logo_geo
არასრულწლოვანი ცოლის ცემის გამო, მამაკაცს 3-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს
- +

23 იანვარი. 2020. 12:22

 

 

 

ჩაქვში მცხოვრებ მამაკაცს, არასრულწლოვან ცოლზე ფიზიკური ძალადობის გამო, 3 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს. აღნიშნული პიროვნება ორი წლის წინ, 15 წლის გოგონასთან სექსუალური კავშირის გამო გასამართლდა. მას პირობითი მსჯავრი გენესაზღვრა, გოგონა კი ცოლად შეირთო.

 

ამჯერად იგი არასრულწლოვან მეუღლეზე ფიზიკური ძალადობის გამო გაასამართლეს.

 

განაჩენის მიხედვით, ბრალდებულმა  ცოლს სახეში არაერთგზის დაარტყა ხელი. დაზარალებული ქალი 17 წლისაა.

 

ბრალდებულმა უდავოდ მიიჩნია ყველა მტკიცებულება, რომელიც ამ საქმეზე პროკურატურამ წარმოადგინა. სასამართლოსთვის ჩვენება არც დაზარალებულს მიუცია.

 

მოსამართლემ ოჯახში ძალადობისთვის ბრალდებულს 2 წლით და 5 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა დანაშაულის ჩადენის მომენტისთვის, ბრალდებულს სრულად მოხდილი არ ჰქონდა წინა სასჯელი – 2017 წლის 20 თებერვალს, ბრალდებულს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის შესაბამისად (სრულწლოვნის სექსუალური ხასიათის შეღწევა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში), ერთი წლით და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს, რაც ჩაეთვალა პირობით.

 

სასამართლომ, ბოლო განაჩენით, დანიშნულ სასჯელს, წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიც დაუმატა და საბოლოოდ, ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად სამი წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

 

 

big_banner
არქივი