logo_geo
გორში მერვეკლასელს დანა და კასტეტი უპოვეს
- +

1 თებერვალი. 2020. 13:39

 

ინციდენტი მოხდა გორის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში - მერვეკლასელ ბიჭს დანა და ე.წ. კასტეტი უპოვეს. ინფორმაცია ანონიმურმა წყარომ სკოლის პედაგოგს მიაწოდა იმ დროს, როცა, სავარაუდოდ, მერვე კლასის მოსწავლე ცივი იარაღის გამოყენებას ცდილობდა.

 

შემთხვევა გორის მე-7 საჯარო სკოლაში გუშინ მოხდა. უცნობია, რატომ მიიტანა მოზარდმა სკოლაში დანა საგაკვეთილო პროცესის მსვლელობის დროს.

 

„კურიერი“ თავად მოზარდსაც ესაუბრა და დაუსვა კითხვები იმის შესახებ, ჰქონდა, თუ არა რაიმე სახის დაპირისპირება თანატოლებთან, თუმცა, მან ამ საკითხზე საუბარი არ ისურვა.

 

საქმე გადაეცა შინაგან საქმეთა სამინისტროს. უკვე დაიკითხა მოზარდი, მშობელთან ერთად. დაწყებულია გამოძიება. ცივი იარაღები გადაგზავნილია ექსპერტიზაზე.

 

ბავშვს ჰქონდა დანა წაღებული სკოლაში, ეს უნახა მასწავლებელმა და მაგის გამო გადავედით პოლიციაში. დილით თამაშობდა და მერე ჯიბეში ჩაიდო და გაიყოლა. დასვენებაზე ამოიღო, ათამაშებდა და მაშინ ჩამოართვეს“, – აცხადებს მოსწავლის მშობელი.

 

სკოლაში ცივი იარაღის მიტანისა და აღმოჩენის შემდეგ, სკოლის პედაგოგმა მანდატურის სამსახურს მიმართა. ამის შემდეგ კი, პროცესში პოლიციაც ჩაერთო, თუმცა, სკოლის დირექტორს იმ საკითხთან დაკავშირებით, თუ რატომ მიიტანა მოზარდმა სკოლაში დანა, საუბარი არ შეუძლია და ის მშობლის პასუხისმგებლობაზე საუბრობს.

 

კლასის დამრიგებელს ჰქონდა ინფორმაცია თავისი მოსწავლის შესახებ, რომელიც ფლობდა ამ ცივ იარაღს. გამოვლინდა კიდევ კასტეტი, ქამარია ჩვეულებრივი, ქამარს გააჩნია ეს თავისი შესაკრავი, რომლის გამოყენებაც შეიძლება, როგორც ვთქვათ კასტეტი. ესეც აღმოაჩნდა მავე მოსწავლეს.

 

მე ვფიქრობ, რომ მეტი მუშაობა უნდა გაეწია სახლში მშობლებს და მეტი მონიტორინგია საჭირო, მარტო სკოლა აღნიშნულ პრობლემებს ვერ უშველის, თუ მშობელმა არ გააკონტროლა სახლიდან, თუ როგორ გამოდის მისი შვილი სკოლაში“, - განაცხადა გორის #7 საჯარო სკოლის დირექტორმა ნოდარ იარღანაშილმა.

 

გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ნანა ტერმაკოზაშვილი ამბობს, რომ აღნიშნულ საკითხზე სკოლამ უნდა იმუშაოს.

 

სავარაუდოდ, ეს არის ასაკობრივი ცნობისმოყვარეობა და მიდრეკილება .. ბიჭური, კაცური საგნებისადმი, თანატოლებში არასწორი ღირებულებების საშიშროება შეიძლება იყოს და ამაზე სკოლამ უნდა იმუშაოს, რა თქმა უნდა“, - აცხადებს ნანა ტერმაკოზაშვილი.

 

გამოძიება რამდენიმე მიმართულებით მუშაობს. სკოლიდან ამოღებული ცივი იარაღები ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი