logo_geo
ეკატერინე გასიტაშვილი: სტრასბურგში საქართველო ძლიერად იყო წარმოდგენილი, რუსეთის პოზიცია კი, გაყალბებული უახლესი ისტორიის აღწერა იყო
- +

23 მაისი. 2018. 16:33

 

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე გასიტაშვილის განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში დღევანდელ სხდომაზე საქართველოს სამართლებრივი არგუმენტები მძლავრი აქცენტებით იყო წარმოჩენილი, რუსეთის პოზიცია კი, გაყალბებული უახლესი ისტორიის აღწერა იყო.

 

გასიტაშვილის განცხადებით, საქართველო სხდომაზე ძალიან საინტერესოდ და ძლიერად წარდგა. რუსული მხარის არგუმენტები კი ის იყო, რომ გარკვეული მტკიცებულებები ფოტოების, სიუჟეტების, სოციალურ ქსელში დადებული ინფორმაციის სახით არსებობდა.

 

„საქართველოს მხარე ძალიან საინტერესოდ და ძლიერად იყო წარმოდგენილი, სამართლებრივი არგუმენტები და ფაქტობრივი მოტივაცია იყო საკმაოდ დეტალურად, მძლავრი აქცენტებით წარმოჩენილი. რაც შეეხება რუსეთის პოზიციას, გარკვეული ნაწილი, ცოტა არ იყოს, გაყალბებული უახლესი ისტორიის აღწერა იყო, რაც, გულწრფელად რომ ვთქვა, ვერ გავიგე, სამართლებრივად რატომ იყო საჭირო.

 

ფაქტობრივ ნაწილს რაც შეეხება, ძირითადი არგუმენტები რუსული მხარის იყო ის, რომ არსებობდა გარკვეული მტკიცებულებები ფოტოების, სიუჟეტების, სოციალურ ქსელში დადებული ინფორმაციის სახით, რომელთა ნაწილი აღარ არსებობს, ნაწილი კი შემონახულია; თუმცა, როგორც მოსამართლე, ვიტყვი, რომ, თუკი კონკრეტული მტკიცებულებების ავთენტურობა არ არის დადგენილი, ამ მასალებზე შემდეგი შეფასება და მსჯელობა, მაგალითად, საერთო სასამართლოების სისტემაში, არც მიიღება და არც განიხილება − სამართლებრივად შეუძლებელია, ვიმსჯელოთ, თუკი ექსპერტიზა არ არსებობს; ვინაიდან ყალბია თუ არა მტკიცებულება, ეს მხოლოდ ექსპერტის შესაფასებელია, არცერთი მოსამართლე ექსპერტი არ არის.

 

ემოციურად ძალიან ამაღელვებელი იყო ბრიტანელი ადვოკატის მიერ იმის აღნიშვნაც, თუ რამდენად განსაკუთრებული თარიღია ჩვენთვის 26 მაისი. 26 მაისს აღინიშნება საქართველოს დამოუკიდებლობის მიღებიდან 100 წლისთავი. ბენ ემერსონმა საამაყოდ წარმოადგინა ჩვენი მხარე და დიდ წარმატებას ვუსურვებ ქვეყანას. ის, რაც სამართლიანია, ვფიქრობ, სწორი გეზი უნდა პოვოს. არის რიგი საკითხებისა იურისდიქციის მიმართულებით. მართლაც გარკვეული პრეცედენტია შესაქმნელი ამ საქმეზე, რადგან სახელმწიფოთაშორისი დავები ამ სასამართლოსთვისაც კი ცოტა შეზღუდული და სხვა კრიტერიუმით განიხილება. ასე რომ, დღეს საქართველო მართლაც ისტორიული პროცესის მონაწილეა და ვნახოთ, ჩვენ ერთად ვაკვირდებით ამ პროცესს“, – განაცხადა ეკატერინე გასიტაშვილმა.

 

სახელმწიფოთაშორის დავას სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა განიხილავს, რომელიც 17 ქვეყნის, მათ შორის, საქართველოდან და რუსეთიდან არჩეული მოსამართლეებითაა დაკომპლექტებული. დიდ პალატას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტი გვიდო რაიმონდი თავმჯდომარეობს.

 

აგვისტოს ომის საქმეზე საქართველო რუსეთს ადანაშაულებს ევროპული კონვენციის 8 მუხლის დარღვევაში, კერძოდ, საქართველო მიიჩნევს, რომ რუსეთმა ომისა და შემდგომი ოკუპაციის დროს დაარღვია ევროპული კონვენციის შემდეგი მუხლები: სიცოცხლის უფლება (მე-2 მუხლი); წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა (მე-3 მუხლი); თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება (მე-5 მუხლი); პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება (მე-8 მუხლი); სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება (მე-13 მუხლი); საკუთრების დაცვა (1-ლი დამატებითი ოქმის 1 მუხლი); განათლების უფლება (1 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი); მიმოსვლის თავისუფლება (მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი).

 

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეზე – „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (საქმე II)“ ბოლო ზეპირი მოსმენა დასრულდა.

 

 

 

big_banner
არქივი