logo_geo
რა შეზღუდვები დაუწესა სასამართლომ ნიკა მელიას
- +

27 ივნისი. 2019. 18:00

 

 

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრისთვის, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად 30-ათასლარიანი გირაოს გამოყენების თაობაზე ბრიფინგი გაიმართა. ბრიფინგზე ის დამატებითი ვალდებულებები და აკრძალვები დაასახელეს, რაც მოსამართლის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას დაუწესდა.

 

კერძოდ კი, როგორც სასამართლოში გამართულ ბრიფინგზე ითქვა, ნიკა მელიას ეკრძალება:

 

  1. საცხოვრებელი ადგილის დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე;

 

  1. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება;

 

  1. მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია;

 

ასევე, სასამართლომ მელია დაავალდებულა, რომ საგამოძიებო ორგანოებს ჩააბაროს პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი.

 

როგორც ბრიფინგზე ითქვა, პროკურატურამ შუამდგომლობით ითხოვა ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება მისი მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის, მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეების გათვალისწინებით. ასევე მიუთითა ბრალდებულის მიერ სხვა საქმეებზე მსუბუქი აღკვეთის ღონისძიების გირაოს პირობების დარღვევის თაობაზე.

 

„სასამართლომ მოისმინა ორივე მხარის პოზიცია და მივიდა შემდეგ გადაწყვეტილებამდე. საქმის მასალების შეფასებისა და მხარეთა პოზიციების მოსმენის შემდეგ, სასამართლომ მიიჩნია, რომ დასაბუთებული ვარაუდით არსებობს ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების აუცილებელი ფაქტობრივი და ფორმალური საფუძვლები. თუმცა, სასამართლომ გაითვალისწინა ის, რომ რეალურად მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული იქნა გირაო გაზრდილი ოდენობით (30 ათასი ლარი). ამავდროულად სასამართლომ გამოიყენა დამატებითი ვალდებულებები და მიიჩნია, რომ ამ ვალდებულებების დაკისრებით შესრულებული იქნება აღკვეთის ღონისძიების - გირაოს პირობები და შესაბამისად გირაოს და ამ დამატებითი ვალდებულებების ერთობლივად გამოყენების პირობებში სრულად იქნება მიღწეული აღკვეთის ღონისძიების ყველა მიზანი“, - განაცხადეს სასამართლოში ბრიფინგზე.

 

ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა, დაცვის მხარე კი 10-ათას ლარიან გირაოს შეფარდებას ითხოვდა.

 

26 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერა, გენერალურმა პროკურატურამ კი 25 ივნისს მას ბრალი წაუყენა. როგორც პროკურორმა განაცხადა მელიას მიმართ გამოიკვეთა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები.

 

საქართველოს პარლამენტს მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნასთან დაკავშირებით პროკურატურამ მიმართა.

 

21 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი გაიმართა, რომელზეც ითქვა, რომ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების საქმეზე გამოკითხვაზე დაიბარეს ნიკა მელია, გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი. საქმე ეხება 19-20 ივნისის საპროტესტო აქციას.

 

20 ივნისს ღამით, პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, ბოლოს კი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშალა, ასევე გამოიყენა რეზინის ტყვიები.

 

რუსთაველის გამზირზე აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა. ამ ფაქტს საპროტესტო აქციების ტალღა და პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომა მოჰყვა.

 

 

big_banner
არქივი