logo_geo
20-21 ივნისის საქმეზე დაკავებულ მუხრან ფანგანს პატიმრობა შეეფარდა
- +

17 ივლისი. 2019. 23:05

 

 

ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის მუხლით დაკავებული აქციის მონაწილის მ.ფ-ს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

 

დაცვის მხარე გირაოს სახით 2 000 ლარის შეფარდებას ითხოვდა.

 

პროკურორ გიორგი მუკბანიანის განცხადებით, ბრალდებულის მიმალვის და ახალი დანაშაულის საფრთხე არსებობდა.

 

1997 წელს დაბადებული მ. ფ-ს საქმეზე წინა სასამართლო სხდომა 9 სექტემბერს, 15:00 საათზე ჩაინიშნა.

 

20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის 12 ადამიანია დაკავებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225 მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

 

20 ივნისის საქმეზე სამართალდამცველებმა სამი ადამიანი დღეს დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გამოძიებით დადგინდა, რომ 20-21 ივნისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენებისას, აღნიშნული პირები მონაწილეობდნენ ჯგუფურ ძალადობაში, სხვადასხვა საგნის გამოყენებით თავს ესხმოდნენ პოლიციელებს, უწევდნენ მათ წინააღმდეგობას და ორგანიზებულად, შტურმით ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას.

 

„კერძოდ, დაკავებულები არიან: 1974 წელს დაბადებული ც.ც., რომელიც თავს დაესხა სამართალდამცველებს, კერძოდ აყენებდა მათ ფიზიკურ შეურაცხყოფას, ურტყამდა ხელკეტს და აქტიურ მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებებში.

 

1994 წელს დაბადებული ს.ბ., რომელმაც სამართალდამცველებს წაართვა თავდაცვითი დანიშნულების საგანი და აქტიურ მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებებში.

 

1989 წელს დაბადებული ლ. ჯ., რომელიც სამართალდამცველებს ურტყამდა ფარს და აქტიურ მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებებში.

 

აღსანიშნავია, რომ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, დღეის მდგომარეობით, პასუხისგებაშია მიცემული 12 პირი, მათ შორის პარლამენტის წევრი - ნიკანორ მელია, რომელსაც ბრალი ედება ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობაში.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო დანაშაულში მონაწილე სხვა პირების იდენტიფიცირების პროცესს ინტენსიურად განაგრძობს. მტკიცებულებების მოპოვებისთანავე გაგრძელდება ქმედებებზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით ინფორმაციას“, - განმარტეს შსს-ში.

 

20 ივნისს საღამოს პარლამენტთან მშვიდობიანი აქციის შემდეგ, მომიტინგეების ნაწილმა შენობაში შეჭრა შტურმით სცადა. სპეცრაზმმა აქციის დაშლა დაიწყო და რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები. შედეგად საავადმყოფოში გადაიყვანეს 240 ადამიანი, მათგან 80 სამართალდამცველი, 4 ადამიანს თვალი დაუზიანდა, ერთმა მოქალაქემ და ერთმა სამართალდამცველმა კი დაკარგა.

 

რუსთაველის გამზირზე აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა. ამ ფაქტს საპროტესტო აქციების ტალღა და პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომა მოჰყვა.

 

 

 

big_banner
არქივი