logo_geo
„ისტერიკა, რომელსაც აწყობდა „ნაციონალური მოძრაობა“, ემსახურებოდა მხოლოდ ერთ ფაქტს...“
- +

14 თებერვალი. 2017. 13:25




საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი აცხადებს, რომ „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯოდმარის მამუკა ახვლედიანის აუდიოჩანაწერზე გამოძიება სწრაფად უნდა წარიმართოს.


„შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს დაადასტურა, რომ ის 30-წუთიანი ჩანაწერი, რომელიც გააკეთა ნიკა გვარამიამ, ავთენტურია. ეს იმას ნიშნავს, რომ რაზეც ჩანაწერში იყო საუბარი, დასტურდება. ეს ადამიანები ცდილობდნენ მოქრთამვის, მოსყიდვის საშუალებით, ჩარეულიყვნენ სასამართლოს გადაწყვეტილებაში და ხელი შეეშალათ ობიექტური გადაწყვეტილებების მიღებაში. გამოჩნდა, რომ ყველა ის ისტერიკა, რომელსაც აწყობდა „ნაციონალური მოძრაობა", რაც მათ დაგეგმეს მერიასთან, ემსახურებოდა მხოლოდ ერთ ფაქტს, რომ გადაეფარათ ის კორუფციული გარიგება, რომელსაც გეგმავდნენ „რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით", - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.


მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო დაადგა გაჯანსაღების პროცესს და ზედმეტი სახელისუფლებო ჩარევისგან გათავისუფლდა.

 

„ჩვენ ვიცით, რომ ძალიან დიდ თანხებზეა საუბარი, რომელიც აღმოაჩნდა მამუკა ახვლედიანს. გადაწყვეტილება, რომელიც უნდა გამოცხადდეს, უნდა იქნას მიღებული იმ მოსამართლეების მიერ, რომელთა მიმართაც არანაირი კითხვის ნიშანი არ არსებობს და შესაბამისად, ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, ჩვენ მოვუწოდებთ გამოძიებას ბოლომდე მიიყვანოს ეს საქმე", - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.


ცნობისთვის, შსს-ს ინფორმაციით, შესაბამისი ექსპერტიზის საფუძველზე დადგინდა, რომ „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის საუბრის აუდიოჩანაწერი ავთენტურია.




 

big_banner
არქივი