logo_geo
20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული 4 მოქალაქის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს
- +

17 ივლისი. 2019. 10:45

 

20-21 ივნისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენებისას ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის დაკავებული 4 მოქალაქის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს.

 

მათ ბრალი პროკურატურამ ოფიციალურად უკვე წარუდგინა. საგამოძიებო უწყება დაკავებულებს ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობას ედავება, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა.

 

დაკავებულების ადვოკატების თქმით, ისინი წარდგენილ ბრალს არ ეთანხმებიან. როგორც პროკურატურაში აცხადებენ გამოძიებით დადგინდა, რომ ეს პირები მონაწილეობდნენ ჯგუფურ ძალადობაში, სხვადასხვა საგნის გამოყენებით თავს ესხმოდნენ პოლიციელებს, უწევდნენ მათ წინააღმდეგობას და ორგანიზებულად, შტურმით ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას.

 

აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, დღეის მდგომარეობით, პასუხისგებაში მიცემულია 9 ადამიანი, მათ შორის პარლამენტის წევრი ნიკა მელია, რომელსაც ბრალი ედება ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობაში.

 

20 ივნისს საღამოს პარლამენტთან მშვიდობიანი აქციის შემდეგ, მომიტინგეების ნაწილმა შენობაში შეჭრა შტურმით სცადა. სპეცრაზმმა აქციის დაშლა დაიწყო და რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები. შედეგად საავადმყოფოში გადაიყვანეს 240 ადამიანი, მათგან 80 სამართალდამცველი, 4 ადამიანს თვალი დაუზიანდა, ერთმა მოქალაქემ და ერთმა სამართალდამცველმა კი დაკარგა.

 

რუსთაველის გამზირზე აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა. ამ ფაქტს საპროტესტო აქციების ტალღა და პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომა მოჰყვა.

 

 

 

big_banner
არქივი