logo_geo
შსს ოთხი წლის ბავშვს ეძებს, რომლის მშობლებიც ხადას ხეობაში დაღუპული იპოვეს
- +

8 ივლისი. 2018. 11:15

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ​ხადას ხეობაში დაკარგული ოთხი წლის ბავშვის სამძებრო სამუშაოებს დღეს დილიდან განაახლებენ. ბავშვის მშობლები, საქართველოსა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქე ცოლ-ქმარი დაღუპული იპოვეს.

 

შსს-ს ცნობით, მიმდინარე წლის 6 ივლისს 112-ში შევიდა შეტყობინება საქართველოსა და ამერიკის ორმაგი მოქალაქეობის მქონე 2 პირის და მათი 4 წლის შვილის დაკარგვის შესახებ.

 

„შეტყობინების ინიციატორის თქმით, დაკარგულები დუშეთის რაიონში, ხადას ხეობაში იმყოფებოდნენ და მათთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა. შეტყობინების მიღებისთანავე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 15 მაშველი აღნიშნულ სოფელში გაემგზავრნენ.

 

პოლიციელებმა და მაშველებმა დაუყოვნებლივ სამძებრო სამუშაოები დაიწყეს და შეტყობინებაში მითითებული ადგილები დაათვალიერეს. სამართალდამცველებმა სოფელ წკერეში დაკარგული ტურისტების კუთვნილი ავტომანქანა და პირადი ნივთები აღმოაჩინეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა, ინტენსიური სამძებრო სამუშაოების შედეგად, ერთ-ერთი დაკარგული ტურისტი ავტომანქანიდან, დაახლოებით, 3 კილომეტრში, ხევში, ჩანჩქერის ძირში გარდაცვლილი იპოვეს. დანარჩენი ორი ტურისტის სამძებრო და სამაშველო სამუშაოები რთული რელიეფისა და ღამის საათებში ცუდი ხილვადობის გამო შეჩერებული იყო.

 

სამუშაოები 7 ივლისს, დილიდან განახლდა. ხევში მდებარე ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე, კიდევ ერთი ტურისტი – მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. სამძებრო-სამაშველო ღონისძიებაში 25 მაშველი მონაწილეობდა“, – აცხადებენ შსს-ში.

 

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს და 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. პირველადი დათვალიერებით, არც ერთ გარდაცვლილს ძალადობის ნიშნები არ აღენიშნება.

 

ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებს ორმაგი მოქალაქის სტატუსი ჰქონდათ მინიჭებული და რამდენიმე წელია, რაც საქართველოში, მარნეულში ცხოვრობდნენ.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი