logo_geo
„წვდება პლასტმასის დანას, გადაამტვრევს, იდებს პირში და ყლაპავს“ - წულუკიანი საპატიმროებში გადაღებულ ვიდეოკადრებს ასაჯაროვებს
- +

21 იანვარი. 2020. 18:22

 

 

დღეს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საპატიმროებში გადაღებული ვიდეოეკადრები გაავრცელა. აღნიშნული ვიდეომტკიცებულებები მინისტრმა მას შემდეგ გაასაჯაროვა, რაც სახალხო დამცველმა პენიტენციურ სისტემაში პატიმრების მიმართ არასათანადო დამოკიდებულებასა და „მაყურებლებზე“ ისაუბრა.

 

„თქვენ მომიწოდებთ ამ ანგარიშით, რომ ექთანი და პატიმარი მარტო დავტოვოთ ერთად. ისეთ პირობებშიც ერთად დავტოვოთ, როცა მას შეურაცხყოფენ, თუ არ უზრუნველვყოთ ექთნის უსაფრთხოება?! ვიდეომასალაში ხუთი ფაქტია ნაჩვენები. ამ ვიდეოში, წითელშარფიანი ქალბატონი, რომელიც შემოდის საკანში, გახლავთ სახალხო დამცველის წარმომადგენელი. დანარჩენი კი პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები და ერთი პატიმარია. ამ ვიდეოზე ჩანს, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენელი აბსოლუტურად თავისუფლად შედის საკანში, როგორც ამას გვავალებს კანონი, იმ მომენტში, როდესაც პატიმარი ეჩხუბება ექთანს. შემდეგ ეს პატიმარი სახეში აყრის მაგიდიდან, რაც მაგიდაზე დევს და წყალსაც ასხამს ექთანს. სახალხო დამცველის წარმომადგენელი ამას ესწრება. რა ხდება შემდეგ? შემდეგ ხდება ის, რომ ეს დავა გრძელდება და პატიმარი დაწვება, შეგვიძლია ეს გაჩვენოთ, მაგრამ გრძელი ვიდეოა. თუ ეჭვი შეგეპარებათ სიმართლეში, გაჩვენებთ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა ნინო ლომჯარიას ანგარიშის საპასუხოდ.

 

მინისტრის განმარტებით, ვიდეოში არის კადრები, სადაც პატიმარი დანას გადაამტვრევს, პირში ჩაიდებს და ყლაპავს.

 

„სახალხო დამცველის წარმომადგენელი ესწრება სცენას, პატიმარი ღელავს, ღელავს მას შემდეგ, რაც ექთანს მიაყენა შეურაცხყოფა, რომელიც უდრტვინველად აგრძელებს თავის საქმეს. შემდეგ წვდება პლასტმასის დანას, გადაამტვრევს, იდებს პირში და ყლაპავს დანის ერთ ნაწილს, რა დროსაც ჩვენი თანამშრომელი მამაკაცი ხელს ურტყამს პატიმარს სახეში, რომ ეს მისი ქმედება აღკვეთოს. როდესაც ყველაფერი სრულდება და გამოდიან გარეთ, ჩემი თანამშრომლები სახალხო დამცველის წარმომადგენელს აძლევენ ორ ოქმს ხელმოსაწერად და ეუბნებიან, მოაწერე ხელი, რომ თანამშრომელმა ხელი აჰკრა სახეზე პატიმარს, რაც დაუშვებელია და გთხოვთ, ასევე ხელი მოაწეროთ იმას, რომ პატიმარმა ექთანს შეაყარა სახეში ჭიქა, წყალი და ა.შ. პირველ ოქმს სახალხო დამცველის წარმომადგენელი ხელს აწერს, ხოლო მეორე ოქმის ხელმოწერაზე აცხადებს უარს, ეს არის თქვენი თანამშრომელი, ვინმე ქალბატონი ნათია. მე ვსვამ კითხვას, რა არის ეს მიკერძოება? ის დაინახეთ, რომ თანამშრომელმა ხელი აარტყა და ის ვერ დაინახეთ, რომ პატიმარმა ექთანს შეურაცხყოფა მიაყენა? ვფიქრობ, რომ ასე არ შეიძლება. ასევე, თქვენ მომიწოდებთ ამ ანგარიშში, რომ ექთანი და პატიმარი მარტო დატოვეთ ერთმანეთთანო. ასეთ პირობებშიც ერთად დავტოვოთ? თუ არ უზრუნველვყოთ ექთნის უსაფრთხოება?“ – მიმართა თეა წულუკიანმა ომბუდსმენს.

 

შეგახსენებთ, რომ დღეს, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე, სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ N2, N8, N14 და N15 პენიტენციურ დაწესებულებებში, სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგებზე მომზადებულ სპეციალურ ანგარიშთან დაკავშირებით, მოხსენება წარადგინა.

 

big_banner
არქივი