logo_geo
საკონსტიტუციო სასამართლოს არ უმსჯელია, კონკრეტულად, რომელ ნარკოტიკებთან დაკავშირებით უქმდება პატიმრობა
- +

3 აგვისტო. 2019. 00:01

 

საკონსტიტუციო სასამართლოს არ უმსჯელია, კონკრეტულად, რომელ ნარკოტიკებთან დაკავშირებით უქმდება პატიმრობა და შესაბამისი კატეგორიების განსაზღვრა პარლამენტის პრეროგატივაა

 

საკონსტიტუციო სასამართლოს არ უმსჯელია, კონკრეტულად, რომელ ნარკოტიკულ საშუალებას ეხება ადმინისტრაციული სასჯელის გაუქმება. საკონსტიტუციო სასამართლომ გამოყო კატეგორიები ოდენობის, პირადი მოხმარების მიხედვით, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საკონსტიტუციო სასამართლოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ლომთათიძემ განუცხადა.

 

„საკონსტიტუციო სასამართლო ამაზე ოფიციალურ კომენტარს ვერ გააკეთებს. კანონმდებლის პრეროგატივაა განსაზღვროს, რა კატეგორიის ნარკოტიკული საშუალება მოხვდება ერთ კატეგორიაში და რა მეორეში“, - განაცხადა გიორგი ლომთათიძემ.

 

2019 წლის 2 აგვისტოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა საქართველოს სახალხო დამცველის კონსტიტუციური სარჩელი (რეგისტრაციის №770) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

 

კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსების ის მუხლები, რომლებიც პატიმრობას ითვალისწინებდა ისეთ ნარკოტიკულ საშუალებებზე, რაც არ იწვევს სწრაფ მიჩვევას ან აგრესიულ ქცევას. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო სადავო ნორმების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებდა სანქციის სახით ადმინისტრაციული პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის და პრეკურსორის მოხმარებისთვის და ერთი მოხმარებისთვის საჭირო ოდენობით დამზადების, შეძენისა და შენახვისთვის.

 

ასევე, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ძალაში რჩება კანონით განსაზღვრული სასჯელი ისეთ ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებით, რომელიც იწვევს სწრაფ მიჩვევას და აგრესიულ ქცევას.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი