logo_geo
ტერორიზმის ხელშეწყობაში ბრალდებულ ანატოლი ბერძენიშვილს პატიმრობა შეუფარდეს
- +

24 იანვარი. 2018. 21:19



ტერორიზმის ხელშეწყობაში ბრალდებულ ანატოლი ბერძენიშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.


დახურულ სხდომაზე პროკურორმა ბრალდებულის პატიმრობა მოითხოვა, დაცვის მხარემ კი ალტერნატივის სახით 10 000-ლარიანი გირაოს შუამდგომლობა დააყენა.


პროკურატურის მტკიცებით, ანატოლი ბერძენიშვილი 2017 წლის ოქტომბერში საქართველოში გადმოსვლაში დაეხმარა თბილისში ორი თვის წინ ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებულ ახმედ ჩატაევს და მის დაჯგუფებას.


ბრალდებული თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. მისი ოჯახი ამბობს, რომ ბერძენიშვილი ჩატაევს არ იცნობდა. ადვოკატების ინფორმაციით კი ბრალდებული ჩატაევს იცნობდა, თუმცა მასთან რაიმე ურთიერთობა არ ჰქონია.


დაკავებულის ახლობლები ასევე ადასტურებენ ბერძენიშვილის მეგობრობას ტერორიზმის საქმეზე დაკავებულ ხიზირ მარგოშვილთან.


ანატოლი ბერძენიშვილის მრავალტომიანი საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 22 თებერვალს დაიწყება.


სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას ბერძენიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე, დაცვის მხარე სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.









 

big_banner
არქივი