logo_geo
სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
- +

4 დეკემბერი. 2018. 12:47

 

 

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ე.წ. „სააფთიაქო ნარკომანიის“ საქმეზე დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე ერთი პირი დააკავა“, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

 

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ე.წ. „სააფთიაქო ნარკომანიის“ სფეროში ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო ბრუნვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ დირექტორის მოადგილე ნუგზარ ჯ. დააკავეს.

 

გამოძიებამ დაადგინა, რომ თბილისსა და გორში მდებარე აფთიაქებში უკონტროლოდ ხორციელდებოდა ფსიქოტროპული საშუალებების რეალიზაცია. აღნიშნული აფთიაქების დირექტორები და ფაქტობრივი მფლობელები მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, უნებართვოდ და სანებართვო პირობების უხეში დარღვევით, შესაბამისი რეცეპტის გარეშე ახდენდნენ ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაციას, რითიც დიდი ოდენობით შემოსავალს იღებდნენ. აღნიშნული აფთიაქების მფლობელები, 2017 წლის სექტემბრიდან 2018 წლის ივლისის ჩათვლით, ყოველთვიურად ფსიქოტროპული მედიკამენტების უნებართვოდ რეალიზაციის მფარველობისთვის, სსიპ „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს“ უფროსისთვის - გია თვალავაძისთვის გადასაცემად ნუგზარ ჯ-ს დიდი ოდენობით თანხებს უხდიდნენ.

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის  ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჯამში პასუხისგებაში მისცეს 21 პირი, რომელთა მიერ უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და ფსიქოტროპული საშუალებების ურეცეპტოდ რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა საერთო ჯამში შეადგინა 4 094 709 ლარი.

 

გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დახმარების, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების  და ჯგუფურად ჩადენილი უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 332-ე მუხლის 1 ნაწილით და 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 11 წლამდე ვადით).

 

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო“, - ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

 

big_banner
არქივი