logo_geo
შს სამინისტრო ნარკორეალიზაციის ნაწილში სასჯელის გამკაცრებას მოითხოვს
- +

17 იანვარი. 2018. 20:21



შინაგან საქმეთა სამინისტრო ნარკორეალიზაციის ნაწილში სასჯელის გამკაცრებას მოითხოვს. ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ნარკოპოლიტიკაზე საუბრისას განაცხადა.

 

„ნარკოპოლიტიკასთან მიმართებაში მინდა, ჩვენთვის, როგორც უწყებისთვის და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან რამდენიმე ასპექტს გავუსვა ხაზი. პირველ რიგში, ნარკოპოლიტიკის ძირითადი ამოცანა უნდა იყოს ახალი მომხმარებლების არგაჩენა ჩვენს საზოგადოებაში და მომხმარებლების რეაბილიტაცია. ყველანაირი ჰუმანიზაცია და ე.წ. ლიბერალიზაცია ნარკოპოლიტიკისა უნდა აზღვევდეს წახალისების რისკს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მეორე მხრივ, ჩვენ, როგორც ნარკოდანაშაულთან მებრძოლი უწყება, ერთმნიშვნელოვნად მოვითხოვთ ნარკორეალიზაციის და გავრცელების ნაწილში სასჯელის გამკაცრებას. მიუხედავად ამისა, გვესმის, რომ ისეთი კომპონენტები, როგორიცაა სასჯელების ვადები ან შემოწმების ფორმები, გადახედვადია და აქ ჰუმანურობის გარკვეული დერეფანი გვაქვს და გვაქვს საშუალება, უფრო პროგრესული გავხადოთ ჩვენი კანონმდებლობა. მეორე მხრივ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ საკონსტიტუციო სასაამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით შეგვექმნა გარკვეული სტატუს-კვო და ჩვენ, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო ვთვლით, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება ნარკოპოლიტიკის მხრივ დღეს გახლავთ შემდგომი საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნა იმ გადაწყვეტილებებისთვის, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო. დღეს შთაბეჭდილება რჩება, რომ ჩვენი საზოგადოების ზოგიერთ წევრს ჰგონია, რომ მარიხუანის მოხმარება დაშვებულია. სინამდვილეში ეს ასე არ არის", - განაცხადა გიორგი გახარიამ.



შესაბამისად, შს მინისტრის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ შესაქმნელია ის საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც საშუალებას მოგვცემს, არ მოხდეს ნარკომოხმარების წახალისება და ამავდროულად, მოქალაქეების შეცდომაში შეყვანა.


 

big_banner
არქივი