logo_geo
13 წლის ბავშვის ინფორმაციით, მამაკაცს, რომელიც ლიფტში თავს დაესხა, ეშმაკები ელანდებოდა
- +

29 მარტი. 2018. 12:42



მამაკაცს, რომელიც 13 წლის მოზარდს ლიფტში თავს დაესხა, ამჟამად ექსპერტიზა უტარდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს.


„ინტერპრესნიუსისთვის" ცნობილი გახდა, რომ შემთხვევის შემდეგ პოლიცია მოზარდს მცირე ხნით გაესაუბრა, რა დროსაც მან თავდასხმის გარკვეული დეტალები მოყვა.


ბავშვის ახლობლების ინფორმაციით კი, 13 წლის ბავშვი ჰყვება, რომ მამაკაცს, რომელიც ლიფტში თავს დაესხა, ეშმაკები ელანდებოდა. ამ ეტაპზე სამართალდამცველები ექსპერტიზის დასკვნებს ელოდებიან.


13 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია. მკურნალობას ნევროლოგიურ დეპარტამენტში ტვინის შერყევის დიაგნოზით განაგრძობს. ასევე, მიმდინარეობს მკურნალობა თვალზე და მუდმივი მონიტორინგის ქვეშ იმყოფება.


შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გუშინ თბილისში, ვაჟა-ფშაველას მე-7 კვარტალში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე, 1996 წელს დაბადებული რ.ა. არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, დანაშაული თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე ისჯება.

 

„პატრულ-ინსპექტორებს საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში, დაახლოებით, 13 წლის ბიჭი დახვდათ, რომელსაც სხეულზე დაზიანება აღენიშნებოდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ არასრულწლოვანი საავადმყოფოში გადაიყვანა. გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ აზერბაიჯანის მოქალაქემ 2004 წელს დაბადებულ ნ.ც.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. პოლიციამ უცხო ქვეყნის მოქალაქე ადგილზე დააკავა. გამოძიების ფარგლებში დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები", - ნათქვამია განცხადებაში.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი