logo_geo
პროკურატურა: მოსამართლეებს საყვარელიძე „უმაღლეს თანამდებობრივ კარიერას“ დაჰპირდა
- +

7 თებერვალი. 2017. 15:42



მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებული მასალების მიხედვით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს - ბესარიონ ალავიძესა და პაატა ქათამაძეს წერილობითი შეტყობინებების ავტორი „ხელშეუხებლობასა" და „უმაღლეს თანამდებობრივ კარიერას" დაჰპირდა.


„თქვენ ხელშეუხებელი გმირები გახდებით და მომავლის უმაღლესი თანამდებობრივი კარიერაც გარანტირებული გექნებათ", - ნათქვამია წერილში, რომელშიც, უწყების ინფორმაციით, აღნიშნულმა მოსამართლეებმა „დ. საყვარელიძის სახელით მიიღეს".


წერილში, რომელიც მოსამართლის საქმიანობაში უხეშად ჩარევის საქმეზე დაწყებული გამოძიებისთვის ერთ-ერთი მტკიცებულებაა, ასევე აღნიშნულია, რომ მოსამართლეებმა „ღიად უნდა ისაუბრონ ზეწოლასა და წნეხზე, რომელიც მათ მიმართ ხორციელდება".

 

„გვარამიასგან ვიცით, რომ შენ და პაატა ქათამაძე ხართ ჩვენი დასაყრდენი. ასევე ისიც ვიცით, რა სირთულეებიც არის, თუმცა ცოტაც და ამათი პარპაში დამთავრდება. მაგათი საქმე წასულია. თქვენც აუცილებლად დაგიფასდებათ ყველაფერი. იურიდიული მიმართულების სათავეებთან დადგებით ჩვენი დაბრუნებისთანავე და ეს პოზიცია გადახედვას არ ექვემდებარება. ახლა ვხვდები, რომ თქვენნაირ სანდო ხალხზე უნდა მდგარიყო სასამართლო. ახლა კი მთავარი: მიშა აფასებს თქვენს ასეთ ერთგულებას და ვფიქრობ, რომ უკვე საჭიროა შიგნიდან ამ თემის „ხელოვნურად გახეთქვა" და მასთან შეთანხმებით მინდა გთხოვოთ შემდეგი: ეცადეთ ნებისმიერი, თუნდაც უმნიშვნელო საკითხი გაასკანდალოთ. არ აქვს მნიშვნელობა, დამაჯერებელი იქნება თუ არა. ნამდვილად ჯობია, გამოხვიდეთ საჯაროდ და ღიად თქვათ, რომ წარმოუდგენელი წნეხის ქვეშ გიწევთ მუშაობა, გემუქრებიან, გატერორებენ, გითვალთვალებენ და რაც გინდათ, ის თქვით. თქვენ უკეთესად მოიფიქრებთ. დანარჩენი უკვე ნიკამ იცის, ისეთ შავ პიარს ააგორებს, რომ საბოლოოდ განადგურდება ეგ საქმე. თქვენ ხელშეუხებელი გმირები გახდებით და მომავლის უმაღლესი თანამდებობრივი კარიერაც გარანტირებული გექნებათ. რაც მთავარია, უცხოელებიც ნახავენ - აი, რა ხდება თურმე მართლა და დანარჩენები საბოლოოდ ჩაირეცხებიან. სწორედ ეს სჭირდება ამ სიტუაციას. სხვა ყველაფერი უკვე ტექნიკის საქმეა. თქვენთვისაც გაადვილდება საქმე და საბოლოოდ დავანგრევთ მაგათ. მიხარია, რომ თქვენნაირი ხალხი გვეგულება და გვეყოლება საქართველოში", - ნათქვამია წერილში, რომელიც პროკურატურის მტკიცებით, დ. საყვარელიძის სახელით მოსამართლეებმა ერთდროულად მიიღეს.


რაც შეეხება სატელეფონო შეტყობინებას, გამოძიების ინფორმაციით, მოსამართლეებმა შეტყობინებები უკრაინული ნომრიდან მიიღეს.

 

„წერილს ალბათ მიიღებდი. დარწმუნებული ვართ, რომ თქვენი აქტიურობით ვითარება დალაგდება. გაჭიანურება არ ივარგებს", - ნათქვამია სატელეფონო შეტყობინებაში, რომელიც პროკურატურამ გაავრცელა.


აღსანიშნავია, რომ პროკურატურა ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს, დ.საყვარელიძე არის თუ არა მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე დავით საყვარელიძე, რომელიც ამჟამად უკრაინაში ცხოვრობს.




 

big_banner
არქივი