logo_geo
ირაკლი ოქრუაშვილი: ვადასტურებ, მითქვამს, რომ შანსს არ გავუშვებ გავანადგურო სააკაშვილი
- +

14 მარტი. 2018. 14:18


თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ მას გამოძიების ეტაპზე ჩვენებები მშრალად აქვს მიცემული და შემდეგ მოხდა მათი განვრცობა. ოქრუაშვილმა ჩვენების მიცემის პერიოდიც გაიხსენა.


„მე მერაბიშვილი არ მყავდა მითითებული წინასწარი გამოძიების დროს მიცემულ ჩვენებისას, ამას ჩემი სუბიექტური დამოკიდებულებით ვხსნი.

 

მე გამოძიებისთვის არასდროს მიმიცია ურთიერთგამომრიცხავი ჩვენება, მე ვთქვი, რომ ჩემი ჩვენებები ამ საქმეში იყო მშრალი, იმის გამო, რომ მაშინ როდესაც ვალერი გელაშვილი კარიბის კუნძულებზე ისვენებდა, მე გლდანის ციხეში უნდა მიმეცა ჩვენება. სუბიექტური დამოკიდებულებიდან გამომდინარე, პროკურორს ვუთხარი, რომ ჯერ დაეკითხათ გელაშვილი და შემდეგ ჩემთან მოსულიყვნენ", - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.


თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მას ნათქვამი აქვს, რომ შანსს არ გაუშვებდა „მიხეილ სააკაშვილი გაენადგურებინა".

 

„მე ვადასტურებ, რომ მითქვამს, შანსს არ გავუშვებ, რომ არ გავანადგურო სააკაშვილი-მეთქი. ეს ნიშნავს, რომ ვითანამშრომლებ გამოძიებასთან. ეს არაერთხელ მაქვს დაფიქსირებული. აქ არ იგულისხმება რომ მანიპულაციას ვაპირებ", - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის გიორგი ჩივიაშვილის შეფასებით, ირაკლი ოქრუაშვილის ნათქვამი არ არის სარწმუნო სხვადასხვა გარემოებების გამო. კერძოდ, გიორგი ჩივიაშვილის თქმით, ირაკლი ოქრუაშვილს საგამოძიებო უწყებაში დაკითხვის დროს ნახსენები არ ჰყავს მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის დროს ვანო მერაბიშვილი, თუმცა დღევანდელ პროცესზე ირაკლი ოქრუაშვილმა ვანო მერაბიშვილზეც ისაუბრა.




 

big_banner
არქივი