logo_geo
პროკურატურა გირაოს გარდა, ჯაფარიძისა და ხაზარაძისთვის ქვეყნის დატოვებაზე შეზღუდვის დაწესებას ითხოვს
- +

26 ივლისი. 2019. 16:55

 

პროკურატურა ბადრი ჯაფარიძისა და ზურაბ ხაზარაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით მილიონლარიან გირაოსთან ერთად, საქართველოს საზღვრის დატოვებაზე შეზღუდვას მოითხოვს.

 

როგორც საქმის პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა ჟურნალისტებთან სხდომის დაწყებამდე განაცხადა, აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების დროს მხედველობაში მიიღება ბრალდებულების ფინანსური მდგომარეობა.

 

„გირაოს ოდენობად ვითხოვთ მილიონ ლარს თითოეულზე, ანუ ჯაფარიძეზეც და ხაზარაძეზეც, ასევე გვაქვს მოთხოვნა, რომ აღნიშნულ პირებს აეკრძალოთ საქართველოს საზღვრის დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და ნებართვის გარეშე.

 

აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების დროს მხედველობაში მიიღება ბრალდებულების ფინანსური მდგომარეობა, აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო უნდა იყოს შემაკავებელი ხასიათის იმ საფუძვლების, რა საფუძვლებიც ჩვენ სასამართლოსთვის გვაქვს ჩამოთვლილი, შესაბამისად, ბრალდებულების ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად ჩაითვალა, რომ მილიონი ლარი თითოეულისთვის იქნებოდა შემაკავებელი ხასიათის იმ აღკვეთის ღონისძიების მიზნებისთვის“, – განაცხადა პროკურორმა.

 

არჩილ ტყეშელაშვილის თქმით, საქმეში არის არაერთი მტკიცებულება, რაც ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის ბრალეულობას ამტკიცებს.

 

„საქმეში წარმოდგენილია არაერთი მტკიცებულება, მათ შორის მოწმეთა ჩვენებები, იგულისხმება როგორც „თიბისი ბანკის“ წარმომადგენლების, ისე სხვა პირების ჩვენებებიც, ასევე წარმოდგენილია ეროვნული ბანკის დასკვნა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დასკვნა, წერილობითი მტკიცებულებები, მათ შორის საბანკო ამონაწერები, გადარიცხვები და ინფორმაციული ხელშეკრულებების და თავდებობის შესახებ“, – განაცხადა ტყეშელაშვილმა.

 

 

 

big_banner
არქივი