logo_geo
საქართველოდან რუსეთში ჰაკერ იაროსლავ სუმბაევის ექსტრადირება განხორციელდა
- +

24 ოქტომბერი. 2019. 13:52

 

საქართველოდან რუსეთში ჰაკერ იაროსლავ სუმბაევის ექსტრადირება განხორციელდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განუცხადა.

 

მისივე თქმით, სტრასბურგის სასამართლომ სუმბაევის ექსტრადირების შეჩერება მიზანშეწონილად არ მიიჩნია, რასაც შესაბამისი წერილიც ადასტურებს.

 

„ბატონი სუმბაევის ექსტრადირება ამ წუთებში მიმდინარეობს ლარსის გამშვებ პუნქტზე. ის რამდენიმე წუთში გადაეცემა რუსულ მხარეს იუსტიციის მინისტრის ბრძანების საფუძველზე, რომელიც მე გამოვეცი 30 სექტემბერს. მანამდე, მაისის თვეში საქართველოს სასამართლოებმა მისი ექსტრადირება ცნეს დასაშვებად. დასანანია, რომ როგორც ახლა ირკვევა, სუმბაევის ადვოკატები თქვენც, მედიასაც გატყუებდნენ და ატყუებდნენ მთლიანად საზოგადოებას, რადგანაც მე ხელთ მაქვს სტრასბურგის სასამართლოს წერილი და საბოლოო პასუხი, რომ სტრასბურგის სასამართლო უარს ამბობს ექსტრადიციის შეჩერებაზე. მე ამ წერილს თქვენ დაგიტოვებთ, ეს წერილი თარიღდება 6 სექტემბრით და მას შემდეგ, რაც ეს წერილი დაცვის მხარეს ჩაბარდა, ის გამოგზავნილია ბატონი სოსო ბარათაშვილის სახელზე და წერია მასში, რომ მიმართვას გაეცნენ, ექსტრადიციის მასალებს გაეცნენ და სტრასბურგის სასამართლო არ თვლის, რომ სუმბაევი შესაძლოა, დაექვემდებაროს რაიმე ტიპის არაადამიანურ მოპყრობას. გაგიკვირდებათ, მაგრამ ალბათ იუსტიციის მინისტრის 30 სექტემბრის ბრძანებაში სწორედ იგივე წერია, ​რომ ეს ვარაუდები დასაბუთებული არ არის. შესაბამისად, ძალიან დასანანია, რომ შეიძლება, ​ექსტრადიციაში მყოფი პატიმრისთვისაც კი არ არის ეს წერილი ცნობილი. რაკი ადვოკატებმა გადაწყვიტეს, საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში, რატომ არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ მათ პატიმარსაც კი არ აუხსნეს, რომ სტრასბურგში რეალურად მისი საჩივარი ექსტრადიციის შეჩერების შესახებ მარცხით დასრულდა. ეს 6 სექტემბრის წერილი თქვენთვის, მგონი, უცნობია“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

თეა წულუკიანის თქმით, საქართველო არ არის დამნაშავეების თავშესაფარი.

 

„მინდა, მოვუწოდო ყველა ადვოკატს, ვინც საექსტრადიციო პატიმრობაში მყოფ უცხოელს იცავს, თავი შეიკავონ უსაფუძვლო აურზაურისგან ხოლმე და დაე, ყველამ იცოდეს, რომ რომელი მოქალაქეც არ უნდა იყოს პოტენციური დამნაშავე, მათ შორის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, საქართველო არ არის დამნაშავეების თავშესაფარი. საქართველო შეიძლება, იყოს თავშესაფარი მათთვის, ვისაც თავშესაფარი ნამდვილად ეკუთვნის, მაგრამ ეს ვერ იქნება ოაზისი იმისათვის, რომ თავი დააღწიონ საკუთარი ქვეყნის მართლმსაჯულებას, შესაბამისად როგორც ქართულ სასამართლოებში, ისევე სტრასბურგის სასამართლოში სუმბაევის საქმე დაცვის მხარის საზიანოდ არის დასრულებული, იუსტიციის მინისტრის ბრძანება გამოცემულია ევროპული სტანდარტების დაცვით და რადგან არავითარი ბარიერი, არც სამართლებრივი და არც სხვა არ არსებობს, რომ ეს პირი დარჩეს ჩვენს ქვეყანაში, ამ წუთებში მიმდინარეობს მისი გადაცემა“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

 

კითხვაზე „თქვენ ყოველთვის აცხადებდით, რომ სანამ საქართველოს იუსტიციის მინისტრი იქნებოდით, არასდროს დააკმაყოფილებდით საქართველოდან რუსეთში ექსტრადირების მოთხოვნას“, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ის საქართველოს მოქალაქეების ან ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირების რუსეთისთვის გადაცემაზე საუბრობდა.

 

„მე ვთქვი ასეთი რამ, რომ ჯერ კიდევ როდესაც სტრასბურგის სასამართლოში ვმუშაობდი, მართლაც მეამაყება, რადგან მაშინ რა არის ჩეჩენი, ქისტი, რას ნიშნავს ჩეჩნეთში ომი, ძველ დროს ვიხსენებ, ევროპაში არცთუ ისე ცნობილი იყო და ჩვენ მაშინ, ბატონი მინდია უგრეხელიძე იყო მოსამართლე, ვიმუშავეთ, რათა ცნობიერება ევროპელებს შორის ამაღლებულიყო და რეალურად ჩვენ ვიყავით ის ადამიანები, ვინც ახლა რომ ჩვენი ოპონენტები უადგილოდ იყენებენ ამ საქმეს – შამაევი და სხვები და საქართველოს წინააღმდეგ, ექსტრადიცია მაშინ სტრასბურგის სასამართლომ აბსოლუტურად საფუძვლიანად შეაჩერა, რადგან იყო ჩეჩნეთში ომის კონტექსტი და რეალურად იმ გადასაცემ პირებს შორის იყვნენ ჩვენი მოქალაქე ქისტები და სწორედ ამას ვამბობდი, რომ როდესაც საქმე ეხება ან ჩვენს მოქალაქეს ან ორმაგ მოქალაქეს, რომელიც არის ჩვენი მამულიშვილი, კი არ არის ეს სამართლებრივი ტერმინი თითქოს, მაგრამ რაკი ჩემ პოზიციას მეკითხებით, მე ჩემ ენაზე აგიხსნით, რომ ჩვენს სამშობლოს შვილს, რომელიც ჩვენთვის არის საქართველო, იქნება ეს ქისტი თუ სხვა, არ გადავცემთ მეთქი, ბოდიშს ვიხდი, მაგრამ სუმბაევი ამ კატეგორიაში არ ჯდება, არც ახიადოვი ჯდებოდა ამ კატეგორიაში. ის არც საქართველოშია დაბადებული, ის არ არის ჩვენი ქვეყნის მოქალაქე არც საბუთით და არც ისე, არ არის ჩვენი ქვეყნის შვილი და რაც ალბათ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, მას ბრალად ედებოდა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ სასარგებლოდ ტერორისტული საქმიანობა. თუ თქვენი მოწოდება ჩემდამი ის არის, რომ საქართველო უნდა გახდეს ასეთი პირების თავშესაფარი, ვიტოვებ უფლებას, ამაში არ დაგეთანხმოთ. აი, ეს არის პოზიცია, რაც ყოველთვის გვქონდა, მათ შორის ჩვენც და გვექნება მომავალშიც ასე. ჩვენი ფუნქცია, როგორც ყველა სახელმწიფოს ფუნქცია, არის, რომ თქვენ და თქვენი შვილები იყოთ ტერორიზმისგან დაცული და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურები, პოლიცია, იუსტიციის სამინისტრო ამისთვის ყველაფერს აკეთებს. შესაბამისად, ვიცავთ იმ ბალანსს, რაც არის ერთი მხრივ საერთაშორისო დანაშაულთან და ტერორიზმთან ბრძოლა და მეორეს მხრივ, ადამიანის უფლებები. ეს წერილი, რომელსაც ადვოკატი მალავდა და დიდი იმედი მაქვს, თქვენ ამ წერილზე, რადგან სკანდალური თითქოს არ არის, მოჰკითხავთ პასუხს, რატომ იტყუებოდნენ თვე-ნახევრის განმავლობაში ადვოკატები, მართავდნენ იუსტიციის სამინისტროსთან აქციას, თქვენც კი გათქმევინეს ათი წუთის წინ, რომ სტრასბურგში მიმდინარეობს პროცესი და არ გითხრეს, რომ პროცესი დასრულებულია“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

კითხვაზე – „ოპოზიცია ამ საკითხზე როდესაც საუბრობს, კონტექსტი აქვს, რომ რუსეთის მორჩილება ხდება, რუსეთის დავალებები სრულდება“, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ექსტრადირება არ არის პოლიტიკური აქტი.

 

„მე ამას ვუპასუხებ იმით, რომ არავის მორჩილი არ ვარ, არამცთუ უცხო ქვეყნის რომელიმე მოქალაქის და რომელიმე სახელმწიფოსი, ქვეყნის შიგნითაც მე მაქვს საკმაოდ ჯანსაღი ამბიცია, რომ არ ვარ არავის მორჩილი. შესაბამისად, ეს ექსტრადიცია შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს. ეს არის ექსტრადიციის შესახებ ბრძანება, რომლისაც თქვენ, მათ შორის საქართველოს მოქალაქეს არ შეგრცხვებათ, რადგან ეს არის ევროპული სტანდარტით შედგენილი იუსტიციის მინისტრის ბრძანება და აქ კი ვარ მე მორჩილი ისეთი სტანდარტების, რომ არ გამოვცე ისეთი აქტი, რომლისაც თქვენ წელს ან ხუთ წელიწადში, 20 წელიწადში შეგრცხვებათ. მაგრამ რაკი ჩვენი ქვეყანა, სამწუხაროდ, თითქოს ისეა აწყობილი, რომ თქვენ უცხოელების უფრო გჯერათ, ვიდრე ქართველების, აქ არის წერილი, რომლისაც თქვენ, მგონი, უფრო გჯერათ, სტრასბურგის სასამართლოს წერილი, ამ წერილს ჩახედეთ ყველამ“, – დასძინა თეა წულუკიანმა.

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა მედიას სტრასბურგიდან გამოგზავნილი წერილიც გადასცა.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი