logo_geo
20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, შსს-ს დაკავებულ თანამშრომელს 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
- +

18 ივლისი. 2019. 20:10

 

რუსთაველის გამზირზე, 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, შსს-ს დაკავებულ თანამშრომელს, გიორგი ესიაშვილს 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

 

ბრალდებულს გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით შეეფარდა და იგი პენიტენციურ დაწესებულებას გირაოს სრული მოცულობით გადახდის შემდეგ დატოვებს. ასევე შემზღუდავ ღონისძიებად დაეკისრა კვირაში ერთხელ შესაბამის სამსახურში გამოცხადება და საცხოვრებელი ადგილის საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებით დატოვება.

მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა ამ გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა მხარეების შუამდგომლობა. ბრალდების მხარე პატიმრობას, ხოლო დაცვა გირაოს მინიმალური ოდენობით გამოყენებას ითხოვდა.

 

პროკურორის განცხადებით, ბრალდება მოსამართლის დღევანდელ გადაწყვეტილებას აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით გაასაჩივრებს.

 

ბრალდებულმა გიორგი ესიაშვილმა წარდგენილი ბრალდება ნაწილობრივ აღიარა. მისი თქმით, წინასწარ არ ჰქონია ვინმესთვის სხეულის დაზიანების მიყენების განზრახვა.

 

შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი გამოძიებამ 16 ივლისს დააკავა. მას გამოძიება იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავება.

 

 

 

big_banner
არქივი