logo_geo
ბათუმში დააკავეს პირი, რომელმაც 10-მდე ადამიანის სახელით ონლაინ-სესხები აიღო
- +

14 სექტემბერი. 2019. 21:15

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევისა და თაღლითობის ბრალდებით 1 პირი დააკავა.

 

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მიმდინარე წლის მარტიდან კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევისა და თაღლითობისთვის ძებნილი,1986 წელს დაბადებული ა.ხ. ბათუმში დააკავეს.

 

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, 2015-2016 წლებში, მოიპოვა 10-მდე პირის ნდობა, რის შემდეგაც სხვადასხვა კომერციულ ბანკებში გაახსნევინა ანგარიშები, თითოეულ ანგარიშზე გაააქტიურებინა ინტერნეტბანკი და გამოართვა საბანკო და სხვა პერსონალური მონაცემები. ამის შემდეგ, ა.ხ.-მ მათი გამოყენებით აიღო ონლაინ-სესხები, თაღლითურად დაეუფლა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულად თანხას - ჯამში, 56 345 ლარის ოდენობით და მიიმალა. 2019 წლის მარტში, ბრალდებულს გორის რაიონულმა სასამართლომ, აღკვეთი ღონისძიების სახით, დაუსწრებლად შეუფარდა პატიმრობა, რის შემდეგაც იგი ქვეყნის მასშტაბით იძებნებოდა", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

გამოძიება თაღლითობისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

 

ჩადენილი დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

big_banner
არქივი