დილით პოლიციამ ჯერ სოფელ დუისში, შემდეგ კი ახმეტის პოლიციაში დაკითხვაზე გადაიყვანა.


რაც შეეხება რიზვან გორნაკაშვილს, ის სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს და, სავარაუდოდ, „მოდულის" შენობაში დაკითხვაზე გადაიყვანეს. ხეობაში ამბობენ, რომ „მოდულის" შენობაშია გადაყვანილი ასლან ჯაბრაილოვიც.


ცნობილია, რომ ბინა, რომელშიც ტერორიზმში ეჭვმიტანილები იყვნენ გამაგრებულები, პანკისის ხეობაში მცხოვრებ ასლან ჯაბრაილოვს ეკუთვნის. ამასთან, ჯაბრაილოვის ოჯახის წევრები ტერორიზმში ეჭვმიტანილებზე ბინის მიქირავებას უარყოფენ.


თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე კონტრტერორისტული სპეცოპერაცია 1 საათის წინ დასრულდა. imedinews-ის ინფორმაციით, ყველა სავარაუდო დამნაშავე ლიკვიდირებულია.


სპეცოპერაციის დროს, სამართალდამცველებსა და ტერორიზმში ეჭვმიტანილებს შორის შეტაკება რამდენჯერმე მოხდა. ერთ-ერთი ასეთი სროლის დროს კი სპეცრაზმელი დაიჭრა, რომელიც საავადმყოფოში რამდენიმე ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა.











 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი