logo_geo
ბადრი პატარკაციშვილის საქმეზე კუდ-ის ორი ყოფილი თანამშრომელი ბრალს აღიარებს
- +

10 თებერვალი. 2020. 14:33

 

 

სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და განზრახ უკანონო დაკავების ფაქტზე ბრალდებული კუდ-ის ყოფილი თანამშრომელი, დავით ქოქიაშვილი და ილია გამგებელი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ ცნობენ, ლევან ქარდავა კი ბრალს არ ეთანხმება.

 

საქმე ეხება ურეკის პოლიციის ყოფილი უფროსის დაკავებას, რაც გამოძიების ინფორმაციით, უკანონოდ მოხდა. გამოძიების ინფორმაციით ჯემალ შამათავას 2006 წელს დაუკავშირდნენ კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნები და აცნობეს, რომ ურეკში მდებარე ბადრი პატარკაციშვილის სახლიდან მოეხსნა დაცვა, რადგან გაფრთხილების სახით უნდა მომხდარიყო გასროლა, რათა ბადრი პატარკაციშვილს პოლიტიკური საქმიანობა შეეწყვიტა.

 

ჯემალ შამათავამ კი ამის შესახებ აცნობა პატარკაციშვილის დაცვას. გამოძიების ინფორმაციით, სწორედ ამის გამო, ურეკის პოლიციის მაშინდელ ხელმძღვანელის წინააღმდეგ უკანონო ქმედებები დაიგეგმა და ის გაასამართლეს.

 

კუდ-ის ყოფილი ჩინოსნის, ლევან ქარდავას ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ მამხილებელი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება და ქარდავას წინააღმდეგ ახალი ბრალის წარდგენა უკავშირდება პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეს, სადაც ასევე ქარდავაა ბრალდებული და ადვოკატი დარწმუნებულია, რომ ამ საქმეში ქარდავა გამართლდება.

 

ბადრი პატარკაციშვილის საქმეზე, თბილისის პროკურატურამ კუდ-ის ორი ყოფილი თანამშრომელი 2019 წლის 12 ნოემბერს დააკავა.

 

მომდევნო სასამართლო სხდომა 18 თებერვალს, 12:00 საათზე მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება.

 

 

big_banner
არქივი