logo_geo
მძღოლი, რომელსაც გადაღლილობის გამო ავარია მოუვიდა, გამართლდა
- +

30 სექტემბერი. 2019. 16:27

 

თეიმურაზ ამბროლაძე, რომელსაც 2018 წლის ზაფხულში, ღამის მორიგეობის შემდეგ, მეორე დღეს რეისის შესრულებისას ავტოსაგზაო შემთხვევა მოუვიდა, სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.

 

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი აცხადებს, რომ პროფკავშირების გაერთიანების პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა არსებობდეს პროფესიების ჩამონათვალი, რომელსაც უნდა შეეზღუდოს ორ ადგილას ან ორ ცვლაში ზედიზედ მუშაობა - ამ ფაქტით კიდევ ერთხელ მყარდება.

 

„თეიმურაზ ამბროლაძის საქმე ერთ-ერთია იმ შემთხვევათაგან, რომელიც პროფკავშირების გაერთიანებამ არამარტო აღრიცხა, არამედ სამართლებრივადაც იდავა. ეს ნათელი დადასტურებაა იმისა, გარკვეული პროფესიების ადამიანების ზეგანაკვეთური შრომა - რამდენად მაღალი ხიფათის მატარებელია, როგორც თავად მათი, აგრეთვე ხშირად სხვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის. ასეთი კატეგორიების დაცვა გარკვეული რეგულაციის დაწესებით აუცილებელია“,- აცხადებს ირაკლი პეტრიაშვილი.

 

თეიმურაზ ამბროლაძე 2009 წლიდან მუშაობდა შპს „მაგთიკომში“, 2018 წლის ზაფხულში ღამის მორიგეობის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ დასასვენებლად სახლში უნდა წასულიყო, მას შესთავაზეს, ტექნიკური დახმარების უზრუნველსაყოფად წასულიყო საირმეში, რაზეც ის დათანხმდა.

 

უკვე გზად მარშრუტი მნიშვნელოვნად შეუცვალეს, მგზავრობის ხანგრძლივობა გაზარდეს და სთხოვეს, გაცილებით შორ მანძილზე, კერძოდ კი, სუფსაში წასულიყო.

 

მიუხედავად იმისა, რომ ღამის მორიგეობა ჰქონდა გამოვლილი, დამსაქმებელი რომ არ განაწყენებულიყო, მაინც გადაწყვიტა რეისის შესრულება და სუფსისკენ მიმავალი მოყვა ავტოავარიაში, რის შედეგადაც ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება (მხოლოდ თვითონ) მიიღო. მოგვიანებით კომპანიის ადმინისტრაციამ ეს ინციდენტი მას სამსახურებრივი უფლებამოსილების უხეშ დარღვევად შეუფასა, თავად არაკვალიფიციურობაში დაადანაშაულა და სამსახურიდან გაათავისუფლა.

 

საქმე პირველი ინსტანციით ქუთაისის რაიონულმა სასამართლომ განიხილა და მას უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების იურისტებმა გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს დღევანდელი, 2019 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდა, თეიმურაზ ამბროლაძე აღადგინა თანამდებობაზე და მოპასუხეს დაავალა, მის სასარგებლოდ იძულებითი მოცდენის სახით 15 000 ლარამდე კომპენსაციის ანაზღაურება.

 

 

 

big_banner
არქივი