logo_geo
თემქაზე გარდაცვლილი ქალის ნათესავები ვარაუდობენ, რომ დანაშაული ნაცნობმა ჩაიდინა
- +

5 სექტემბერი. 2019. 19:59

 

 

თემქაზე გარდაცვლილი 62 წლის სიმა მირზოევას ნათესავები, ვარაუდობენ, რომ დანაშაული ნაცნობმა ჩაიდინა.

 

"დილით 10 საათზე დავურეკე და არ აიღო ტელეფონი. ამის შემდეგ დაახლოებით ერთი საათი იყო გასული და გავიგე მისი მკვლელობის ამბავი. სახლში,როგორც ვიცი, მარტო იყო. მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა, რომელიც დილიდან სამსახურში იყო წასული - მაკლერად მუშაობს. როდესაც მე ვურეკავდი და არ მიპასუხა, სავარაუდოდ,მაშინ მოხდა ამბავიც. სახლის კარები გარედან გასაღების გარეშეც იკეტება. ალბათ, ნაცნობმა გააკეთა ეს ყველაფერი, რადგან ირკვევა, რომ კარები სიმა მირზოევამ ღამის პერანგში ჩაცმულმა გააღო. ის უცნობს კარებს არ გაუღებდა", - განაცხადა სიმა მირზოევას ბიძაშვილმა ზაირა მირზოევამ.

 

ამასთან, ნათესავები მკვლელობის მიზეზად შურისძიების მოტივს გამორიცხავენ როგორც ჟურნალისტებს ზაირა მირზოევამ განუცხადა, სახლიდან მკვლელობის შემდეგ ოქროულობაა წაღებული, რომელიც ოჯახმა ბანკიდან,სავარაუდოდ,რამდენიმე დღის წინ გამოიტანა.

 

ზაირა მირზოევას თქმით, გარდაცვლილი ქალის მეუღლე ამბობს,რომ ცხედარს თავის არეში ბასრი ჭრილობა აღენიშნებოდა და სავარაუდოდ, ის სკამის ჩარტყმით არის მიყენებული.

 

თემქაზე, 11-ე მიკრო რაიონის 39 კორპუსის მე- 6 სართულზე მცხოვრები ქალი გარდაცვლილი იპოვეს. მეზობლების ინფორმაციით,დღეს დაახლოებით 11:30 საათზე, ქალის საცხოვრებელი სახლიდან კვამლი გამოდიოდა, რის გამოც გამოიძახეს სამაშველო სამსახური, პარალელურად კი გარდაცვლილის მეუღლეს დაურეკეს, რომელიც სამსახურში იმყოფებოდა. მეზობლებისა და ნათესავების თქმით, ბინაში შესულ სამაშველო სამსახურს და პოლიციას ხანძარი დახვდათ. ქალი კი თავის არეში ბასრი ჭრილობის შედეგად იყო გარდაცვლილი.

 

გარდაცვლილი სიმა მირზოევას მეუღლე პოლიციამ გამოკითხვაზე გადაიყვანა. ცხედარი კი პროზექტურაში გადაასვენეს. შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

big_banner
არქივი