logo_geo
გიორგი გახარია: კიბერუსაფრთხოების სამმართველო მუშაობს, რომ ნარკოტიკის ონლაინ-შეძენის შესაძლებლობა სრულად დაიბლოკოს
- +

15 მაისი. 2018. 14:44

 

 

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ადასტურებს, რომ არსებობს საიტი, რომლიდანაც ნარკოტიკული ნივთიერებების ონლაინ-შეძენა იყო შესაძლებელი.

 

მისი თქმით, უწყებამ აღნიშნულ საკითხზე იმუშავა და საიტი დაიბლოკა, თუმცა, თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში, მასზე  მოხვედრის ხერხები არსებობს.

 

„პირველი  – ერთმნიშვნელოვნად მინდა აღვნიშნო, რომ მსგავსი საიტი არსებობს. მეორე  – ამ საიტთან დაკავშირებით ჩვენ კომუნიკაციების მარეგულირებელთან ერთობლივად ვიმუშავეთ და საიტი დავბლოკეთ. თუმცა თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში,  სხვადასხვა გზა არსებობს გვერდის ავლით იგივე საიტზე მოხვედრის.  ჩვენ დღესაც ამ პროცესში ვართ. სამწუხაროდ, დღევანდელი ტექნოლოგიების დონეზე ელექტრონული სივრცის სრულად გაკონტროლება, სადაც მსგავსი დანაშაული ხდება, შეუძლებელია“, – განაცხადა გახარიამ.

 

ამასთან, მისი თქმით, მიუხედავად ამისა, უწყებას ყველა მსგავს ინფორმაციაზე მყისიერი რეაგირება აქვს.

 

„ჩვენ ყოველთვის, როდესაც ასეთი ინფორმაცია გადის, სწრაფი რეაგირება გვაქვს, როგორც ამ საიტთან დაკავშირებით. აღნიშნული  საიტის ძირითადი კომპონენტი დაბლოკილია. სხვა საიტები არ არსებობს  – ეს ერთი და იგივე საიტია, ამ საიტზე მოხვედრის სხვადასხვა ხერხებია. მასზე მოხვედრის რამდენიმე ოფცია დაბლოკილი იყო. როგორც ჩანს, ახალი გაჩნდა, რაზეც ჩვენი კიბერუსაფრთხოების სამმართველო უკვე მუშაობს“, – განაცხადა გახარიამ.

 

 

big_banner
არქივი