logo_geo
შესაძლოა, მსჯავრდებულს შეუზღუდავი რაოდენობით წერილების მიღების და გაგზავნის უფლება აღარ ჰქონდეს
- +

4 თებერვალი. 2020. 02:04

 

 

ბრალდებულს/მსჯავრდებულს შესაძლოა, აღარ ჰქონდეს უფლება, რომ შეუზღუდავი რაოდენობით გააგზავნოს და მიიღოს წერილები. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო „პატიმრობის კოდექსში“, „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ კანონში“, „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში“, „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“, „ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსსა“ და „სამოქალაქო საპროცესო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტის მომზადებას გეგმავს. ამის შესახებ 2020 წლის საგაზაფხულო სესიისთვის გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმაშია აღნიშნული.

 

დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, პენიტენციური დაწესებულება ბრალდებულის/მსჯავრდებულის კორესპონდენციის გაგზავნის უზრუნველყოფისას გაითვალისწინებს ადრესატის (მესამე პირის) სურვილსაც.

 

„პატიმრობის კოდექსის მოქმედი რედაქციით, ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს შეუზღუდავი რაოდენობით გააგზავნოს და მიიღოს წერილები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. პრაქტიკის ანალიზმა ცხადყო, რომ ცალკეულ შემთხვევებში, მოქალაქეები გამოხატავენ უკმაყოფილებას და აცხადებენ, რომ არ სურთ გარკვეულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მხრიდან წერილების მიღება. ამავე კანონპროექტით უნდა მოწესრიგდეს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიერ ტელეფონით სარგებლობის საკითხებიც“, - აღნიშნავს იუსტიციის სამინისტრო.

 

გარდა ამისა, იუსტიციის სამინისტრო საჭიროდ მიიჩნევს, საპროცესო კანონმდებლობაში განხორციელდეს შესაბამისი ცვლილებები და სასამართლოს მიენიჭოს უფლებამოსილება, დაადგინოს სასამართლო განხილვაში მსჯავრდებულის დისტანციურად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით მონაწილეობა.

 

 

big_banner
არქივი