logo_geo
ლევან დადუნაშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებულთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე, პროკურატურა თანახმა არ არის
- +

24 იანვარი. 2020. 13:04

 

ხორავას ქუჩაზე ლევან დადუნაშვილის მკვლელობაზე მსჯავრდებულ გუგა ბარბაქაძესთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე, პროკურატურა თანახმა არ არის.

 

აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს უზენაეს სასამართლოში საქმის პროკურორმა თორნიკე ნადირაძემ განუცხადა.

 

პროკურორის განმარტებით, გუგა ბარბაქაძეს როგორც ლევან დადუნაშვილის, ასევე დავით სარალიძის მკვლელობას ედავებიან, რასაც ბარბაქაძე არ აღიარებს.

 

რაც შეეხება დავით სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულ გიორგი ჯანაშიას, მასთან მიღწეული საპროცესო შეთანხმების პირობებზე პროკურორი არ საუბრობს.

 

„დღევანდელ სასამართლო პროცესზე განიხილება საკასაციო საჩივრები, რომელიც ბრალდებისა და დაცვის მხარის მიერ იქნა წარმოდგენილი. ასევე, განიხილავს შუამდგომლობას საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით გიორგი ჯანაშიას ნაწილში.

 

ვადასტურებ, რომ გუგა ბარბაქაძის ინტერესების დამცველის მიერ მოხდა გენერალური პროკურატურისთვის მომართვა საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით. ერთმნიშვნელოვნად და ცხადად შემიძლია განვმარტო, რომ ასეთი ტიპის მოლაპარაკება არ წარმოებს, ბრალდების მხარე არ არის თანახმა საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით. მარტივი პროცედურა რომ განვმარტო, იმისათვის, რომ საპროცესო შეთანხმება გაფორმებული იყოს, მინიმალური სტანდარტი გახლავთ ბრალის აღიარება. კონკრეტულ შემთხვევაში ბრალდების მხარე 2 ინსტანციის სასამართლოში მიუთითებდა და დღემდე მიუთითებს, რომ გუგა ბარბაქაძის მიმართ არსებობდა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადასტურებდა მის ბრალეულობას ორ ეპიზოდთან მიმართებით, როგორც ლევან დადუნაშვილის, ასევე დავით სარალიძის. ამ პოზიციას დაიჭერს ბრალდების მხარე უზენაეს სასამართლოშიც და ამ საკითხებთან დაკავშირებით, სამართლებრივად იდავებს“, - განაცხადა ნადირაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 1 დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, რომელსაც ორი მოზარდის, დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი არასრულწლოვანია მსჯავრდებულია - გიორგი ჯანაშია და გუგა ბარბაქაძე. დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით, დაკავებულია ასევე, მიხეილ კალანდია, რომლის საქმესაც თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს.

 

 

big_banner
არქივი