logo_geo
გრიგოლ ლილუაშვილი: ბირთვული საფრთხეების პრევენციის მიმართულებით სუს-ის გამოცდილებას სხვადასხვა ქვეყანა წარმატებით იზიარებს
- +

6 ოქტომბერი. 2018. 00:17

 

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე გრიგოლ ლილუაშვილი თბილისის მესამე საერთაშორისო ფორუმზე: „შავი ზღვის რეგიონული და გლობალური ბირთვული წესრიგი“ სიტყვით გამოვიდა.

 

თბილისის საერთაშორისო ფორუმის მიზანია რეგიონში ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეწყობა, ასევე,  გლობალური და საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცება.

 

ფორუმის ფარგლებში განხილული იქნება შემდეგი საკითხები: შავი ზღვის რეგიონის ბირთვული უსაფრთხოება და კონტროლის მექანიზმები; საერთაშორისო, რეგიონული და ეროვნული ძალისხმევა ბირთვული ტერორიზმის საფრთხის შემცირებისთვის; ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული რისკების შემცირება და რეგიონში რუსეთის მიერ კონტროლირებად ოკუპირებულ ტერიტორიებზე ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები.

 

საერთაშორისო ფორუმის მონაწილეებს სიტყვით ასევე მიმართეს თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში სამოქალაქო საბჭოს წევრმა ირაკლი მჭედლიშვილმა, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ მალანიამ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუამ, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელმა ვასილ გედევანიშვილმა, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდიმ და შვედეთის რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ვივიანა სანდბერგმა.

 

ფორუმის ორგანიზატორია სამოქალაქო საბჭო თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში, ხოლო თანაორგანიზატორები არიან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, საგარეო საქმეთა სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო. ფორუმის ფინანსური მხარდამჭერია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და  შვედეთის რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო.

 

ფორუმში მონაწილეობას იღებენ ბირთვულ და რადიაციულ სფეროში მომუშავე როგორც ქართველი, ისე უცხოელი ექსპერტები და ოფიციალური პირები აშშ-დან, ევროპიდან და შავი ზღვის რეგიონიდან. მონაწილე ქვეყნები აქტიურად არიან ჩართული „ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების“ ყოველწლიური მიმოხილვის პროცესში.

 

„ძალისხმევა ჩვენი უწყებისა და ქმედებები, ბირთვული საფრთხეების პრევენციის მიმართულებით არის ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე რეგიონალურ ჭრილში. ის საერთაშორისო გამოცდილება, რაც თავის დროზე ჩვენმა სამსახურმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააგროვა ამ მიმართულებით, დღეს ამ გამოცდილების გაზიარება შეუძლია და წარმატებით იზიარებენ ჩვენი კოლეგა უწყებები სხვადასხვა ქვეყნებიდან, საერთაშორისო ორგანიზაციებიც. საქართველოს მაგალითი მათთვის არის სანიმუშო, როგორც ყველაზე წარმატებული ქვეყნისა და უწყების მაგალითი ბირთვული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში“, - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე გრიგოლ ლილუაშვილმა.

 

big_banner
არქივი