კახა ღავთაძემ ბრალდების მხარეს წარდგენილი მტკიცებულებები უდავოდ ცნო. ღავთაძის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო. შუამდგომლობა ამის შესახებ ღავთაძის უფლებადამცველმა დააყენა, რასაც ბრალდების მხარე დაეთანხმა.
ადვოკატმა ღავთაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლა 2000-ლარიანი გირაოთი მოითხოვა. ასევე მისი თქმით, პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმებაზეც მიმდინარეობს მოლაპარაკება.
მოსამართლე გიორგი არევაძემ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, ღავთაძეს 2000-ლარიანი გირაო შეეფარდა და დარბაზიდან გათავისუფლდა.
20 ივნისის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობას გულისხმობს, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მასზე თავდასხმა.