logo_geo
გიორგი გახარია: პოლიციის დღევანდელი მოთმინება იყო პრეზიდენტის ინსტიტუტის პატივისცემა
- +

16 დეკემბერი. 2018. 23:17

„პოლიციის დღევანდელი მოთმინება იყო პატივისცემა პრეზიდენტის ინსტიტუტის, პოლიციას შეეძლო ყოფილიყო უფრო მკაცრი და უფრო უხეში, იმის გარდა, რომ მათ თმენის ვალდებულება გააჩნიათ, მათი ვალდებულებაა მოქალაქეების უსაფრთხოება“, – განაცხადა გურჯაანის „ჯეო- ჰოსპიტალში” ველისციხის აქციის დროს დაშავებული შვიდი პოლიციელის მონახულების შემდეგ შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ.

 

გახარიამ პოლიციელებს მადლობა გადაუხადა.

 

„ის, რაც დღეს ველისციხეში მოხდა, ჩვენი სირცხვილი და პრობლემა იყო. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა პოლიციელს“,- აღნიშნა გახარიამ.

 

მინისტრის თქმით, პოლიციელებს დაზიანებები მიყენებული აქვთ ქვით, ჯოხით და სხვადასხვა ბლაგვი იარაღით.

 

გახარიამ ხაზი გაუსვა თითოეული კანონდარღვევის გამოძიების და რეაგირების საკითხს და განმარტა, რომ ყველა ადამიანი, ვინც დაარღვია კანონი და ვინც შეეხო პოლიციელს, დაისჯება.

 

„თუმცა, აქვე იმასაც ვაცხადებ,  თუ რომელიმე პოლიციელის მხრიდან ადგილი ჰქონდა უფლებამოსილების გადამეტებას, მიუხედავად მისი თანამდებობრივი სტატუსისა, ისიც იქნება დასჯილი.

 

ოპოზიციას საპატრულო პოლიციის უფროსმა, ჩემმა პირველმა მოადგილემ შესთავაზა, რომ თელავში საცობის გამო მანქანებით გადაადგილება იყო შეუძლებელი. მათი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მიუთითა ყვარლის შემოვლითი გზით გადაადგილება, რაზეც უარი მიიღო“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

ამასთან, გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალში“ პოლიციელების გარდა, აქციის ორი მონაწილეცაა მოთავსებული. აქციის მონაწილე ქალს დაბეჟილობა, ხოლო მამაკაცს და ყბის დაზიანება აღენიშნება.

 

გახარიას ჰოსპიტალში ყოფნის დროს ადგილზე მივიდა ენმ-ს კახეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი ბოტკოველი. ის საავადმყოფოში დაშავებული მხარდამჭერების მოსანახულებლად იმყოფებოდა.

 

ბოტკოველმა შს სამინისტრო ინფორმაციის დამალვაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ შემოვლითი გზის შესახებ ინფორმაცია ოპოზიციას წინასწარ არავინ შეატყობინა.

 

 

 

big_banner
არქივი