logo_geo
პროკურორი: ბრალდებული ვიცე-პოლკოვნიკი მითვისებული მასალით, საკუთარ ეზოში ნაგებობებს აშენებდა
- +

4 თებერვალი. 2020. 13:01

 

 

თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ქონების მითვისების ფაქტზე დაკავებული ვიცე-პოლკოვნიკ გიორგი ჯოჯიშვილის მიმართ, პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.

 

როგორც პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს საქმის პროკურორმა დავით კვინიკაძემ განუცხადა, ბრალდებული მითვისებული სამშენებლო მასალებით, საკუთარი სახლის ეზოში, ნაგებობებს აშენებდა.

 

მისივე თქმით, დაკავებული ვიცე-პოლკოვნიკი ბრალს ნაწილობრივ აღიარებს.

 

„ბრალს ნაწილობრივ აღიარებს, თუმცა, გამოძიება მიმდინარეობს და ხდება სრული მოცულობის დადგენა. სამშენებლო მასალის უკან დაბრუნება მისი ნებით არ მომხდარა, საგამოძიებო მოქმედების შედეგად, გამომძიებლები მივიდნენ და ამოიღეს ეს მასალები. ამოღებულია ბლოკი, ე.წ.არმატურები, ასევე სხვადასხვა სახის სამშენებლო მასალა. ის, აღნიშნული მასალით, საკუთარ ეზოში სხვადასხვა შენობა-ნაგებობას აშენებდა. ბრალდებულმა სამშენებლო მასალები მიითვისა, რომელიც თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნის, აღნიშნულის მითვისება პერიოდულად ხდებოდა. მასალების მითვისების შემდეგ დოკუმენტებში ჩამოწერის აქტივში ჰქონდა ყალბი მონაცემები, თითქოს, ეს სამშენებლო მასალები გაიხარჯა ჩასატარებელ სამუშაოებში. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მოხდა საგამოძიებო მოქმედებების დაგეგმვა, ჩატარება. ამ ეტაპზე ბრალი მხოლოდ გიორგი ჯოჯიშვილს აქვს წარდგენილი, თუმცა, გამოძიება მიმდინარეობს“, -განაცხადა კვინიკაძემ.

 

კითხვაზე, შეესაბამება თუ არა სიმართლეს, რომ გიორგი ჯოჯიშვილს სამხედრო ბაზაზე მომუშავე ექთნები ძალადობაში ადანაშაულებენ, პროკურორი პასუხობს, რომ აღნიშნული ფაქტი მისთვის უცნობია.

 

„მოცემულ ფაქტთან დაკავშირებით ამ სისხლის სამართლის საქმეზე არანაირი ინფორმაცია არ მოიპოვება", - აღნიშნა კვინიკაძემ.

 

რაც შეეხება დაცვის მხარეს, ადვოკატი ნოდარ ცინცაძე არ გამორიცხავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ ინტერესი ვინმე კონკრეტულ პირს ჰქონოდა, თუმცა, იქვე დასძენს, რომ აღნიშნული პირი თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი არაა. ნოდარ ცინცაძე გიორგი ჯოჯიშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას მოითხოვს.

 

 

big_banner
არქივი