logo_geo
თემქაზე მოკლული 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულის ადვოკატი ნაირა ოტიაშვილი დააკავეს
- +

2 ოქტომბერი. 2019. 00:16

 

თემქაზე მოკლული 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულის ლადო გრიგალაშვილის ადვოკატი ნაირა ოტიაშვილი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ მისმა უფლებადამცველმა, ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ონისე მარგიანმა დაუდასტურა.

 

ონისე მარგიანის განცხადებით, ადვოკატი ნაირა ოტიაშვილი სასამართლოს განჩინების საფუძველზე არის დაკავებული. მისივე თქმით, განჩინებაში არ არის მითითებული სავარაუდო დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები.

 

უფლებადამცველ ონისე მარგიანის თქმით, სასამართლოს ნაირა ოტიაშვილის დაკავების შუამდგომლობით ძველი თბილისის პროკურატურამ მიმართა.

 

უფლებადამცველის თქმით, ადვოკატ ნაირა ოტიაშვილის ბრალი ოფიციალურად, სავარაუდოდ, 2 ოქტომბერს წარედგინება. მისივე განცხადებით, თავად ნაირა ოტიაშვილისთვისაც გაუგებარია საქმის არსი და თავადაც სვამს შეკითხვებს, „თუ ვინ და რაში დაასმინა“.

 

ამასთან, რამდენიმე თვის წინ, ანა ნაცვლიშვილის მამამ, მამუკა ნაცვლიშვილმა მისი შვილის მკვლელობაში მსჯავრდებული ლადო გრიგალაშვილის ადვოკატის, ნაირა ოტიაშვილისა და დამოუკიდებელი ექსპერტების, ალექსანდრე გეჯაძისა და გია გოგიას წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა. როგორც მაშინ ნაცვლიშვილმა განაცხადა, ადვოკატს მოკლული შვილის მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადების გამო, დამოუკიდებელ ექსპერტებს კი, გაყალბებული ექსპერტიზისთვის უჩივლა.

 

ცნობისთვის, 2018 წლის 22 თებერვალს, ანა ნაცვლიშვილი განსაკუთრებული სისასტიკით მოკლეს. გამოძიების ინფორმაციით, ლადო გრიგალაშვილმა შეყვარებული სახლიდან გაიყვანა და დანით 33 ჭრილობა მიაყენა. თავისა და კისრის არეში მიყენებული სასიკვდილო ჭრილობებით ანა ნაცვლიშვილი ადგილზე გარდაიცვალა. აღნიშნულ საქმეზე ლადო გრიგალაშვილს უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი